სამყაროს ისტორიის არცერთ თვალსაწიერ ეპოქაში არ ყოფილა პერიოდი ადამიანთა შორის დაპირისპირების, კონფლიქტის და ომის გარეშე.
მაგალითად სრულფასოვანი ოჯახის, სადაც ბაბუა, შვილი და შვილიშვილია, ერთი თაობა მაინც აუცილებლად იქნებოდა რომელიმე ომის მომსწრე – ან საკუთარ ქვეყანაში, ან მაღალი ალბათობით რეგიონში, ან უკიდურეს შემთხვევაში მსოფლიოს რომელიმე კუთხეში მაინც, ანუ ომი ნონსტოპ რეჟიმში მიმდინარეობს.
ილუზია 1: ომი ადამიანის ბუნებასთან შეუთავსებელია
კატაკლიზმური ფილოსოფია, რომლის თანახმადაც ომი ღვთის წყრომა, ადამიანის შეცდომა ან საერთაშორისო წესრიგის ნაკლის, დეფექტის ბრალია და ამიტომაც წარმოადგენს მხოლოდ გადახვევას, სრულიად მცდარია სინამდვილეში ომი ადამიანური მოვლენაა, მისი წარმოების ფორმები კი არის (კულტურული) ცივილიზაციის განვითარების მონაპოვარი, მაგრამ თვითონ ომი და ბრძოლა ადამიანის ბუნებრივ ინსტიქტს წარმოადგენს.
ომის მიზეზების შესახებ დისკუსიაში ცენტრალური ადგილი ადამიანურ მიზეზებს უჭირავს. დღესაც მიმდინარე დებატები ადამიანის აგრესიულობის შესახებ ორი არგუმენტის ჭიდილია: კონსერვატიული – აგრესიულობა ადამიანის ბუნებრივი შემადგენელია, ლიბერალური – აგრესიულობა სრულიად „აღზრდაზეა“ ანუ გარემოზეა დამოკიდებული.
ომი იმდენი ხნისაა, რამდენისაც ადამიანი. ასე რომ კაცობრიობა და ბრძოლა ერთად დაიბადა. თეოლოგიური სწავლებითაც 4 კაციანი მიკროსამყაროდან იწყება ადამიანის ძალადობის ისტორიაც კაენის მიერ აბელის მკვლელობით. თუმცა არა რელიგიურ, არამედ მეცნიერულად დადასტურებული პირველი „ცივილიზებულ“, არა პრეისტორიულ ბრძოლას ადგილი ჰქონდა ძვ.წ. 1479 წელს სირიის ტერიტორიაზე კადეშის ბრძოლა მეგიდდოსთან სირიელებსა და ეგვიპტელებს შორის. ამ სამხედრო შეტაკებამდე პრეისტორიული ომების და ბრძოლების ეპოქაა. საბედნიეროდ, ანთროპოლოგებისთვის ხელმისაწვდომი აღმოჩნდა დაკვირვების „ლაბორატორია“ ჩვენს ცივილიზაციის მოწყვეტით განვითარებულ და ჩვენს დრომდე ამ სახით მოსული ახალი გვინეის, ავსტრალიის აბორიგენების, ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელების, ალიასკის ესკიმოსების და იანომამოს სახით. ცივილიზაციისგან მოწყვეტილი ადამიანთა ეს ჯგუფი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ადასტურებს, რომ ომი მათი ბუნებრივი მდგომარეობა იყო. მათთან მიმართებით ჰობსი უფრო ახლოს აღმოჩნდა ჭეშმარიტებასთან, ვიდრე რუსო. თუმცა პრიმიტივიზმის წყალობით ამ ხალხებში გარდა გამოხატული აგრესიულობისა, არცთუ იშვიათი იყო ისეთი კონფლიქტებიც, როდესაც დაპირისპირებული ჯგუფები საბრძოლველად გაშლილ ველზე იკრიბებოდნენ და ერთმანეთის შიშით მხოლოდ „ხმაურობდნენ“ დღეების, ხშირად კვირეების განმავლობაში. ასეთი ბრძოლები უმეტესწილად მსხვერპლის გარეშე მთავრდებოდა.
ილუზიაა, რომ ველური ხალხი ცივილიზებულ ერებთან შედარებით უფრო სასტიკი მეთოდებით იბრძოდნენ. 1638 წელს ნარაგანსეტთან შეტაკებისას ინდიელები გაოგნებული აღმოჩნდნენ ინგლისელების ძალადობის ფორმებით. ბრძოლის წარმართველმა ინგლისელმა მეთაურმა ეს „გაურკვევლობა“ მარტივად და რაციონალურად ახსნა ფრაზით: „წინააღმდეგ შემთხვევაში ინდიელებს შეეძლოთ ებრძოლათ 7 წელი ისე რომ 7 კაციც არ მოეკლათ“. დღეს კი სრულებით წარმოუდგენელია, საომარმა მოქმედებებმა რამდენიმე კვირის განმავლობაში მსხვერპლი არ გამოიწვიოს.
პრეისტორიული ჯგუფების დაკვირვებით შეიძლება გაჩნდეს აზრი, რომ ბერძნული ომი, დასავლური ომის წარმოების აკვანი, ძალიან ჩვეულებრივი, პრიმიტიული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იწარმოებოდა. თავდაპირველი მათი ფორმა არა მარტო დღევანდელობასთან შედარებით, არამედ საბერძნეთის კლასიკურ ხანასთან შედარებითაც კი მცირე ინტენსივობის იყო. ეს ძირითადად მეზობელ სოფლებს შორის ზეთისხილის, ყურძნის და ხორბლის გამო წარმოებული ბრძოლებია. ამ ეპოქას „ფერმერების ომების“ პერიოდსაც უწოდებდნენ. როგორც ჩანს, რაც უფრო მარტივი იყო ადამიანური მოთხოვნილებები, მით უფრო მცირე მასშტაბის და ნაკლებ მსხვერპლს ჰქონდა ადგილი.
კლასიკური საბერძნეთის ეპოქაში დიდი იდეები სძენდნენ ომებს დიდ მასშტაბებს და მასთან ერთად ძალადობის გამოყენების „დახვეწილ“, „ეფექტურ“ ფორმებს. რომ არა ბერძნული ცხოვრების წესების იდეა, კრეატიული საბერძნეთის ფილოსოფია პრიმიტიულ მოთხოვნილებებზე ორიენტირებული ბერძნები ვერ იომებდნენ უკვე ბევრად მასშტაბური მარათონის ბრძოლაში. წინამორბედთა პრიმიტიული მოთხოვნილებები უბრალოდ არ იქნებოდა მოტივი ბრძოლისთვის.
კლასიკური საბერძნეთის ხანაში თვით უკვე ორგანიზებული ჰოპლიტების არსებობისას, ბრძოლების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის აბსოლუტური უმრავლესობა მოდიოდა ე.წ. „ჭყლეტაზე“. ძირითადად არეულობების, შიშის, პანიკის მუდმივი ხასიათის გამო ჯარისკაცები თანამებრძოლებს თელავდნენ მტრის შიშით გამოწვეული გაქცევის და უკან დახევის დროს. დღეს ასეთ სურათს ვერსად შეხვდებით, ყოველ შემთხვევაში თანამედროვე ორგანიზებულ არმიებში.

კაცობრიობის ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებასა და ახალი იდეების გაჩენასთან ერთად ომი განიცდიდა პარალელურ ევოლუციას ბერძნული ჰოპლიტიდან მომავალ ლეგიონებამდე.
რომის რესპუბლიკასთან ერთად ომის წარმოებამ, მისმა მასშტაბებმა და მის მიერ გამოწვეულმა ლეტალურმა შედეგებმაც პიკს მიაღწია. განვითარების მწვერვალზე რომმა ნახევარმილიონიანი არმიის შექმნა მოახერხა. ამავე დროს ეკონომიკური ვარდნის პერიოდში სამხედროების რაოდენობა 5-10 ათასამდე დაეცა, ომების ოდენობაც შემცირდა.
რენესანსი არ იყო მხოლოდ ანტიკური ფილოსოფიის და ხელოვნების ხელახლა აღმოჩენის ხანა, ის ზუსტად იმავე დოზით ომის და მისი წარმოების ფორმების აღმოჩენაა. თვით რენესანსსაც კი ომებმა მისცა შანსი. რომ არა მარათონის და სალამინის ბრძოლები, არ იქნებოდა ბერძნული ცივილიზაცია, არც პლატონი და არც არისტოტელე; რომ არა ტურსის (732 წ.) და ლეხის ბრძოლები (955 წ.) არ იქნებოდა რენესანსი.
I და II მსოფლიო ომების შუალედში ომის მიზეზების კვლევის უკვე დიდი ინტერესი არსებობდა. სწორედ ამ პერიოდის – 1932 წლის აინშტაინის და ფროიდის ცნობილი წერილებიც ეხება ამ საკითხს. ორივე თვლიდა, რომ ომის მიზეზები აგრესიულობის და განადგურების ელემენტარულ ადამიანურ ინსტინქტებში უნდა ვეძებოთ. აინშტაინის აზრით ადამიანის ბუნება შეიცავს სიძულვილისა და განადგურების თანდაყოლილ ინსტინქტს, ფროიდი კი დარწმუნებული იყო, რომ მიაგნო ადამიანის „მკვლელობის ინსტინქტს“ სუიციდის სახით. კონრად ლორენცმა კი თავის უნიკალური დაკვირვებით თევზებზე და ფრინველებზე დაასკვნა, რომ აგრესიულობის ინსტინქტი ყველა ცოცხალი არსების თანდაყოლილი გენეტიკური შემადგენელია, რომლის გააქტიურება განპირობებულია გადარჩენის სურვილით, მათ შორის ადამიანებში. სწორედ ამ შეხედულებას ორი ათასი წლით ადრე ეხმაურებოდა ბიბლიური პასაჟი: „ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე“ (დაბ.8.21). ომის ადამიანური ბუნებიდან გამომდინარეობის არგუმენტს დაუპირისპირდა ადამიანური მორალის იდეა, თუმცა მორალური ვალდებულებები ხშირ შემთხვევაში თავად წარმოადგენენ ომის მოტივატორს, მაგალითად ჰუმანიტარული ინტერვენციის სახით. ასე რომ ორივე შემთხვევაში ომის მიზეზი ადამიანის ბუნებაშია.

ადამიანისთვის იმდენად ახლოა ძალის გამოყენებით მიზნის მიღწევა ანუ ომი, რომ ის ასეთ ძალადობრივ საქციელს ღმერთს მიაწერს. ბიბლიაში ომის სრული სპექტრია ამ თვალსაზრისით წარმოდგენილი, ძალადობის ეტაპობრივი ზრდა მიზნის მიღწევამდე. ღმერთი ჯერ ულტიმატუმს უყენებს ფარაონს, რომელიც არ ემორჩილება მის ნებას და არ უშვებს ებრაელებს, რამდენიმე ძალადობრივი აქტის განხორციელების შემდეგ კი როცა მიზანი ჯერაც არ იქნა მიღწეული, ღმერთი უკიდურესად ამწვავებს ძალადობრივ აქტებს იმის მისაღებად რაც სურს: „შუაღამისას მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან დილეგში მჯდომი პატიმრის პირმშომდე და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული… შეიქმნა დიდი გლოვა ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, სადაც მკვდარი არ ჰყოლოდათ“ (12/29.30). ეს არათუ არაადამიანური, არამედ ზეადამიანური ქცევაა. ადამიანს რელიგიაშიც, თუნდაც ქვეცნობიერად, მაგრამ მაინც გააჩნია საფუძვლები იყოს ბუნებით ომის გამომწვევი.
ომის მიმართ ადამიანებს ყველაზე დიდი ემოციები აკავშირებთ, როგორებიც კი შეიძლება განიცადონ, ისეთები როგორიცაა სიკვდილი და სიცოცხლე, გამარჯვება და მარცხი. ადამიანის ომის მიმართ ასეთმა ემოციური დამოკიდებულებამ გამოიწვია საუკუნეების განმავლობაში ილიადას და ოდისევსი ჯერ ზეპირსიტყვიერად გადაცემა თაობიდან თაობაზე, შემდეგ კი იგივე სენტიმენტები ჰომეროსმა გარდაქმნა წიგნად.
პირველყოფილი ადამიანის პრიმიტიული მხატვრობაც ბრძოლებს გამოხატავს ადამიანთა და ცხოველთა სამყაროსთან. ასე ომი ადამიანის სულიერი, ესთეტიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც კი იქცა. აქილევსის და ჰექტორის ბრძოლა არა მარტო მეტყველებს ადამიანის უდიდეს გრძნობებზე, ის ამავდროულად თეატრია, მაყურებლების თვალწინ მიმდინარეობს და აპლოდისმენტებსაც იმსახურებს. ორთაბრძოლა თეატრის და სპორტული თამაშების ემოციებს ერთნაირად იწვევდა. ადრეულ შუა საუკუნეებში ბრძოლებისთვის სპეციალურად ირჩევდნენ მაყურებლისათვის ხელმისაწვდომ და თვალსაჩინო ადგილს. მოგვიანებით, შუა საუკუნეების ერთ-ერთი სისხლისმღვრელი დაპირისპირება – აზენკურის ბრძოლა 1415 წელს იქვე გორაკზე მყოფი მაყურებელთა თვალწინ მიმდინარეობდა. 1816 წელს კი უკვე ვაშინგტონში, ათასობით საზეიმოდ გამოწყობილი ვაშინგტონელი ქალი და კაცი გამოვიდა ქუჩაში Bull Run-ის პირველი ბრძოლისთვის თვალის სადევნებლად, თითქოს დიდ ღია კინოთეატრში ყოფილიყვნენ. თანამედროვე ომებს და ბრძოლებსაც არ აკლდება ცოცხალი მაყურებელი თუ ამის საშუალება იარსებებს, თბილისის ომსაც ყავდა მაყურებელი რუსთაველზე. სპორტულ თამაშებშიც ადამიანის ძალადობრივი ინსტინქტები ომის, ბრძოლის ემოციას ეხმიანება. გლადიატორების „თამაშებიდან“ მოყოლებული მუდმივ პოპულარობას ინარჩუნებს ისეთი შეჯიბრებები და სპორტის სახეობები, სადაც აშკარად გამოკვეთილი ბრძოლის იმიტაციაა – ჭიდაობა, კრივი, სხვა ხელჩართული ბრძოლები უდიდესი პოპულარობით სარგებლობს დღესაც. ფეხბურთი, კალათბურთი და რაგბი კი ნაციონალური სიამაყის ინტერესის ისეთ დაკმაყოფილებას წარმოადგენს, რომ მათში გამარჯვება ხშირად ომში გამარჯვების იმიტაციას ქმნის. როდესაც საქართველოს რაგბის ნაკრები რუსეთის ნაკრებს ამარცხებს, თითოეული ქართველი მიუხედავად იმისა არის ის უშუალოდ რაგბის გულშემატკივარი თუ არა ქვეცნობიერად მაინც განიცდის „მტრის დამარცხების“ ემოციას, სიხარულს. ესეც, რათქმაუნდა, მტრის დამარცხების ილუზიაა, მაგრამ მცდარი წარმოდგენაა ისიც, რომ ჩვენი ეპოქის ადამიანი დაცლილია ანტიკური, შუასაუკუნებრივი ბრძოლის ემოციის და მის მიმართ ცხოველური სიყვარულისგან. XXI საუკუნის ადამიანი ძველი ბერძნებისგან განსხვავებით უფრო პრეტენზიულია ბრძოლის ეფექტების, ძალადობის სცენების კარგად დანახვის მიმართ ფართო ეკრანებზე კინოთეატრებში, ჩვენ დღეს უფრო დიდი ინტერესით და უფრო მეტნი ვუყურებთ იმ ბრძოლებს, რომელიც წარსულისთვის გვაქვს თითქოს ჩაბარებული – ვირტუალურ სამყაროში კომპიუტერული თამაშებით გაჩაღებულ ომებში ბევრად მეტი ადამიანი და უფრო დიდი ინტენსივობით არის ჩართული ვიდრე რომელიმე ბრძოლაში, რასაც ჩვენ ასეთ შემთხვევაში აზარტს ვეძახით სწორედ ის არის რაც ადამიანის ბუნების ძალადობრივი შემადგენლის სახით ომის წარმომქმნელი ხდება.
ასე რომ ადამიანური ინსტინქტებისთვის რელიგიურ-პოლიტიკური დოქტრინებით გვერდის ავლა არ გამოდის. ბოლოს და ბოლოს ომის ასეთი სახის ადამიანურ მიზეზში მდგომარეობს პრეისტორიულ ხანაში ჰომოსაპიენსის გამარჯვება ნეარდენტანელზე დედამიწაზე ექსკლუზივის მოპოვების სახით. გადარჩენისათვის ბუნებრივ კონფლიქტში, რომ არა ასეთი ადამიანური ინსტინქტები, ჩვენ ნამდვილად არ ვიარსებებდით. ასე რომ შეიძლება გავექცეთ რეალობას მხოლოდ იმიტომ რომ მისი ჟღერადობა არ მოგვწონს, სინამდვილეში ვერსად გავექცევით, ერთადერთი შანსი დაგვრჩება თუ გაქცევას შევეცდებით – თავი ამოვყოთ ილუზიაში.
ილუზია 2: თანამედროვე ეპოქაში ომების ადგილი არ არის
დღეს ბევრს დაუსაბუთებლად სჯერა, რომ ჩვენ უკვე განსაკუთრებულ ეპოქაში ვცხოვრობთ – XXI საუკუნის „უნიკალურ ერაში“, კაცობრიობის განვითარების უკანასკნელ საფეხურზე, მივაღწიეთ ან უარეს შემთხვევაში მცირე ნაბიჯი გვაშორებს დედამიწაზე კეთილმეზობლურ თანაცხოვრებას და საყოველთაო თანხმობას. შესაბამისად, წარსულის ძალადობრივ ომებს არაფერი აქვთ საერთო დღევანდელობასთან და არც მომავალში ექნებათ ადგილი – ეს თითქოს გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ. შესაბამისად ჩნდება ილუზია, რომ ომებისგან თავისუფალ, მშვიდობიან ეპოქაში ვცხოვრობთ.
შეცდომაა მოსაზრება, რომ ჩვენი ეპოქა უნიკალურია პროგრესული მიღწევების თვალსაზრისით, რომლის წყალობითაც თითქოს დაძლეული გვაქვს პრიმიტიული ადამიანური ინსტიქტები და ვიმყოფებით მორალური, ჰუმანური განვითარების პიკზე. ეს მიდგომა გამომდინარეობს წარსულის არასათანადო ცოდნიდან და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მისი არასათანადო ანალიზიდან.
ბევრისთვის „XXI საუკუნე“ თითქოს არა ცივილიზაციის განგრძობადობის, თანმიმდევრული განვითარების მორიგ ეტაპს ნიშნავს, არამედ სულ სხვა განზომილებაში გადასვლას, თითქოს XXI საუკუნეს ვანიჭებთ ვალდებულებას და შესაძლებლობასაც „გამოცვალოს ადამიანის ბუნება“. თუმცა ასეთი ეიფორიული ეპოქალური უნიკალურობის განცდა მარტო ჩვენი ეპოქის მახასიათებელი არ არის, ასე უყურებდა საკუთარ თავს თითქმის ყველა ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე. ალბათ, ძნელი აღსაქმელი არ არის რა შეუძლია გამოიწვიოს ასეთ ილუზიას ომთან მიმართებით. განმანათლებლობის ეპოქამ წარმოშვა ერთგვარი რწმენა იმისა, რომ ცივილიზაციის განვითარება თავისთავად გულისხმობდა ძალადობის აღმოფხვრას საზოგადოებაში. ამ მიდგომამ მეტნაკლებად გააქრო ომის თემა პოლიტიკური და სოციალური აზროვნებიდან. ასე რომ ძალიან დიდხანს ემილ დიურკჰაიმამდე მთავარი სოცილოგები ომს არც კი უყურებდნენ როგორც მათი შესწავლისთვის მნიშვნელოვან, პრობლემატურ საკითხს, დარწმუნებულნი იყვნენ რა რომ მომავალი აუცილებლად ისედაც მშვიდობიანი იყო.
სწორედ ასეთი უნიკალური განვითარების ილუზია ჰქონდა ცივილიზაციისგან მოწყვეტილ ბრაზილიისა და ვენესუელას ჯუნგლებში მობინადრე იანომამოს 10 000 კაციან პოპულაციას.

მათი აღმოჩენის მომენტისთვის ისინი წარმოადგენდნენ ნამდვილად პრიმიტიულ ხალხს, პირველყოფილ სამყაროს, რომელსაც ახასიათებდა ცხოველური ძალადობის ელემენტები. ერთმანეთში ომი მათთვის ბუნებრივ, ჩვეულებრივ, ყოფით მოვლენას წარმოადგენდა. პრიმიტიული სამყაროს ამ ლაბორატორიის შესწავლა აწარმოა ანთროპოლოგმა ნაპოლეონ შანიონმა 1964 წელს. რამდენიმე თვის განმავლობაში იანომამოს გარემოცვაში ცხოვრების შედეგად უამრავ ღირებულ დასკვნასთან ერთად მისმა დაკვირვებებმა ის მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ეს პრიმიტიული ხალხი საკუთარ თავს მიიჩნევდა ყველაზე მშვიდობიან, ყველაზე სრულყოფილ სახეობად ადამიანებისა, რასაც კი დედამიწაზე უცხოვრია. მათაც კი საკუთარი რეალობა „პროგრესული“, „უნიკალურად განვითარებული“ ეგონათ. ცხადია ეს იანომამოს ილუზია იყო.
საკუთარი ეპოქისადმი კი ისეთი მოლოდინი, რომ ის ადამიანის ბუნებიდან გააქრობს ომის, ბრძოლის თუ ძალადობის დნმ-ს ისეთი ილუზიაა, რომ იწვევს წარსული გაკვეთილების მიმართ ინტერესის სრულიად გაქრობას, მის არ შესწავლას, რაც თავის მხრივ წინაპირობაა მომავალში კატასტროფული შეცდომების და მარცხების. დღეს კი ილუზია ისაა რომ სამხედრო კონფლიქტი, თანაც მასშტაბური და სასტიკი სახით მკვდარია და მხოლოდ წარსულის მიგნებაა. სინამდვილეში ომი ცოცხალია, ცივილიზაციის განვითარების წყალობით ქცეულია უფრო ძლიერად, დამანგრევლად და სისხლიანად.
ჩვენს ილუზიას ჩვენი ეპოქის უნიკალურობის, ციფრული ტექნოლოგიების, ინტერნეტის და სოციალური ქსელების გამო არაფრით ჩამოუვარდებოდა XIX საუკუნის ილუზია, რომელიც რკინიგზის და ტელეგრაფის გამოგონებით თანამედროვე მსოფლიოში ომის შევიწროვებას და მომავალში გაქრობას ვარაუდობდა. 1858 წელს ევროპის და ამერიკის კონტინენტების დაკავშირება ტელეგრაფის კაბელის ატლანტიკაზე გაყვანით ისეთი საოცრება იყო, ადამიანებმა ომის საფრთხე წარსულს ჩააბარეს, ამიტომაც სრულიად ბუნებრივად ჟღერდა ამ „ომის აღმომფხვრელი“ კაბელით გაგზავნილი პირველი ფრაზები „დიდება უფალს, მშვიდობას, რომელიც გვიწყალობა ადამიანებს“. სინამდვილეში კი როგორც დღეს ციფრული ტექნოლოგიები და ინტერნეტი, მაშინ ტელეგრაფი დიდ წილად ომისთვის იქნა გამოყენებული. რკინიგზასთან ერთად მისმა ეფექტმა არ დააყოვნა და ომი უფრო მასშტაბური და ინტენსიური გახადა.
I მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდს ისედაც უწოდებენ ილუზორული მშვიდობის ხანას, მაგრამ ეს გამოწვეულია ძირითადად მხოლოდ ერთი არგუმენტით – დროულად არ იქნა დანახული მოქმედების აუცილებლობა II მსოფლიო ომის არ დასაშვებად. თუმცა II მსოფლიო ომის ფაქტორის გარეშეც, I მსოფლიო ომს დედამიწაზე ნამდვილად არ მოჰყოლია ისეთი მშვიდობა როგორი ილუზიაც შეიქმნა. სინამდვილეში, მსოფლიო ომებს შორის პერიოდიც დახუნძლული იყო საომარი მოქმედებებით. 1918-39 წლებში, 21 წლის მანძილზე 40-ზე მეტ ომს ქონდა ადგილი, მათ შორის სახელმწიფოთა შორის, სამოქალაქო ომებს და სამხედრო აჯანყებებსაც, მაგალითისთვის რუსეთ-საქართველოს ომი, ესტონეთის ომი თავისუფლებისთვის, ლიტვის ომი თავისუფლებისთვის, რუსეთ-პოლონეთის ომი, ესპანეთის სამოქალაქო ომი, ნიკარაგუის სამოქალაქო ომი, ჩინეთის სამოქალაქო ომი, თურქეთ-საბერძნეთის ომი, იტალია-ეთიოპიის ომი და სხვა. შეუძლებელია 21 წლის მანძილზე 40-ზე მეტი ომის, მათ შორის მრავალწლიანი ომების ხანაში თვლიდე, რომ მშვიდობის ეპოქაში გიწევს ცხოვრება.
1945 წლის შემდეგ XXI საუკუნის დადგომამდე კიდევ უფრო მძიმე სურათის მომსწრენი ვართ, ცივი ომის ეპოქა, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი პერიოდია. 1945-2000 წლებში 120 სამხედრო კონფლიქტზე მეტს ჰქონდა ადგილი, ამ პერიოდში კაცობრიობამ 60 მილიონზე მეტი მსხვერპლი გაიღო. მიუხედავად ამისა, არსებობდა მშვიდობის ილუზია, რაც გამოწვეული იყო, მათ შორის, სამხედრო სტრატეგიულ აზროვნებაში ბირთვული ომის საფრთხის დომინირებით. იმდენად დიდი იყო მსოფლიოში ბირთვული დაპირისპირების შიში, რომ სხვა სახის სამხედრო კონფლიქტები უმნიშვნელოდ და ნაკლებ საყურადღებოდ ჩაითვალა.
არა მარტო XX საუკუნეს ახასიათებდა ომის უწყვეტობა მსოფლიო მაშტაბით, არამედ დღესაც შეიძლება მსოფლიო რუკის ვიზუალიზაცია სამ ფერში: პირველი, რომელიც იმყოფება ან ჩართულია ომში, მეორე რეგიონებად, რომელიც იმყოფება ომის წინარე ვითარებაში და მესამე – ომგამოვლილი რეგიონები. ასე რომ ჩვენი ერა ნამდვილად არ არის უნიკალური იმ თვალსაზრისით, რომ მან სხვა ეპოქებთან შედარებით მეტი შეძლო „ომის მოსათოკად“, რომ არაფერი ვთქვათ ომის მიზეზების მოსპობაზე.
სინამდვილეში, კაცობრიობის პროგრესმა კი არ გააქრო ან შეასუსტა, არამედ უფრო დახვეწა სამხედრო კონფლიქტების და ძალადობის გამოყენების ფორმები. ისტორია ადასტურებს, რომ სხვა მიზეზებთან ერთად პროგრესული იდეები და ამ იდეებისთვის ბრძოლა წარმოშობენ ომებს, ხოლო ომები ახდენენ ამ იდეების იმპლემენტაციას.
ილუზია 3: საერთაშორისო ვაჭრობა ომს გამორიცხავს
ინდუსტრიალურ მანჩესტერში დაბადებულმა ფილოსოფიამ ვაჭრობით ომის ჩანაცვლების თაობაზე მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ილუზიას, რომ ხალხებს და სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის განვითარება სრულად აღმოფხვრიდა ომის სურვილს და საჭიროებას. იმ მომენტისთვის მოძველებულად და არარელევანტურად მიაჩნდათ ბრიტანული ინდოეთის სავაჭრო კომპანიის მიერ წარმოებული ოპერაციები. სრულიად იგნორირებული აღმოჩნდა გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი პირველი გზამკვლევის ინდოჩინეთში ჰოლანდიური სავაჭრო ძალის ერთ-ერთი პირველი დამფუძნებლის იან პიტერსზოონ კუნის დაკვირვების შედეგი, რომ ვაჭრობის განხორციელება შეუძლებელია ომის წარმოების გარეშე, ისე როგორც ომის წარმოდგენაა შეუძლებელი ვაჭრობის გარეშე.

სწორედ სავაჭრო ურთიერთობებით ომის ინსპირირების ნამდვილ მაგალითს წარმოადგენდა სუეცის არხის აშენება, რომელსაც სულ რამდენიმე წელში – 1882 წელს მოჰყვა ეგვიპტის ომი. ეს ომი ერთდროულად სუეცის არხის გამოყენებით და სუეცის არხისთვისაც მიმდინარეობდა. სხვათაშორის უფრო გვიანაც – 1956 წელს ისრაელ-ეგვიპტის ომის მიზეზი ისევ ეს არხი გახდა. საერთაშორისო ვაჭრობით ომის შევიწროების ილუზიამ პირდაპირ გამოიწვია რამდენიმე ომი, მაგალითად, 1839-1842 წწ. ოპიუმის ომი ჩინეთში, ვაჭრობაში „ღია კარის პოლიტიკის“ პოპულარიზაციის მიზეზით იქნა 1899-1901 წლებში მოკრივეთა აჯანყების სახელით ცნობილი ომი ჩინეთსა და რვა სახელმწიფოს კოალიციას შორის.
ილუზია 4: ბირთვული დაპირისპირების საფრთხე კონვენციური ომების შესაძლებლობას გამორიცხავს
სტრატეგიულმა აზროვნებამ შექმნა ილუზია, რომ მასობრივი განადგურების იარაღის ეპოქაში კონვენციური ომები ნელ-ნელა აზრს კარგავდა. დღემდე სათანადოდ გათვითცნობიერებული არ არის, რომ ბირთვული იარაღი არ აღმოჩნდა კონვენციური ომების შემაკავებელი. უფრო მეტიც, ყველა ბირთვულმა სახელმწიფომ მონაწილეობა მიიღო კონვენციურ ომებში – საბჭოთა კავშირი ავღანეთში, ამერიკა კორეასა და ვიეტნამში, ინგლისი ფოლკლენდში, საფრანგეთი ალჟირში, ინდოეთი პაკისტანთან, ჩინეთი ვიეტნამთან, მათ შორის კოალიციური სახით ბირთვული სახელმწიფოების ერთობლიობა იყო ჩართული სპარსეთის ყურის და იუგოსლავიის ომში, რუსეთი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. ბირთვული ორი სუპერ ძალა კონვენციურ ომებში დამარცხდა – საბჭოთა კავშირი ავღანეთში და ამერიკა ვიეტნამში. ილუზია აღმოჩნდა, რომ ბირთვული იარაღი ზოგადად ომებს შეამცირებდა, აგრეთვე ილუზია აღმოჩნდა ის რომ „ბირთვული პასუხისმგებლობით“ აღჭურვილი დიდი ძალები კონვენციურ ომს არ წამოიწყებდნენ, ილუზია აღმოჩნდა ის, რომ ბირთვულ ძალას კონვენციური ძალა არც გაუბედავდა ომს, ილუზია აღმოჩნდა ის, რომ ბირთვული ძალა ომში ვერ დამარცხდებოდა არაბირთვული ძალის მიერ.
როგორც ჩანს, მართებული ხედვა 1946 წლის ჯერ კიდევ არაბირთვულმა საბჭოთა სამხედრო დოქტრინამ ჩამოაყალიბა, რომლის თანახმადაც „ატომური ბომბი გამიზნული იყო სუსტი ნერვების მქონე ადამიანების შესაშინებლად, მაგრამ მას არ შეუძლია გადაწყვიტოს ომის შედეგი“.
ილუზია 5: ქალები სახელმწიფოს მმართველობაში ამცირებს სამხედრო კონფლიქტების შესაძლებლობას
ხშირად გაიგებთ მოსაზრებას, რომ ქალების მიერ სახელმწიფოს ხელმძღვანელობა, ქალების ჩართულობა სახელმწიფოს მმართველობაში მათი ნაკლებ აგრესიული ბუნების გამო ამცირებს სამხედრო კონფლიქტების შესაძლებლობას. ასეთი ხედვაც ილუზიაა, რადგან ისტორიას ბევრი აქვს საწინააღმდეგო მაგალითები დედოფალ ვიქტორიას, დედოფალ ელიზაბეტის, ჟანა დარკის და თუ გნებავთ თამარ მეფის სახით. თუმცა ამ იდეის პოპულარიზაციის ეპოქაშიც ინდირა განდის, გოლდა მეიერის და მარგარეტ ტეტჩერის ნაბიჯებმა დაადასტურა ამ მოსაზრების უსაფუძვლობა. სამივემ აწარმოა სამხედრო მოქმედებები, გარდა ამისა, გოლდა მეიერის იომ ქიფურის ომი იყო ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ისრაელის ისტორიაში, მის მიერვე იქნა პირადად სანქცირებული მიუნხენის ტერაქტის ორგანიზატორების ლიკვიდაციაც. ინდირა განდიმ ომის გარდა ინდოეთში კარგა ხნით შეზღუდა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. მარგარეტ ტეტჩერის შემთხვევაში დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ არც მისი წინამორბედი და არც ბრიტანეთის შემდგომი პრემიერი არ წამოიწყებდა ომს ლონდონისგან ათასობით კილომეტრით დაშორებული მცირე ტერიტორიისთვის – ფოლკლენდის კუნძულებისთვის. მარგარეტ ტეტჩერის პოლიტიკის გამოვლინება იყო ირლანდიელი პატიმრების შიმშილობის იმ დონემდე იგნორირება, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია. ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა თანამედროვე დემოკრატიაში.

ილუზია 6: განვითარების დღევანდელ ეტაპზე საომარი მოქმედბები უფრო „ჰუმანურია“
თანამედროვეობა ქმნის კიდევ ერთ ილუზიას, თითქოს ჩვენს ეპოქაში წარმოებული ომები შეუდარებლად უფრო ჰუმანურია, ვიდრე წარსულის, შუა საუკუნეების, ანტიკური თუ პრეისტორიული. თუ წარმოვიდგენთ ხელჩართული ბრძოლების ეპოქას და დეტალურად დავაკვირდებით ბრძოლის წარმოების პროცესს, აღმოვაჩენთ ერთ კანონზომიერებას – კაცობრიობა გამანადგურებლისთვის მუდმივად აადვილებს განადგურების პროცესს. ადამიანებს წარსულში უჭირდათ საკუთარი ძალადობრივი ელემენტის რეალიზება, უპირველესყოვლისა სწორედ რომ შინაგანი მორალური ფაქტორების გამო. ახალი გვინეის აბორიგენებზე დაკვირვებით რიჩარდ გაბრიელმა აღმოაჩინა რომ აბორიგენები გაწაფულნი იყვნენ ისრების მიზანში სროლაში, მაგრამ ნადირობისას. ამავე დროს, საომარ ვითარებაში ისინი ისრების ბოლოებს ბუმბულს აცლიდნენ, რის გამოც უკიდურესად ცუდად გამოსდიოდათ სროლა მიზანში, ვინაიდან სურდათ ნაკლები მსხვერპლი ყოფილიყო. ამერიკის ინდიელთა ჯგუფი ბრძოლაში ადამიანის მოკვლაზე მნიშვნელოვნად საერთოდ ხელის შეხებას, ერთგვარ რიტუალს უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევდა. ბერძნული ბრძოლები რეალურად მსხვერპლის უდიდეს ნაწილს საკუთარი არეულობის გამო იწვევდა. შუა საუკუნეების რაინდთა ეპოქაში ბრძოლები ხშირად სპორტული შეჯიბრის ხასიათს ატარებდა.
გამოგონების შემდეგ არტილერია იწვევდა ძირითად მსხვერპლს და არა კონტაქტური ორთაბრძოლები. ცეცხლსასროლი იარაღის დანერგვის შემდეგაც ადამიანი მაინც ცდილობდა ნაკლებ სასტიკი ყოფილიყო. მაგალითად ცნობილი გეთისბურგის ბრძოლის შემდეგ ველზე ნაპოვნი თოფებიდან 90% დატენილი და გაუსროლელი იყო, მათგან ნახევარი კი საერთოდ ერთხელ აღმოჩნდა დანატენი, ანუ არც ერთი გასროლა არ იყო განხორციელებული. მცდარი წარმოდგენაა, რომ წარსულში ნაკლებად განვითარებული ადამიანები ჩვენზე სასტიკები იყვნენ და ჩვენ უფრო ჰუმანური ეპოქა ვართ და ამაში ხელს გვიწყობს საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური წინსვლის პროცესი. ხმალმომარჯვებული მეომრის ეპოქაში მტრის განადგურება მისთვის თვალებში ჩახედვას ითხოვდა, შესაბამისად, ადამიანს საკუთარი ძალადობრივი ბუნების გამოსავლენად უკიდურესად დიდი ფსიქოლოგიური მზადყოფნა ჭირდებოდა, დღევანდელი ტექნოლოგიური წარმატებები იძლევა შესაძლებლობას, ჩვეულებრივი სამხედრო დილით სახლიდან გამოვიდეს, სამსახურში მივიდეს, სადაც 8 საათიანი სამუშაო დროის განმავლობაში ერთი ხელით ყავას სვამდეს, მეორეთი კი ღილაკს დააჭიროს, რაკეტები, უპილოტო დანადგარები აამოქმედოს, ათასობით კილომეტრში ათეულობით ადამიანი გაანადგუროს, ისე რომ არანაირი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალისხმევის დაძაბვა არ დაჭირდეს. სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგ სახლში ან ბარში წავიდეს ლუდის დასალევად. ომი მხოლოდ იმით კი არ არის მეტნაკლებად ჰუმანური რამხელა მსხვერპლს იწვევს, არამედ უმეტესწილად იმით, თუ რა მორალური ფასი უჯდება ამ ომში განადგურების გამოწვევა განმანადგურებელს. ასე რომ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი არათუ იწვევს ადამიანის ბუნებრივი ძალადობის ინსტიქტების მოთოკვას, არამედ პირიქით.
ილუზია 7: თანამედროვე ომები მოკლევადიანია
XXI საუკუნის ერთი ილუზია „გლობალური სოფლის“ იდეიდან გამომდინარეობს. თითქოს ტექნოლოგიური წინსვლის და კომუნიკაციის განვითარების შედეგად სამყარო იმდენად აჩქარებული და „დაპატარავებულია“, რომ თუ ომს ექნება ადგილი წარსულისგან განსხვავებით ის აუცილებლად მოკლე, სწრაფი და ნაკლებმსხვერპლიანი იქნება. ამ მოსაზრებას ამყარებს ის არგუმენტიც, რომ თითქოს გრძელვადიანი ომის წარმოება დიდ ხარჯებს ითხოვს და ეკონომიკური თვალსაზრისით მიზანშეუწონელია.
ასეთი ილუზია უკვე არსებობდა XX საუკუნის დასაწყისში, I მსოფლიო ომის წინ არსებული ვითარება არანაკლებ საფუძველს იძლეოდა ზუსტად ამგვარი არგუმენტებისთვის. ტელეგრაფი, რკინიგზა, ლოჯისტიკაში ეპოქალური გარღვევა კონსერვირებული საკვების სახით ქმნიდა შესაძლებლობას ჯარების უსწრაფესი, აქამდე არნახული სისწრაფით და მაშტაბით გადასროლის და მანევრირებისათვის. სწორედ ამ პრინციპეპზე იყო აგებული შლიფენის გეგმა. შედეგად ჩამოყალიბდა ილუზია, რომ ომი თანაც მასშტაბური სულ რამდენიმე თვეში უნდა დასრულებულიყო.

მეორეს მხრივ, ენჯელ ნორმანის ეკონომიკური თეორია დადგენილ ჭეშმარიტებად იქნა მიჩნეული. მისი თეორიის თანახმად სამხედრო კონფლიქტები ეკონომიკურად წამგებიანია და ამ ფაქტის სრულად გათვითცნობიერების შემდეგ, ომებზე უარს იტყოდნენ. თუმცა თუ მანამდე ომს ექნებოდა ადგილი ის აუცილებლად ძალიან მოკლე იქნებოდა სწორედ რომ ეკონომიკურად არარენტაბელურობის გამო. ერთის მხრივ შლიფენის ტექნოლოგიური სისწრაფის და მეორეს მხრივ ნორმანის ფინანსურად შეუძლებლობის იდეების გამო კაცობრიობა I მსოფლიო ომში შევიდა ღრმა რწმენით, რომ საქმე ჰქონდა რამდენიმე თვიან ომთან, შედეგად კი მრავალწლიანი მსოფლიო ომი მიიღო.
დღევანდელ ომებთან დაკავშირებით არსებობდა დიდი მოლოდინი, მათ შორის, ტექნოლოგიური და ეკონომიკური ფაქტორების გამო, ერაყში, ავღანეთში და სირიაში ომი მალე დამთავრდებოდა, თუმცა ჯერაც შეუძლებელია მათი დასრულების ზუსტი თარიღის თქმა. მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკური განაცხადი შეიძლება დიდი ხნით ადრე გაკეთდა, რეალური ომი დასრულებული არც ერთ შემთხვევაში არ არის. მაგალითად ავღანეთში წლების წინ ტრანზიციის პროცესი დაიწყო, მაგრამ სახეზე კვლავ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებია. სწრაფი ომის ილუზია XXI საუკუნეში შექმნა უპირველესყოვლის ქუვეითის ომმა 1990-91 წწ. სინამდვილეში ხანგრძლივი ომის მხოლოდ ერთი ფაზა – კამპანია იყო. 2003 წელს ერაყში შეჭრა ამ ომის შემდეგი ეტაპს წარმოადგენდა. სწრაფი ომის ამ ილუზიის შექმნა თავისმხრივ განპირობებული იყო „ვიეტნამის სინდრომით“, რეალურად ამერიკული სამხედრო, პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოება იმდენად იყო დათრგუნული გრძელვადიანი ვიეტნამის ომით, რომ ახალ სამხედრო კონფლიქტს უნდა დაენგრია მითი ომის განგრძობადობის შესახებ. მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად ქუვეითიდან ჰუსეინის არმიის განდევნაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა აღმოჩნდა ამ პროცესის სწრაფად დასრულება, შედეგად შეიქმნა ვითარება, როცა ჰუსეინის რეჟიმთან ომი არ იყო დასრულებული, მაგრამ ამით შეიქმნა ძალიან სწრაფი ომის სრულფასოვნად წარმოების ილუზია.
ილუზია 8: დემოკრატიები ომს არ აწარმოებენ
ეჭვგარეშეა ომი ადამიანური მოვლენაა, რომელიც კაცობრიობასთან ერთად განიცდის ევოლუციას. XX საუკუნემ და ცივმა ომმა ბიძგი მისცა ერთ ილუზიასაც, თითქოს დემოკრატიები ავტოკრატიულ რეჟიმებთან შედარებით ნაკლებად აწარმოებენ ომებს, ვიდრე არადემოკრატიული რეჟიმები. სინამდვილეში, 1945-2000 წლებში დემოკრატიულმა რეჟიმებმა უფრო მეტი და მასშტაბური სამხედრო ინტერვენციები განახორციელეს. უპირველეს ყოვლისა, ეს ასეც უნდა იყოს, რადგან დემოკრატიას აკისრია საერთაშორისო ვალდებულებები დაიცვან საერთაშორისო წესრიგი და მშვიდობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ებრძოლონ გლობალურ გამოწვევებს. ხშირ შემთხვევაში ამ მისიის განხორციელება მათ სამხედრო ძალის გამოყენებით უწევთ. დღესაც თუ დავაკვირდებით დემოკრატიული სამყარო თითქმის სრულად არის ჩართული ომებში ავღანეთში, ერაყში, სირიაში, თუმცა ამავდროულად ყველაზე არადემოკრატიული რეჟიმები ღია სამხედრო ოპერაციებს ან საერთოდ არ ახორციელებენ ან მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მცირე მასშტაბით. ასეთი რეჟიმები ძირითადად რიტორიკული მუქარით და შეიარაღებული ძალების წვრთნების დემონსტრირებით არიან დაკავებული.
დასკვნა
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, ილუზიები, იქნება ეს ადამიანური ბუნებასთან თუ ინსტიტუციურ იდეებთან დაკავშირებული, ქმნიან ერთ მთავარ ილუზიას, თითქოს ომი წარსულის არტეფაქტია. რეალობაში კი სამხედრო და აკადემიურ წრეებში მიმდინარეობს აქტიური დისკუსია თუ როგორი იქნება მომავლის ომი, რა სახის ცვლილებებს განიცდის ომი დღეს და როგორი შედეგები შეიძლება გამოიღოს ხვალ. და ეს ყველაფერი, რათქმაუნდა, მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე და ძირითადად სწორედ მათზე დაკვირვებით.
ომების ისტორია მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ ჩვენი სახელმწიფოები, ინსტიტუციები და კანონებიც კი ომების ხელშეწყობით არის შექმნილი, ამიტომაც არის ის კაცობრიობის თანდაყოლილი და საჭირო თანამგზავრი, რომელმაც შექმნა რესპუბლიკები და დემოკრატიები. ისეთი ლიბერალური დემოკრატია კი როგორიცაა გერმანია და თანამედროვე იაპონია პირდაპირ ომის დამსახურებაა. ასე რომ წარსულის ომები სრულებითაც არ არის უბრალო ძალადობა, წარსულის ბნელი მოგონება, XXI საუკუნე კი კაცობრიობის დინამიური განვითარების ერთი მორიგი საფეხური, რომელიც ვერაფრით გაემიჯნება საკუთარ თავს, ადამიანურ ბუნებას.
ომის მიზეზების კვლევა სოციოლოგიის, ეკონომიკის, ანთროპოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების თუ სხვა მეცნიერებების ჭრილში ნამდვილად არ უნდა გავიგოთ, როგორც დიაგნოსტირების პროცესი, რომელიც იპოვის ერთ ან თუნდაც რამდენიმე მიზეზს და მასზე ზემოქმედებით ომს სამომავლოდ საერთოდ გააქრობს.
სამწუხაროდ, ომი არათუ წარსულის, არამედ მომავლის საქმეცაა. ამ ფაქტის იგნორირება კი დამღუპველი იქნება, ხოლო მისი შესწავლა და მასში დახელოვნება ხვალინდელი კეთილდღეობის გარანტიაა. ამიტომ სრულებითაც არ არის მოძველებული არსებული დევიზი „თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“, უფრო მეტიც, თუ გინდა მშვიდობა, ომი უნდა აწარმოო კიდეც.