კიდევ ერთი ფაქტორი, ამ სტატიაში არ ვისაუბრებთ სტრატეგიაზე, მაგრამ ასე განყენებული სახით სტრატეგიაზე ყურადღების არ გამახვილებამ რომ არ დაგვაბნიოს, თავიდანვე განვსაზღვროთ ის კოლინ გრეის კონცეფციით: – „სტრატეგია ეს მხოლოდ ხიდია, რომლის მეშვეობითაც სამხედრო ძალა უკავშირდება პოლიტიკურ მიზანს“. ამიტომაც სტრატეგიაზე აქცენტის გაკეთებამ პოლიტიკაზე და ომზე საუბრისას არ უნდა წარმოქმნას გაურკვევლობები. ჩვენთვის ამ ეტაპისთვის პოლიტიკის აღქმაა თუ როგორ და რანაირად ახერხებს ან სულაც ვერ ახერხებს ის აღიქვას, რომ მის ხელთ არის ისეთი ინსტრუმენტი როგორიცაა ომი.
ომი ყველა ეპოქაში, საზოგადოების განვითარების ყველა ეტაპზე ყოველთვის პოლიტიკური აქტი იყო, ყოველთვის გააჩნდა პოლიტიკური კონტექსტი. თანაც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს პოლიტიკური შემადგენელის მოტივებს, იმას თუ რა სახის არიან ისინი, ეთნიკური, ნაციონალური, რელიგიური, ტერიტორიული, ეკონომიკური, ჰუმანიტარული თუ სხვა. გადაწყვეტილებებს ომის წამოწყების, გავნითარების, მისთვის ფორმის მიცემის შესახებ იღებს პოლიტიკა, ისევე როგორც სამხედრო კონფლიქტის ინიცირებაზე უარის გადაწყვეტილებასაც.
რომ არა ასეთი დომინირება პოლიტიკის მხრიდან ომზე, მაშინ სრულიად სხვა საგანგაშო სურათს მივიღებდით, ვინაიდან „ომი არის ძალადობის აქტი, რომლითაც გვინდა ვაიძულოთ მოწინააღმდეგე დავიყოლიოთ ჩვენი სურვილის შესრულებაზე“ – კლაუზევიცი. თუ გამოაკლდება მას პოლიტიკის დომინანტური შემადგენელი, ხელში შეგვრჩება ჩვეულებრივ კრიმინალური ქმედება. თუ შეიძლება ასე ითქვას, ომში ძალადობას თუ არ ექნება „პოლიტიკური კურთხევა“ ის შეიძლება ცხოველურ ხოცვა-ჟლეტად იქცეს. პოლიტიკურ, რელიგიურ-ტერიტორიულ პრეტენზიებზე დაფუძნებული იყო კაცობრიობის ომი იერიხოში 8 000 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, რომელზეც ერთის მხრივ ინფორმაცია ძველი აღქმიდან მოგვეპოვება და მეორეს მხრივ, იგივე იერიხოს არსებობა არქეოლოგიამაც დაადასტურა.

ძველი ეგვიპტის ფარაონების, ბერძნული აგორის, ეკლესიის, იმპერატორების, მეფეების, ფეოდალების, დემოკრატიული მთავრობების თუ ავტოკრატიული რეჟიმების პირობებში, სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობისგან დამოუკიდებლად, ყველა სოციალურ სისტემაში ომს უყურებენ როგორც საკუთარ პოლიტიკურ ინსტრუმენტს, იარაღს.
ომები, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია სხვადასხვა კლასიფიკაციით, სტრატეგიული, ტაქტიკური, მსოფლიო, რეგიონალური, სახელმწიფოთაშორისი თუ სამოქალაქო ნიშნებით, კონვენციური თუ ასიმეტრიული ომების სახით ან სხვა, არ ცვლის მათზე პოლიტიკური გავლენის მნიშვნელობას. ყველა ასეთი თუ სხვა ომის ბედს, ანუ იმის თუ როგორ წარიმართებიან ისინი და რა შედეგებით დამთავრდებიან სამხედრო ძალაზე უფრო მისი პოლიტიკური შემადგენელი განსაზღვრავს, უფრო სწორად ამ უკანასკნელის სიცხადე, თანმიმდევრულობა, სიმტკიცე და ადეკვატურობა.
შევეცდები სწორედ რომ რამდენიმე ომის მაგალითზე ვაჩვენო პოლიტიკური მიზნის, პოლიტიკური გადაწყვეტილების ფასი, რომლებსაც განსაზღვრავს ომების სამხედრო შემადგენელის ბედი, ისე რომ არ შევეხო ამ ომების უშუალო სამხედრო სტრატეგიულ თუ ტაქტიკურ ქცევას – უშუალოდ სამხედროების წვლილს ომის განვითარებაში.
ტრუმენის “მე-3 მსოფლიო ომი”
თებესა და სპარტას ომში ძვ.წ. 362 წელს მომხდარ მანტინეეს უშედეგო ბრძოლაზე წერს ქსენოფონტი: „შედეგად არც ერთ მხარეს მოუპოვებია რაიმე უპირატესობა, არანაირი დამატებითი ტერიტორია, არც ერთი დამატებითი პოლისი, ან რამე სახის დამატებითი გავლენა. სინამდვილეში იმაზე უფრო დიდმა არეულობამ და უწესრიგობამ დაისადგურა საბერძნეთში ამ ბრძოლის შემდეგ, ვიდრე იყო მანამდე“. ქსენოფონტის ეს შეფასება მანტინეეზე სრულად რელევანტურია 2300 წლის შემდეგ ტრუმენის მიერ კორეაში წარმოებული ომის შეფასებისთვის.
კორეაში ვცდილობთ III მსოფლიო ომის თავიდან აცილებას – ასეთი განცხადების გაკეთებამდე, ასეთ რწმენამდე ტრუმენს 5 წლით ადრე 1945 წელს შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა ძირფესვიანად შეეცვალა სამყარო იმ ეპოქაში და შესაბამისად ჩვენს ეპოქაშიც.
1945 წლის პოსტდამის კონფერენციაზე ტრუმენმა სტალინს მსოფლიოს ყველაზე დიდი საიდუმლო გაუმხილა კაცობრიობის ყველაზე დამანგრეველი იარაღის შესახებ. როგორც თვითონ იგონებს, მან სტალინი გვერდზე გაიყვანა და მოუყვა ატომური ბომბის შექმნის წარმატებით დასრულების თაობაზე. ბუნებრივია ტრუმენი ამ სუპერ იარაღის ფლობით სტალინზე ზემოქმედებას ვარაუდობდა, რაც არ გამოუვიდა. საკუთარ მემუარებში ის მოგვიანებით წერს: „საბჭოთა პრემიერმა სპეციფიური ინტერესიც კი არ გამოავლინა ამ ფაქტის მიმართ, ერთადერთი რაც მითხრა იყო ის რომ მოხარულია ამის გაგებით და ბირთვული ბომბის იაპონიაში წარმატებით გამოყენება გვისურვა“.

წესით ამ მოცემულობას ტრუმენი ნათლად უნდა დაერწმუნებინა, რომ იაპონიის გავლით საბჭოეთზე ირიბ ბირთვულ ზემოქმედებას ვერ მიაღწევდა და იაპონიაზე დარტყმის რეალიზაციით უკუ ეფექტს მიიღებდა, საბჭოეთს დააჩქარებინებდა ანალოგიური იარაღის შექმნას. საბჭოეთს ამ პროცესის ფორმირებისთვის ორი მიზეზი ერთდროულად ჰქონდა, ერთი თვითონ ბომბის ქონა და რუსეთში მაშინ აკვიატებული იდეა ყველანაირ დასავლურ ტექნოლოგიურ პროგრესს დაწეოდნენ და გაესწროთ კიდეც. სტალინისთვის ბირთვული იარაღი უპირველეს ყოვლისა პრესტიჟის საკითხი იყო, რასაც შემდგომში წარმოების ნელი ტემპები ადასტურებს. საბჭოეთი ბომბის შექმნის შემდეგ კიდევ დიდხანს დარჩა მხოლოდ ერთი-ორი ცალი ბომბის ამარა.
მიუხედავად სიტუაციის სიცხადისა, ტრუმენმა სრულიად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო, ნაცვლად იმისა რომ კომუნისტურ რეჟიმთან დაპირისპირების კონტექსტში მოეხდინა ბირთვული ძალის დემონსტრირება, რისი შესაძლებლობა ძალიან მალე უხვად მიეცემოდა, მაინც იჩქარა და იაპონიაზე განახორციელა ბირთვული დარტყმა, სინამდვილეში საბჭოეთზე ირიბი ზემოქმედების სრულად უკუპროპორციული ქმედება. იაპონიაზე ბირთვული დარტყმის თაობაზე დღემდე მიმდინარეობს დებატები, ცენტრალური თემა მორალურ საკითხს უჭირავს, თუმცა სამხედრო მიზანშეწონილობაც რჩება დებატების თემად. აქ აუცილებლად გაზგასასმელია რამდენიმე გარემოება. ბომბის ჩამოგდების მთავარი არგუმენტი ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის პოტენციური სიკვდილისგან გადარჩენაა, რაც სავსებით მოსაღები არგუმენტი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება – მიუხედავად იაპონელი სამხედროების მართლა გამორჩეული თავდადებული ბრძოლის სტილისა, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლის მყარი ტრადიციისა, იმ დროინდელი იაპონიის კაპიტულაცია ნამდვილად არ საჭიროებდა ათასობით ამერიკელის მსხვერპლად შეწირვას. ომი ფაქტობრივად უკვე წაგებული იყო, რადგან იგივე პოსტდამის კონფერენციაზე სტალინმა გადასცა ტრუმენს ინფორმაცია იმის თაობაზე რომ იაპონიამ ორჯერ ითხოვა საკუთარი პირობებით დანებების თაობაზე შუამდგომლობის გაწევა საბჭოთა კავშირის მეშვეობით, რაც რუსების მიერ უარყოფილ იქნა. გარდა ამ ორი შემთხვევისა, იაპონია აქტიურად ცდილობდა დამარცხების გაფორმებას ისეთი პირობით, რომ საკუთარ მიწაზე საოკუპაციო ჯარები არ შესულიყვნენ. ყველა შემთხვევაში იაპონიის დანებება დღეების საკითხი იყო.
ის რომ ეს იაპონიაზე ბირთვული დარტყმა სწორედ აუღელვებელ საბჭოეთზე ზემოქმედებაზე იყო გათვლილი და მხოლოდ ძალის დემონსტრირებას წარმოადგენდა ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ამ დარტყმის მასშტაბის ეფექტი იაპონიაზე რეალურად მანამდე უკვე მიღწეული იყო. ავიაციის გენერალმა ქერთის ლემეიმ მოძებნა ისეთი ინოვაციური მიდგომა სტრატეგიული დაბომბისთვის, რომ ატომურ დაბომბვაზე მეტი მსხვერპლი გამოიწვია. მაგალითად, მარტო ერთ დღეს – 1945 წლის 23 მაისს ტოკიოს გარეუბანი დაბომბა 520 ბომბდამშენით ერთდროულად, ღამის რეიდის შედეგად სულ რაღაც 2 საათში 20 კვ. კმ-ზე 4 000 ტონა ცეცხლგამჩენი ბომბი ჩამოყარა, რომელმაც არა მარტო დაანგრია ქალაქის ეს ნაწილი, არამედ „ჰაერის დაწვის“ შედეგად 100 000-მდე ადამიანი იმსხვერპლა, ზოგი მათგანი ცოცხლად დაიწვა, მათ შორის ქალები და ბავშვები. ლემეიმ ამ სახის არა ერთი სტრატეგიული დაბომბვა არა ერთ ქალაქზე განახორციელა, ასე რომ ატომურ ბომბს უკვე არაფერი ისეთი ეფექტის მოტანა არ შეეძლო იაპონიის ხელმძღვანელობისთვის, რაც უკვე ნანახი და განცდილი არ ჰქონდათ. როგორი მხრიდანაც არ უნდა მივუდგეთ, ატომური ბომბის ირიბი ადრესატი მაინც საბჭოთა კავშირი გამოდის.

ომის, როგორც ინსტრუმენტის ამ სახით გამოყენებამ ტრუმენის პოლიტიკას შედეგი მაინც ვერ მოუტანა. კიდევ 4 წელი გავა სანამ საბჭოთა კავშირი პირველ ბომბს გამოცდის. აი, რა უნდა ყოფილიყო ტრუმენის პოლიტიკური მიზანი – მეორე ბირთვული სახელმწიფოს, თანაც ბირთვული კომუნიზმის არ დაშვება.
ეს დიდი ალბათობით მარტივად მისაღწევი იქნებოდა სამხედრო თვალსაზრისით თუ პოლიტიკური მიზანი იარსებებდა. საბჭოთა კავშირმა თავისი ერთადერთი ბომბი შუა აზიის უდაბნოში გამოსცადა, რომელიც უზარმაზარი ეკონომიკური რესურსი დაუჯდა და რაც მთავარია მის შესაქმნელად ძალიან შეზღუდული ინფრასტუქტურა გააჩნდა. ტრუმენის მიერ ატომური ბომბის გამოყენება ტაქტიკური დარტყმის თვალსაზრისით სწორედ ამ ობიექტზე ბევრად ნაკლებ მსხვერპლიანი იქნებოდა, შემოიფარგლებოდა მხოლოდ საიდუმლო ობიექტზე დასაქმებული სპეციალისტებით და საბჭოთა კავშირს თუ საბოლოოდ არ ააღებინებდა ხელს ბირთვული სამყაროს შექმნაზე, დედამიწის ბირთვული შეიარაღებით გადატვირთვაზე დროში მაინც ძალიან გაწელავდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობა casus bell გახდებოდა ყველასთვის. მაგრამ ტრუმენის პოლიტიკისთვის ბირთვული შეიარაღება კი არა განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია უფრო იყო casus bell, იდეოლოგია თუნდაც ცუდი, მაგრამ მაინც იდეოლოგია. ასე დადგა 1950 წელი – კორეის ომის წელი. ტრუმენმა ომის ინსტრუმენტი, რომელიც ხელთ ქონდა არასწორად გამოიყენა.
1950 კორეა და მიუნხენის აჩრდილი
კომუნისტური ჩრდილოეთ კორეა სამხრეთში შეიჭრა და თითქმის სრულად დაიკავა. ტრუმენისთვის ეს ახალი შესაძლებლობა იყო 1945 წლიდან 5 წელიწადში ძლიერ შეცვლილი საერთაშორისო მდგომარეობის გამო, უფრო დიდი გამოწვევა ვიდრე იაპონია თავის დროზე და ბევრად მეტის შეცვლის შესაძლებლობა ვიდრე ადრე. მოქმედებისთვის ტრუმენს საკუთარი შინაგანი რწმენაც არ აკლდა და არც შიდაპოლიტიკური ვითარება უტოვებდა სხვა არჩევანს. არჩევნებიდან 18 თვე იყო გასული და მისი რეიტინგი 69%-დან 37 პროცენტამდე იყო დასული, რაც რამდენიმე თვეში კონგრესის და სენატის არჩევნებში შეიძლებოდა პოზიციების დიდად დაკარგვა დაჯდომოდა. რესპუბლიკური ოპოზიცია, მათ შორის რიჩარდ ნიქსონი (რომელიც მოგვიანებით ვერც თვითონ შეძლებს ომს პოლიტიკის ინსტრუმენტად კარგად გამოყენებას) ტრუმენს ბრალს დებდა სისუსტეში და უმოქმედობაში კომუნიზმთან ბრძოლაში, აღმოსავლეთ ევროპის სტალინისთვის დათმობაში, აკრიტიკებდნენ ბირთვული ტექნოლოგიის საიდუმლოს საბჭოეთის მიერ მოპარვის გამო და ახლა უკვე აზიის კომუნიზმისთვის უბრძოლველად დათმობაში.
დასავლური დემოკრატიები და თვითონ ტრუმენიც მიუნხენის ანალოგიას ხედავდა, რაც აადვილებდა მოქმედებას. მიუნხენის ანალოგიის განცდას ამყარებდა თავის დროზე კორეის ჩრდილოეთის საბჭოეთის დაკავება, ბერლინის ბლოკადა, ჩეხოსლოვაკიის ძალით გასაბჭოება, აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის გაფურჩქვნა, კომუნისტების მხარდაჭერილი საბერძნეთის სამოქალაქო ომი, საბჭოეთის ზეწოლა თურქეთზე სრუტეებზე კონტროლის მოსაპოვებლად, მაოს კომუნისტური გამარჯვება ჩინეთში და ბოლოს 1949 წელს საბჭოთა ატომური ბომბის შექმნა. ერთობლიობაში ყველაფერი ქმნიდა განცდას, რომ შეიძლებოდა განმეორებულიყო მიუნხენის შეცდომა.
მიუნხენი casus bell-ის უგულველყოფა
1950 წელს სულ რაღაც 12 წელი იყო გასული მიუნხენის კონფერენციიდან და სამშობლოში დაბრუნებული ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან, რომელმაც მიუნხენის დეკლარაციის ასლით ხელში გამოაცხადა „ღირსეული მშვიდობის მიღწევის“ თაობაზე.
1938 წლის სექტემბერში მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობდნენ ჰიტლერი, მუსოლინი, ჩემბერლინი და დალადიე. განიხილებოდა ჰიტლერის მოთხოვნა ჩეხოსლოვაკიის ნაწილის „ძველი გერმანული მიწის“ Sudetenland-ის მესამე რაიხისთვის მიერთების საკითხი, თანაც ისეთ პირობებში, რომ ჩეხოსლოვაკიის წარმომადგენლობა სასტუმროს ნომრებიდანაც კი არ გამოუშვია საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, მათზე მიმაგრებულ გესტაპოზე რომ არაფერი ვთქვათ. ამ მომენტისთვის უკვე სახეზე იყო გერმანიის მხრიდან I მსოფლიო ომის შედეგად დაფიქსირებული ვალდებულებების უგულველყოფა. გერმანიას ერთა ლიგაც დატოვებული ჰქონდა და გადაიარაღების მასიური პროგრამა ჰქონდა დაწყებული. გერმანიის მიერ რაინლანდი ოკუპირებული იყო, ავსტრიის ანშლუსი შემდგარი, იაპონიის მიერ მანჯურია, იტალიის მიერ კი აბისინია ოკუპირებული იყო. მიუხედავად ამ მოცემულობისა ბრიტანეთის და საფრანგეთის ლიდერებმა Sudetenland-ი როგორც ჰიტლერის ბოლო ტერიტორიული პრეტენზია ევროპის მაშტაბით პირდაპირი მნიშვნელობით აჩუქეს მას.

ამ ტრაგიკომედიურ პოლიტიკურ ბოდვას არა მარტო ჩემბერლინი აღიქვამდა როგორც უდიდეს დიპლომატიურ წარმოდგენად, რომლითაც პოლიტიკურ პროცესს ომში გადაზრდის საშუალება არ მისცა, არამედ ასე ხედავდნენ სხვა დემოკრატიები, რომლებიც ბრიტანეთის პრემიერს მილოცვას მოლოცვაზე უგზავნიდნენ, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტი რუზველტი, კანადის პრემიერი და ავსტრალიის პრემიერი.
რეალობაში კი მიუნხენის „სამშვიდობო შეთანხმებიდან“ 6 თვეში ჩეხოსლოვაკიის სრული ოკუპაცია მოხდა, შემდგომ 6 თვეში კი პოლონეთში შეჭრა. ევროპა II მსოფლიო ომში აღმოჩნდა ჩათრეული.
მიუნხენის ფენომენი მდგომარეობდა პრაქტიკულად მიმდინარე ომის ფონზე პოლიტიკური პროცესის ომის ინსტრუმენტად გამოყენების გარეშე წარმართვის უგუნურ და უპასუხისმგებლო მცდელობაში. სამწუხაროდ ასეთი ანალოგი დღევანდელობისთვისაც არ ჩანს ძალიან მოძველებული, მინიმუმ კონფერენციის მონაწილე მხარეთა შემადგენლობით ძალიან გავს მიუნხენის კონფერენციას უკრაინის კრიზისის დარეგულირების მინსკის შეთანხმება, სადაც დემოკრატიული და ავტორიტატული რეჟიმები ომის ფონზე „რაღაც კანონიერ თუ არაკანონიერ“ ინტერესებს განიხილავდნენ, როგორც მიუნხენის კონფერენციას წითელ ხაზად გასდევდა ავსტრიის ანშლუსი, ისევე გასდევს წითელ ხაზად დღევანდელ ნორმანდიის ფორმატს „ყირიმის რეფერენდუმით თვითგამორკვევა“ და ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობს „რევიზიონისტი რუსეთი“ მსგავსად მაშინდელი „რევიზიონისტი გერმანიისა“. მაგრამ მაშინ 1950 წელს ტრუმენისთვის მიუნხენი პირდაპირი მოქმედების მოტივი იყო, ჩრდილოეთ კორეის აგრესიაზე პოლიტიკური რეაგირება მასთან საომარ კომფრონტაციაში შესვლა აღმოჩნდა.
კორეის ომის პოლიტიკური მიზნები
ომს „აკონტროლებს პოლიტიკური მიზანი, ამ მიზნის ღირებულებამ კი უნდა განსაზღვროს მისთვის გასაღები მსხვერპლი, როგორც ოდენობაში, ასევე ხანგრძლივობაში“ (კლაუზევიცი).
კორეის ომის და შემდეგ მოვლენების ბედი სრულად განსაზღვრა ტრუმენის პოლიტიკური მიზნების დომინირებამ, ხოლო თუ როგორი იყო ეს მიზნები, შეგვიძლია რამდენიმე სიტყვით მიმოვიხილოთ, თანაც უმჯობესი იქნება ამ მსჯელობისას მუდმივად გვახსოვდეს, რას წარმოადგენს დღევანდელი ჩრდილოეთ კორეა და როგორი საფრთხე მომდინარეობს მისგან დღევანდელობასა და მომავლისთვის.

კორეაში ამერიკულ ძალებს საერთაშორისო, გაეროს მიერ სანქცირებული მანდატი ჰქონდათ, შესაბამისად ლოგიკური იქნებოდა მათთვის უფრო დიდი პოლიტიკური ამოცანისთვის გამოყენება, ვიდრე ეს ტრუმენმა თავიდანვე განსაზღვრა – ლიმიტირებული ომი ლიმიტირებული მიზნებით. თუმცა არც ეს აღმოჩნდა თანმიმდევრული პოლიტიკური მიზანი. ომის დაწყებისას გამოცხადდა „აგრესიის მოგერიება“, როგორც პოლიტიკური მიზანი, თუმცა არასდროს დაკონკრეტებულა როდის და როგორ ჩაითვლებოდა ეს მიზანი მიღწეულად. ასეთ მიზნად წესით უნდა დასახულიყო აგრესიის უშუალო წყაროს – კიმ ირ სენის სამხედრო ძალით ისეთი პოლიტიკური იზოლირება, როგორც მოგვიანებით მოხდა ნორიეგას, მილოშევიჩის და ჰუსეინის შემთხვევაში, მაგრამ ტრუმენს ასეთი პოლიტიკური ამოცანა არ დაუსახავს. „ლიმიტირებულ ომში“ მიღწეულმა ამერიკულმა სამხედრო წარმატებამ, კერძოდ კი ინჩონის სამხედრო მანევრმა, რომლის შედეგადაც ჩრდილოეთ კორეის აგრესორი ძალა საკუთარ ზურგს მოწყვეტილი აღმოჩნდა, ტრუმენს მისცა მეტნაკლებად მიზანშეწონილი პოლიტიკური ამოცანის დასახვის შესაძლებლობა. მან „კორეის გაერთიანების“ პოლიტიკური მიზანი გამოაცხადა, რაც სამხედრო თვალსაზრისით სრულებით მიღწევადი იყო, მაგრამ ძალიან მალე ჩინეთის და საბჭოთა კავშირის ჩარევის საფრთხის გამო ტრუმენმა პოლიტიკური მიზანი კვლავ „აგრესიის შეკავებაში“ გამოხატა, მოგვიანებით კი სრულიად აბსურდული პოლიტიკური მიზანი დაუსახა კორეის ომში მყოფ სამხედრო ძალებს – „სამხედრო ძალების უსაფრთხოების დაცვა“. ეს უკვე მიზანიც არ იყო, ეს უკვე პოლიტიკური განაცხადიც არ იყო. კორეის ომი შინაარსით უბრალო ტავტოლოგიად იქცა. სწორედ ამ პრობლემის – ომისთვის ცხადი პოლიტიკური დანიშნულების არ მიცემა გახდა გენერალ მაკარტურის საჯარო უკმაყოფილების მიზეზი, რასაც მისი პოსტიდან განთავისუფლება მოყვა. მაკარტურის პოზიცია არა მარტო სწორი, არამედ რეალისტური იყო, ის ითვალისწინებდა სრულფასოვანი გამარჯვების მიღწევას კორეის გაერთიანების, ჩრდილო რეჟიმის განადგურების და ჩინეთის რეალური შეკავების გზით. „ჩვენ უკვე ომში ვართ და შეუძლებელია მის მიმართ ინდეფერენტული მიდგომა გაგვაჩნდეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მომავალში სადღაც სხვაგან სხვა ჰიპოთეტური კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას“. მაკარტურს კლაუზევიცისეული გრავიტაციის ცენტრის იდენტიფიცირება მოხდენილი ჰქონდა, ესმოდა რომ მასთან გასამკლავებლად ძალებიც გააჩნდა, მაგრამ იგივე პოლიტიკური ხედვა არ არსებობდა. დაახლოებით ასეთი ვითარება შეიქმნა 2010 წელს ავღანეთში კოალიციური ჯარების მეთაურს მაკკრისტალსა და ობამას შორის პოლიტიკურ ხედვებთან დაკავშირებით. ორივე შემთხვევაში ომით მიღწევადი წარმატება ვერ რეალიზდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნის უპირატესობის გამო, რომელიც თავის მხრივ იყო ნაკლებ ადეკვატური შექმნილი ვითარებისადმი. ასე რომ ომს არ გააჩნია უნარი თვითონ დაისახოს მიზანი და მიაღწიოს მას, მის ბედს სრულად აკონტროლებს დომინანტი პოლიტიკა.

კორეის ომით არა მარტო კორეის გაერთიანება იყო შესაძლებელი, არამედ ბევრად უფრო დიდი პოლიტიკური მიზნების მიღწევა. 1950-იან წლებში ამერიკა ჯერ კიდევ ინარჩუნებდა უპირობო ლიდერობას ბირთვულ შეიარაღებაში, საბჭოთა და ჩინური სამხედრო ძალები, რაც ტრუმენის პოლიტიკის ძირითადი შემზღუდავი აღმოჩნდა სინამდვილეში დასუსტებული და ქანცგაწყვეტილი იყვნენ რომ უდიდესი ალბათობით „სერიოზულ“ ბირთვულ კომფრონტაციას თავს აარიდებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნამდვილად ვერ გაუძლებდნენ.
ასე რომ კორეის ომი მიუნხენის ანალოგიის შიშით სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი იყო. მაგრამ უშუალოდ ომის პროცესში პოლიტიკური მიზნების ბუნდოვანებამ და ცვალებადობამ ყველაზე ნაკლებ მისაღები შედეგი გამოიღო. როცა „ომის გაყინვის“ შემდეგ ტრუმენმა კორეის გაერთიანება მომავალს დაუტოვა, მან ამით მომავალს უფრო მეტი პრობლემა გაუჩინა, რასაც ნათლად უჩვენებს დღევანედელი ბირთვული აგრესიული ჩრდილოეთ კორეა.
კორეის ომი პოლიტიკამ დროში გაყო, მისი საბოლოო ფაზა მომავლისთვის გადადო ზუსტად ისე, როგორც ეს წლების შემდეგ სპარსეთის ყურის – სადამ ჰუსეინთან ომის შემთხვევაში მოხდა. სპარსეთის ყურის ომიც ნათლად აჩვენებს პოლიტიკის ომზე დომინირებას, თუმცა ეს ომი სულ სხვა წინაპირობებისა და ფობიების ფონზე იქნა წამოწყებული, რამაც თავის მხრივ ჩამოაყალიბა ის პოლიტიკური ხედვები, რომლის პირობებში მოხდა მისი წარმოება.
უპირველეს ყოვლისა სპარსეთის ყურის პირველი ომის – ქუვეთის ომის დროს ძლიერი იყო „ვიეტნამის სინდრომი“, მსოფლიო საზოგადოება, მათ შორის ამერიკული საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა იმყოფებოდა ვიეტნამის გამოცდილების ზემოქმედების ქვეშ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ყველას ეშინოდა ომის ხანგრძლივობის, ბევრი ფიქრობდა, რომ მოსალოდნელ ომში შეიძლებოდა ისე აღმოჩენილიყვნენ გრძელვადიანად ჩართულნი როგორც აზიაში. ამიტომაც ქუვეთის ომის დროს ბუშის ადმინისტრაციის უპირველესი მიზანი იყო ომის სწრაფად წარმოება, ხოლო ნამდვილი casus bell – სადამ ჰუსეინი ერთგვარ მეორეხარისხოვან მიზნად იქცა.
ქუვეითის ომს წინ უსწრებდა ვაინბერგერ-პაუელის დოქტრინა, რომელიც სრულად ემყარებოდა ვიეტნამის სინდრომს, ომში პოლიტიკოსთა ჩარევის შეზღუდვის შედეგად ქუვეითში წარმოებული ომი აღმოჩნდა ნაწილობრივ წარმატებული და დასრულებული პოლიტიკური თვალსაზრისით, მისთვის დასმულ მთავარ ამოცანას გასცა დამაჯერებელი პასუხი, თურმე შესაძლებელი ყოფილა ომის მცირე მსხვერპლით და სწრაფად წარმოება.
პოლიტიკამ გადაწყვიტა რომ ომის მოგებულად გამოცხადებისთვის საკმარისი იქნებოდა ჰუსეინის ქუვეითიდან განდევნა. პოლიტიკამ მოძებნა შემდეგი ეტაპი ნამდვილი მიზნის – სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად უკვე ათი წლის შემდეგ ახალი ომის წამოწყებით.
კიდევ ერთი მკაფიო და ყველაზე თანამედროვე დადასტურება იმისა, რომ ომი არ წარმოიშობა ვაკუუმში და მასზე აბსოლუტურად დომინირებს პოლიტიკა, ეს ყირიმის ანექსიის შემთხვევაა. აქაც როგორც მიუნხენში ადგილზე იყო პოლიტიკის ინსტრუმენტის ომის გამოყენების გარდაუვლობა, უკრაინის მხრიდან ყირიმში ამ ინსტრუმენტის არ გამოყენებამ ვერ უზრუნველყო დონეცკში და ლუგანსკში პოლიტიკური პროცესების შენარჩუნება ომის ინსტრუმენტის ჩართვის გარეშე. თუ სპარსეთის ომში ომის ინსტრუმენტის გამოყენება ვერტიკალურად გადატანილ იქნა დროში, უკრაინაში იგივე პოლიტიკურმა პროცესმა ომი მხოლოდ ჰორიზონტალურად რეალურ რეჟიმში გადაიტანა.
კიდევ ერთი თანამედროვე ომი სირიაში, ვიეტნამის ომის მსგავსად ნათლად აჩვენებს რომ მისი დაუსრულებლობა გამოწვეულია არა მტრის სიძლიერის, არა ანტიტერორისტული ძალების სამხედრო სისუსტის გამო, არამედ იმიტომ რომ ომის პოლიტიკური მიზანი არ არის იმდენად ცხადი, მკაფიო და თანმიმდევრული, რომ ომს დასრულების საშუალება მისცეს.
სირიაში სამხედრო ოპერაციის ფორმა – ანტიტერორისტული კოალიციის მხრიდან საჰაერო დარტყმებიც კი არის არა ომის სამხედრო მოთხოვნილებიდან გამომდინარე მოცემულობა, არამედ პოლიტიკური შეხედულებები და პოლიტიკოსთა არჩევანი.
ასე რომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ომი ყველგან და ყოველთვის პოლიტიკის გაგრძელებაა, ასეთად რჩება ის მისი არ წამოწყების შემთხვევაშიც, მაგალითად როგორც ეს მოხდა ეიზენჰაუერის მიერ საფრანგეთის მხარდასაჭერად ინდოჩინეთში არ ჩარევის დროს. ომის მიმდინარეობისას კი ბრძოლის ველზე სამხედროების სტრატეგიულ, ტაქტიკურ თუ ტექნიკურ საქმიანობას არ გააჩნია პოლიტიკისგან ავტონომიური ხასიათი, თითოეული სამხედრო ომში მონაწილეობით ჩართულია რომელიმე პოლიტიკური იდეის, მიზნის აღსრულების პროცესში.