ის უპირველეს ყოვლისა საინტერესოა იმით, რომ ჩვენი თანამედროვე იყო. მეორეს მხრივ, შარონი პატარა ერის სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე იყო, რომელსაც საკუთარი ნების სიმტკიცის ფორმირება და გამოვლინება უწევდა ჯერ არ შემდგარი, შენებადი ჰიბრიდული დემოკრატიის სახელმწიფოს პირობებში. ასეთი ვითარება თვისობრივად განსხვავდება ნების სიმტკიცისთვის ისეთი ასპარეზისგან, როგორც შეიძლება არსებობდეს ისეთ დიდ და ძლიერ სახელმწიფოებში, როგორიც ამერიკა, ინგლისი, ან საფრანგეთია, თუნდაც უკიდურესად დაძაბულ პოლიტიკურ-სამხედრო პირობებში.
არიელ შარონის პოლიტიკური ცხოვრების შეფასებისას შეიძლება ძალიან ბევრჯერ სიტყვები – „საკამათო“, „სადაო“ წამოტივტივდეს, მაგრამ სწორედ ერთი შეხედვით ამ არაცალსახა „საკამათო“ ისტორიაში მდგომარეობს მისი ნების სიმტკიცის ნამდვილი შინაარსი.
მოთმინებაც არის სიძლიერის კომპონენტი…
ეს ფრაზა უკვე ხანში შესულ პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს ეკუთვნის, რომელიც მან ტერორისტული აქტის შედეგად დაჭრილების მონახულებისას თქვა საავადმყოფოში. 2001 წელს ძალიან ბევრს გაუკვირდა „მოთმინების პოლიტიკის“ დეკლარირება ადამიანისგან, რომელიც მთელი ცხოვრება სრულიად საპირისპირო – მოუთმენლის, მაქსიმალისტის და „სისხლისმღვრელის“ რეპუტაციით სარგებლობდა. სინამდვილეში საქმე იმაში იყო, რომ როგორც ამ პოზიციის განცხადებისა 2001-ში, ასევე მთელი ცხოვრების მანძილზე დაწყებული უბრალო ჯარისკაცობიდან პრემიერ-მინისტრობამდე, შარონის ქცევებს და ხედვებს განსაზღვრავდა მისი თვალით დანახული ისრაელის ინტერესები და უსაფრთხოება, ის უკიდურესობაც კი, რომელიც წლების განმავლობაში მის ქცევებს ახასიათებდა, ისევ და ისევ ისრაელის ინტერესებით და უსაფრთხოებით იყო გამოწვეული. სწორედ ამ კომპონენტებით ხელმძღვანელობდა როცა როგორც პრემიერ-მინისტრი სამშვიდობო შეთანხმებისკენ „ექაჩებოდა“ ისრაელს და ათეულობით წლების წინ კი, როგორც დაბალი რანგის სამხედრო ისეთ „სისხლისმღვრელ სამხედრო ოპერაციებს“ ატარებდა ებრაელების დასაცავად, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯსაც კი დარტყმის ქვეშ აყენებდა.

ნების სიმტკიცე თავისთავად იგრძნობა ფრაზაში, რომ „მოთმინებაც სიძლიერეა“, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როგორ მივიდა ასეთ ხედვამდე შარონი პერსონალურად, რა გზა გაიარა მისმა პოლიტიკის ფორმირებამ.
შარონის პერსონალური ისტორია, მისი მთელი ცხოვრება ისრაელის ახალგაზრდა სახელმწიფოსთან სრულად იყო დაკავშირებული, რამდენიმე წლით თვით ოფიციალურ სახელმწიფოზე უფროსს, შარონის უშუალო მონაწილეობის გარეშე არცერთ მოვლენას არ ჩაუვლია ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ომიდან XXI საუკუნემდე. მისი მონაწილეობა ხშირად ტრიუმფალური შედეგის, ხშირად კი კატასტროფული პოლიტიკური კატაკლიზმების მთავარი განმაპირობებელი იყო. უმრავლეს შემთხვევაში კი ასეთი გადაჯაჭვულობა ქვეყნის ისტორიასთან, მისი განვითარების ეტაპთან პირადად შარონის არჩევანი იყო და არა ისრაელის. მისი ოპონენტები მის ასეთ არჩევანს ძალიან ადვილად არქმევდნენ ამბიციურობას, „ძალაუფლების სურვილს“, „ძალაუფლების წყურვილს“, მაგრამ თუ დეტალურად დავაკვირდებით ცხოვრების ახალგაზრდობიდანვე კარგად ჩანს, რომ ეს ადამიანი ნამდვილად საკუთარ სამსახურს სთავაზობდა საკუთარ სახელმწიფოს და ხალხს. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ხშირად „ძალით სთავაზობდა“ საკუთარ სამსახურს ისრაელს. ვინაიდან ძნელად თუ მოიძებნება არიელ შარონის ანალოგი იმ თვალსაზრისით, რომ საკუთარი ცხოვრების მანძილზე ის ქვეყნის სამსახურიდან არა ერთხელ იყო „გაძევებული“, გარიყული, იგნორირებული და დაგმობილი, ხან სამხედრო ხელმძღვანელობის, ხან პოლიტიკური ისტაბლიშმენტის და ხანაც თვით ხალხის მიერ. მთელი ამ პერიოდის მანძილზე პირადად მას ბევრჯერ ჰქონდა საკუთარი მხრიდან მორალური უფლება საჯარო საქმიანობისგან კარის მიჯახუნების და კიდევ უფრო მეტად გამოუვალი ვითარების გამო ყველაფერზე ხელის ჩაქნევის შესაძლებლობა.
მისი ნების სიმტკიცის მთავარი შტრიხი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უამრავი მიზეზის, ცალსახა მოცემულობების მიუხედავად არ დაანება ისრაელის ინტერესების და უსაფრთხოების სამსახურს თავი, მთელი ცხოვრების მანძილზე არასდროს აღმართა პერსონალური მარცხის, დანებების თეთრი დროშა, მაშინაც კი როცა გარესამყაროს აბსოლუტური უმრავლესობა მას წარსულის ადამიანად მიიჩნევდა. პირიქით, ყველა სირთულის ფონზე შარონი დამარცხებაში ახალ ძალებს პოულობდა, შეცდომებიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილები გამოჰქონდა და შედეგად მხოლოდ წინ მიიწევდა ყველა მიმართულებით.
ეროვნული ინტერესისათვის უპირობო ერთგულება იყო იმის მიზეზი, რამაც შარონი ყველაზე უერთიერთგამომრიცხავი ქცევების პოლიტიკოსად აქცია ისრაელის ისტორიაში. ადამიანი რომელიც ზოგჯერ ეროვნული გმირი, ზოგჯერაც ერის მიერ შერისხული, დროის სხვადასხვა მონაკვეთში ურთიერთსაპირისპირო პოზიციებს აფიქსირებდა უმნიშვნელოვანეს თემასთან დაკავშირებით. ის იყო პალესტინალური სახელმწიფოს შექმნის მთავარი მოწინააღმდეგეც და მოგვიანებით პროპაგანდისტი, უსაფრთხოების კედლის მომხრე და მოწინააღმდეგე, სპარსეთის ყურის პირველი ომის დროს ისრაელის აქტიური ჩართულობის მომხრე, რიგ შემთხვევაში რამე სახის ჩარევის სასტიკი მოწინააღმდეგე, ოკუპირებული ტერიტორიების დატოვების წინააღმდეგი და მოგვიანებით ამ პოლიტიკის გამტარებელი. მისი ხედვები და პოზიციონირება ყოველთვის პოზიციის რადიკალური ფორმით ფიქსირებაში გამოიხატებოდა, რაც ოპონენტებს მასზე მუდმივი დარტყმების განხორციელების საშუალებას აძლევდა, მაგრამ შარონი პირადი კომფორტის გამო არ ერიდებოდა ზუსტად იმ პოლიტიკის გატარებას, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში ისრაელისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნდა.

მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში, როდესაც ისედაც დამძიმებული იყო მოკავშირეებთან წარსულში დაძაბული ურთიერთობები, კოსოვოში კოალიციური ძალების შეჭრის საკითხში ამერიკისთვის ისრაელის მხარდაჭერის არ დაფიქსირებაში ლომის წვლილი შეიტანა, შეიძლება ითქვას, რომ ნეთანიაჰუს ორჭოფობის პირობებში ეს სწორედ შარონის საჯარო განცხადებებმა გახადა ცნობილი, რომ კოსოვოში შეჭრას ისრაელი მხარს არ უჭერდა. შარონს ამ პოზიციისთვის მყარი არგუმენტები ჰქონდა ისევ ისრაელის ინტერესებიდან გამომდინარე, ის თვლიდა რომ კოსოვოს „რეგიონალურ ომში“ გარე ჩარევის პრეცენდენტი შეიძლებოდა მომავალში საშიში აღმოჩენილიყო ისრაელის რომელიმე რეგიონალური ომისთვის. მისი უკომპრომისო პოზიციების რადიკალური გამოხატვის ფორმა იყო მიზეზი, რომ შარონი დროის სხვადასხვა მონაკვეთში, ისრაელის თითქმის ყველა პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერთან კონფლიქტში იყო. ისრაელის პოზიციების უკომპრომისო დაცვის გამო ისრაელის მთავარ მოკავშირესთან ამერიკასთან ურთიერთობებში, პრეზიდენტების კარტერის, რეიგანის და ბუში უფროსის დროს პერიოდულად პერსონა ნონ გრატად იყო ქცეული ამერიკული ადმინისტრაციისთვის. ბევრი ასეთ ვითარებას მის უტაქტობას აბრალებდა, დიპლომატიური უნარების არ ქონად აფასებდნენ, მაგრამ მოგვიანებით როგორც პრემიერ-მინისტრმა ასეთი უნარების არათუ ფლობა, მათი ბრწყინვალედ გამოყენებაც აჩვენა, როცა სამხედრო პროცესი დაძრა, პროცესი, რომელიც უკვე ამ სახით შედიოდა ისრაელის ინტერესებში. მაგრამ იმ წლებში, როცა დემონსტრაციულ უარს მიიღებს, როგორც მინისტრი პერსონალურ აუდიენციებზე ოლბრაიტისგან, ბეიკერისგან, ჟაკ შირაკისგან და გერჰარდ შროდერისგან, ბუნებრივია ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ფიასკოები შარონის მხრიდან ისრაელის ინტერესების უკომპრომისო დაცვა იყო და როგორც ყოველთვის, საერთაშორისო არენაზეც ამ საქმეს ისე წირავდა პირად რეპუტაციას, როგორც თავის დროზე ბრძოლის ველზე მყოფი სამხედრო საკუთარ სიცოცხლეს. რათქმაუნდა ეს უკვე ამ ადამიანის ხასიათის თვისებაა, მტკიცე ნებისყოფის მაჩვენებელია. ეს მისი მარცხების და გამარჯვებების მთავარი კომპონენტი, ახალგაზრდა შარონის სულში ადრეულ წლებში დამოუკიდებლობისთვის ომიდან მოყოლებული ფორმირდებოდა.
არიელ შარონი – ისრაელის ერთგული ჯარისკაცი
ძალიან ახალგაზრდა ასაკში ჩაერთო შარონი დამოუკიდებლობისათვის ომში, მაგრამ მისი ერთ-ერთი უმთავრესი ბრძოლა იყო 1948 წელს ისრაელის დამოუკიდებლობის გამოცხადების შედეგად დაწყებული ომი, როდესაც ისრაელს ყველა მეზობელმა ერთდროულად შემოუტია. იერუსალიმი ბლოკადაში მოექცა იორდანიის ძალების მხრიდან. ბენ-გურიონის გადაწყვეტილებით ებრაელებს უნდა გაერღვიათ იერუსალიმის ბლოკადა, ასე დაიწყო ლატრუნის ბრძოლა, რომელშიც შარონი როგორც ოცეულის მეთაური მონაწილეობდა. ამ ბრძოლამ შარონის ცხოვრებაში უდიდესი კვალი დატოვა, შედეგად იქ მიღებულმა გაკვეთილმა შარონის გავლით ისრაელის არმიაში შექმნა ყველაზე მთავარი ტრენდი, ის რომ ებრაული არმიის წესთა წესია არასდროს დატოვონ თანამებრძოლი ბრძოლის ველზე მკვდარი თუ დაჭრილი. ეს ლატრუნის ბრძოლის და მასში შარონის მონაწილეობის შედეგია.

1948 წელს ლატრუნის ბრძოლას შარონი ხშირად, ძალიან ხშირად იხსენებდა სიტყვებით „მკვდრეთით აღდგომა“. სინამდვილეში ეს თითქმის ასე იყო, ბრძოლების წარუმატებლად განვითარების შედეგად ისრაელის ძალების მეთაურმა საკუთარ ძალების უკან დახევის ბრძანება გასცა, რათა შემდეგ ეს ტერიტორია არტილერიით დაემუშავებინათ. ამ მომენტისთვის შარონი პირადად მძიმედ დაჭრილი, ხოლო მისი ოცეულის მნიშვნელოვანი ნაწილი მწყობრიდან გამოსული იყო, მათ შორის დაღუპულებიც. შარონის სამხედრო მეთაურებმა იმოქმედეს მაშინ ისრაელის არმიაში მიღებული ნორმალური წესით, მტრის წინააღმდეგობას ვერ ლახავდნენ, ამიტომ დიდი მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად ბრძოლის ველიდან გასვლა დაიწყეს. სამწუხარო რეალობა ის იყო, ვინც შეიტყო ამ ბრძანების შესახებ და ვისაც შეეძლო გამოსვლა მხოლოდ ისინი თუ გადარჩებოდნენ „დამატებით მსხვერპლად ქცევას“. მაგრამ ბრძოლის ველზე იყო დანაყოფი, რომელმაც ამ ბრძოლების შესახებ არაფერი იცოდა და თანაც იმდენად დაზიანებული, რომ საკუთარი ძალებით გამოსვლაც გაუჭირდებოდა. ეს დაჭრილი არიელ შარონის ოცეული აღმოჩნდა, რომელმაც შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ებრაელებისგან დაცლილ ტერიტორიაზე მოწინააღმდეგე ჯარისკაცები დააბიჯებდნენ, ეძებდნენ გადარჩენილებს დასახვრეტად, მეორეს მხრივ ცხადი იყო რომ ტერიტორიას ებრაული საარტილერიო ცეცხლი ელოდა.
ბრძოლა ისე განვითარდა, რომ დაჭრილი არიკი შემთხვევით იპოვა ბრძოლის ველზე ახალგაზრდა ჯარისკაცმა, რომელმაც არაადამიანური ძალისხმევით გამოიყვანა ცოცხალ-მკვდარი შარონი, გარკვეული მანძილის დაფარვის შემდეგ შარონი ხედავდა, როგორ უვლიდნენ გვერდს სხვა უკანდახეული ჯარისკაცები დაჭრილებს და არავინ არავის არ ეხმარებოდა. შარონმა ორჯერ უბრძანა 16 წლის Yaakov Bogin-ს დაეტოვებინა ის ბრძოლის ველზე და საკუთარი თავისთვის ეშველა, მაგრამ ახალგაზრდა ჯარისკაცმა ყური არ უგდო და სისხლისაგან თითქმის დაცლილი შარონი მაინც გამოიყვანა სამშვიდობოს.
ბენ-გურიონის მიერ მიღებული ლატურნის ბრძოლის სტრატეგიული გადაწყვეტილება შარონს ცხოვრებაში არასდროს გაუპროტესტებია, მაგრამ ბრძოლიდან გამოსულს პრეტენზიები ჰქონდა ბრძოლის ტაქტიკურ მეთაურებთან. ბრძოლა საწარამოებელი იყო, მაგრამ თანამებრძოლების დატოვება სრულიად დაუშვებელი – ასეთი იყო შარონის ხედვა.
ამ ბრძოლით შთაგონებულმა შარონმა თავზეხელაღებულ ბრძოლასთან ერთად კრიტიკული შეფასებების საჭიროებებიც დაინახა. მოგვიანებით მან თავის ლეგენდარულ 101-ე დანაყოფში დაუწერელ კანონად აქცია წესი – „არცერთი ჩვენიანს ბრძოლის ველზე არ ვტოვებთ, არც ცოცხალს და არც მკვდარს“. 101-ე დანაყოფში შარონის ხელმძღვანელობის ქვეშ ეს იმდენად მორალურ ვალდებულებად იქცა, რომ ცოტა ხანში ისრაელის მთელს არმიაზე გავრცელდა.

იმ წლებში ახალგაზრდა შარონი გენერალ დაიანსაც გაიცნობს, მაგრამ მასთან ნაცნობობა თავიდანვე გახდა პრობლემატური. 1952 წელს დაიანმა თავის დანაყოფს, რომელთა შორის შარონიც იყო, იორდანიელებთან ტყვედ ჩავარდნილი ორი ებრაელი ჯარისკაცის გამოხსნაზე მუშაობა დაავალა. შარონი გამოეხმაურა დავალების შესრულებას. პრობლემა საკმაოდ მარტივი გზით გადაჭრა, გადავიდა იორდანიელთა კონტროლირებად ტერიტორიაზე და იმავე ღამით ორი იორდანიელი სამხედრო გაიტაცა და გამოიყვანა ისრაელში მომავალში გაცვლის მიზნით. ეს ერთ-ერთი პირველი ოპერაცია იყო ამ სახის, რომელიც მოგვიანებით არაერთი განხორცილდა. დაიანმა მოუწონა შედეგი. შარონის შეფასებით შედეგს იწონებდნენ მაშინ, როცა ყველაფერი ბრწყინვალედ ჩაივლიდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერაციაზე ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას არ იღებდა. შარონი საკუთარი პასუხისმგებლობის ხარჯზე ატარებდა ასეთ ოპერაციებს. შარონის დანაყოფმა არაერთი თამამი ოპერაცია ჩაატარა თითოეული ებრაელის გადასარჩენად. ნელ-ნელა ამ ოპერაციებს აქტიური უკმაყოფილება მოჰყვა სამხედრო ხელმძღვანელობისგან. ზოგი შარონს ძალის გადაჭარბებით გამოყენების „ზედმეტი სამოქალაო“ მოწინააღმდეგის ბანაკში მსხვერპლის გამოწვევაში დებდა ბრალს, ზოგი ამავდროულად საკუთარი დანაყოფის მსხვერპლის მიმართ ინდეფერენტულ დამოკიდებულებას აბრალებდა. სინამდვილეში შარონს არ ყავდა ელიტარულად გაწვრთნილი დანაყოფი.

მისი დანაყოფის მთავარი ძალა შარონის ნების სიმტკიცეში, მეთაურობის მაგალითში და ენთუზიზმში მდგომარეობდა. მისი დანაყოფი პრაქტიკულად ერთდროულად წვრთნებს გადიოდა, სწავლობდა და ურთულეს ოპერაციებს ატარებდა. ასე რომ შეცდომა, რომელიც ისედაც დასაშვებია ბრძოლაში ხდებოდა კიდეც სინამდვილეში, მაგრამ საყვედური თუ რატომ მოსდიოდა ვინმეს შეცდომა ბრძოლის ველზე იმ ეპოქაში, იმ მომზადების პირობებში წესით არც კი უნდა დასმულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ შარონი დაუმსახურებელ სამხედრო შენიშვნებს ღებულობდა, მუდმივად იზრდებოდა მის მიმართ სამხედრო დავალებები და ამ ოპერაციების სირთულეც. ამ ფონზე კი შარონს და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის ურთიერთუნდობლობა ყალიბდებოდა. შარონს სულ ტყუილად ჰქონდა მოლოდინი, რომ მისი და მისი ახალგაზრდა, უკვე ძლიერი დანაყოფის მიერ ისრაელის ინტერესებისთვის გაწეულ სამსახურს ბენ-გურიონი დაუფასებდა. მართალია ბენ-გურიონი უმაღლეს შეფასებებს აძლევდა შარონის ოპერაციებს, თვითონ შარონს სრულიად გულწრფელად აფასებდა, როგორც ისრაელის საუკეთესო სამხედროს, მაგრამ შარონის მოლოდინებს მისი სამხედრო კარიერული წინსვლის თვალსაზრისით სულ სხვანაირად უყურებდა ვიდრე ეს შარონს წარმოედგინა.
სინაის ომშიც შარონის დანაყოფმა უმძიმესი მისია შეასრულა, მაგრამ ამ ომს აქამდე არნახული ბრალდება მოჰყვა შარონის წინააღმდეგ, თითქოს შარონი ბრძოლის დროს დაიმალა. ეს ცალსახად ისეთი ბრალდებაა, რომ კომენტარს საერთოდ არ საჭიროებს, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ბრალდებათა წყება, რომელიც შედგებოდა ურთიერთგამომრიცხავი პრეტენზიებისგან, როგორიცაა ძალის გადაჭარბება ბრძოლაში და ბრძოლის დროს დამალვა, დაუმორჩილებლობა ხელმძღვანელობისადმი და დავალების არასათანადოდ შესრულება, მოტყუება, რასაც უკვე ერთვოდა თან ადრე შარონის მიერ ჩატარებული ოპერაციის გაეროს დონეზე არსებული კრიტიკა, საკმარისი მიზეზი გახდა „ისრაელის საუკეთესო ჯარისკაცის“ ინგლისში სასწავლებლად გასაშვებად, რასაც შარონი როგორც არმიიდან გაძევებას აღიქვამდა და არც ცდებოდა. მისი სასწავლებლად გაშვება დაიანის მიერ ძირითადად სწორედ იმით იყო მოტივირებული, რომ დაუმორჩილებელი შარონი საქმისგან ჩამოეშორებინა. ლონდონში კვლავ მცდარი ხედვები ჰქონდა მომავალზე, კიდევ ფიქრობდა რომ ბენ-გურიონი მას მაღალ სამხედრო პოსტზე განიხილავდა. ამიტომაც წერილებს წერდა ბენ-გურიონის თანაშემწეებს, ხან სამხედრო თემებზე, ახალ-ახალ იდეებზე, სამხედრო სტრუქტურებზე და თანაც პრაქტიკულად ითხოვდა უკან ისრაელის არმიაში დაბრუნებას. ერთ-ერთ წერილს ასე ამთავრებს: „გთხოვთ არ დაგავიწყდეთ, რომ მე აქ ვარ, ველოდები საჭიროების შემთხვევაში გამოძახებას“. თუმცა სამშობლოში დაბრუნებული ბენ-გურიონმა მხოლოდ საერთოდ არმიიდან დათხოვნისგან გადაარჩინა, ის იქ უკვე სამხედრო ხელმძღვანელობას აღარ სჭირდებოდა, რაც მოხერხდა, ეს მისი „მეორე გაძევება“ იყო, აქტიურ არმიას მაინც ჩამოაშორეს და სასწავლო ცენტრში დანიშნეს. თუმცა შარონმა ეს პოზიცია სარგებლის მომტანად აქცია. სწორედ იმ პერიოდში ჩაეყარა ორ მთავარ მიმართულებას საფუძველი: პირველი – ორგანიზებული სამხედრო წვრთნების სისტემას, მათ შორის მთავარი – სატანკო მიმართულების დაფუძნებას და მოგვიანებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო-სასწავლო ცენტრების მასიური განთავსებით ოკუპირებული ტერიტორიების მუდმივ მაღალ საბრძოლო მდგომარეობაში ყოფნა – ესეც შარონის მიგნებაა.

ნამდვილად გაძლება იყო რაც შარონმა 1967 წლამდე გაიარა. 6 დღიან ომამდე რამოდენიმე თვით ადრე გენერლის წოდება მიანიჭეს და კონკრეტული საბრძოლო დანაყოფიც ჩააბარეს. შედეგი იყო 6 დღიან ომში აბუ-აგეილეზე შარონის მიერ განხორცილებეული შეტევა, რომელიც დღესაც ისწავლება მსოფლიო ყველა სერიოზულ სამხედრო სასწავლებელში.
მიუხედავად ყველაფრისა მოვლენები ისე განვითარდა, რომ შარონის გამოყენებას, იმ დოზით როგორითაც ის საკუთარ თავს ქვეყანას სთავაზობდა და რისი პოტენციალიც გააჩნდა ხელმძღვანელობის მხრიდან აღარ ხდებოდა. შარონმა პირველად დაიწყო ფიქრი პოლიტიკაზე, როგორც ისრაელისთვის სამსახურის გაწევის ალტერნატიულ პლატფორმაზე. ამ პერიოდში მან კიდევ ”მძიმე გაძევება“ მიიღო არმიიდან, რაღაც გამოგონილ და არარსებულ თანამდებობაზე დაინიშნა, რომლის დანიშნულება უნდა ყოფილიყო მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და ლექციების კითხვა ისრაელის არმიის თაობაზე.

1973 წლის იომ ქაფურის ომის წინ შარონი უკვე პრაქტიკულად წასული იყო პოლიტიკაში. თუმცა შეგნებულად დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს ომში მონაწილეობის მიზნით. სწორედ მან შეცვალა მთელი ამ კამპანიის ბედი სუეცის არხის გადაკვეთით და კაიროს მაგისტრალზე გასვლით, კიდევ ერთი უნიკალური სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და სამხედრო კარიერაც დაამთავრა.

იომ ქაფურის ომმა, იმ სახალხო პოპულარობამ, რაც ამ ომმა მოუტანა შარონს საბოლოო გადაწყვეტილება მიაღებინა პოლიტიკაში წასასვლელად. სინამდვილეში სხვა არც გამოსავალი გააჩნდა, მაგრამ პოლიტიკური კარიერა ძალიან ნელი ნაბიჯებით დაიწყო, თუმცა ამ გზამ თავდაცვის მინისტრობამდე მიიყვანა. ამ სახით კი ყველაზე დიდ პოლიტიკურ კატასტროფამდე, რომლის შემდეგ ქვეყნისთვის კვლავ საკუთარი სამსახურის ძალით შეთავაზება ალბათ სიგიჟის ზღვარზე უფრო გადიოდა, ვიდრე რამე რაციონალურის, თუმცა შარონის ნების სიმტკიცის ძალას იმის უნარი აღმოაჩნდა, რაც სხვას სასაცილოდ ან სიგიჟედ მიაჩნდა ისეთი რამ გაეკეთებინა, დაეძლია ისეთი პირადი პოლიტიკური მარცხი, როგორიც ისრაელში მანამდე არავის ამ სახით არასდროს დაუძლევია.
ებრაელი ხალხის უსამართლო განაჩენი – დამნაშავე ქვეყნის უანგარო სამსახურისათვის
1982 წლის ლიბანის ომი გარდაუვალი საჭიროება იყო ისრაელის უსაფრთხოებისთვის. ამ ომის მიზანი ეჭვგარეშეა. თავისთავად ომმა თავიდანვე წარმოშვა პრობლემები როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, მათ შორის ამერიკასთან, ასევე შიგნით ებრაულ საზოგადოებაში. ბეგინის მთავრობის ამოცანას ბეირუთიდან განედევნათ ათასობით ტერორისტი, რომლებიც პრაქტიკულად გვერდითა ქალაქიდან აწიოკებდნენ ისრაელს, მოესპოთ არაფატის შტაბბინა და დაემყარებინათ მოკავშირე ქრისტიანული ძალების რეჟიმი, ებრაული საზოგადოება ბუნებრივია ერთსულოვნად არ შეხვედრია. ომის გახანგრძლივებამ სამოქალაქო პროტესტის ტალღას დაუდო საფუძველი.

მიუხედავად სირთულეებისა, პროგრამა მინიმუმი მიღწეული იქნა, არაფატმა ტუნისში გადაინაცვლა, ათასობით ტერორისტმა ისრაელის სახმელეთო ოპერაციის შემდეგ სრულად დატოვა ბეირუთი, ლიბანის პარლამენტმა კი ქვეყნის პრეზიდენტად ისრაელის მოკავშირე ქრისტიანთა დაჯგუფების ლიდერი ბაშირ ჟმაიელი აირჩია, თუმცა უდიდეს ფასად, პრაქტიკულად ბოლომდე მიყვანილი საქმე ერთ დღეში კატასტროფულად დამძიმდა. ბაშირ ჟმაიელი ინაოგურაციამდე ერთი კვირით ადრე საჯარო გამოსვლისას ტერორისტების მსხვერპლი გახდა. სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა ბეირუთში. შედეგად ქალაქში ისრაელის ძალების შეყვანა გახდა საჭირო, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ქრისტიანული უკონტროლო დანაყოფები, რომლებიც საკუთარი ლიდერის სიკვდილით იყვნენ დაბრმავებულები შეიჭრნენ პალესტინელთა დასახლებაში საბრა და შატილეში, შედეგი იყო კატასტროფული, შეტაკებისას მსხვერპლი აშკარად იყვნენ ქალები და ბავშვები, სურათი ძალიან გავდა პალესტინელების ბანაკის ამოხოცვას ქრისტიანების მხრიდან. მიუხედავად ვითარების დრამატიზმისა ყველასთვის ცალსახა უნდა ყოფილიყო, რომ ამ ქმედებაში ისრაელი და მისი ძალები არ მონაწილეობდნენ. მაგრამ ისრაელში საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მძაფრი ქვეყნის ისტორიაში უპრეცენდენდენტო 400 000-იანი მიტინგი მოეწყო დედაქალაქის ცენტრში, ასეულობით ათასმა ადამიანმა პირდაპირი პასუხისმგებლობა არიელ შარონს დააკისრა. ერთ დღეში შარონი ისრაელისთვის მშვიდობიანი მოქალაქეების, ქალების და ბავშვების მასიურ მკვლელად იქცა. ეს რათქმაუნდა სინამდვილესთან ახლოს არ იყო, მაგრამ საზოგადოებრივმა პროტესტმა და მედიის წნეხმა ბეგინის ხელისუფლება მორალურად გატეხა.
ბეგინი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ცნობილი იყო პრინცილული პოზიციების დაცვით, რომელიც მიმდინარე ომის პირობებში პრეზიდენტ რეიგანთან დაძაბულ საუბრებსაც არ მორიდებია, იმიტომ რომ იცოდა რომ მოქმედებდა ისარაელის სამართლაინი ინტერესების დასაცავად სრულიად ლეგიტიმურ ფარგლებში. ახლა მასიური საზოგადოებრივი და მედია წნეხის პირობებში ისრაელის პრეზიდენტის იცხაკ ნავონის ულტიმატუმის შედეგად პრაქტიკულად დანებდა. ნავონი სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა წინაღმდეგ შემთხვევაში გადადგომით დაემუქრა. ისეთი მძიმე წონიანი პოლიტიკოსისთვის მოცემულობას აყოლილი ნავონის ულტიმატუმი თითქოს არაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში პირიქით მოხდა, ბეგინი ამ ულტიმატუმს დათანხმდა და პარალელურად საკუთარი მრჩევლების პოზიციაც გაიზიარა, კომისია მაქსიმუმ შარონს თუ დაადანაშაულებდა. ყველას კარგად ესმოდა რეალური სურათი, სინამდვილეში ისრაელი არ იყო პასუხისმგებელი ქრისტიან და მუსლიმ ლიბანელებს შორის მომხდარ ხოცვა-ჟლეტაზე, განსაკუთრებით აბსურდი იყო შარონის მკვლელად გამოცხადება, მაგრამ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში და მათ მიერ უკვე გამოტანილი განაჩენი სახეზე იყო.

შარონის პერსონა, მისი რეპუტაცია კი იმდენად სუსტი აღმოჩნდა, რომ მისი მოსმენაც კი არავის მონდომებია, სახლთან, ოფისთან ათასობით ადამიანი ხვდებოდა შარონს შეძახილებით „მკვლელი!“ „გადადექი!“.
მიუხედავად იმისა რომ შარონი უკვე პოლიტიკოსი იყო, ის კლასიკური გაგებით პოლიტიკოსად შემდგარი კიდევ არ იყო. სამწუხაროდ ახლაც, როგორც თავის დროზე ბენ-გურიონის შემთხვევაში, უმიზეზოდ ჰქონდა ბეგინის პრინციპულობის იმედი, ეგონა რადგან პრემიერმა ბეგინმა სიმართლე იცოდა, მკვლელად მის გამოცხადებას წინ აღუდგებოდა. გაოგნებული დარჩა, მოგვიანებით როცა როგორც თვითონ იხსენებს ბეგინმა პირველად არ უპასუხა ტელეფონზე.
ბეგინის შემთხვევა მართლა უცნაური იყო, შარონის მის მიმართ ნდობა არ იყო უსაფუძვლო. მისი მხრიდან შარონზე ხელის შეხოცვის მცდელობა, როცა თვითონ სრულიად ფლობდა ვითარებას, ნამდვილად არ გავდა ბეგინის ქცევას. თუმცა მისი ასეთი საქციელი ისტორიისთვის პასუხგაუცემელი დარჩა, რადგან მოვლენებიდან სულ რამდენიმე თვეში თვითონაც, ყოველგვარი განმარტებების გარეშე მთავრობის სხდომაზე განაცხადა დავიღალე, გადავდექიო. რამდენიმე წელიწადი სიკვდილამდე კი პოლიტიკისგან და საჯარო ცხოვრებისგან დისტანცირებულად გაატარა. არასდროს არანაირი განმარტება არ გაუკეთებია.

მენახემ ბეგინი 1983 წელს გადადგა თანამდებობიდან, 1992 წელს გარდაიცვალა და დღემდე არ არსებობს ზუსტი პასუხი რა იყო მოულოდნელი, აუხსნელი გადაგომის მიზეზი. მაგრამ შარონი მიუხედავად ყველაფრისა ბრძოლის გაგრძელებას კიდევ დიდხანს აპირებდა, ამიტომაც დანიშნული საგამოძიებო კომისიისთვის ადვოკატიც მოიკითხა, მაგრამ როგორც თვითონ იხსენებს, იმდენად არაპოპულარულ ადამიანად იყო ქცეული, იმდენად მასიურად ედებოდა საჯაროდ ბრალი უსაშინლეს ქცევაში, ადვოკატი კარგა ხანს ვერ იშოვა.
საგამოძიებო კომისიას წმინდად ფორმალური ხასიათი ჰქონდა. საჯარო ემოციების ასახვის გარდა სხვა ვერაფრის გაკეთება ვერ მოახერხა და სიმართლე რომ ვთქვათ არც შეეძლო ობიექტურად.
შარონმა ერთ დღეს აღმოაჩინა რომ სრულიად მარტო იყო დარჩენილი, „ქალებისა და ბავშვების ხოცვაში“ ბრალდებულ ადამიანთან კომუნიკაცია არავის უნდოდა.
აქციების და პროტესტების ფონზე შარონმა თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, სხვა არანაირი გამოსავალი არ არსებობდა. მაშინ ყველა თვლიდა რომ შარონი საბოლოოდ დამთავრდა, როგორც საჯარო პირი. ძალიან ბევრი ამ გადადგომასაც „ცოტად“ მიიჩნევდა. ლიბერალურმა გაზეთმა „ჰაარეცმა“ შარონის გადადგომის დღეს პრაქტიკულად საერთო პათოსი გამოხატა, როცა დაწერა „შარონმა მადლობა უნდა გადაუხადოს ღმერთს, რომ ის არ იყო სტალინის მთავრობის წევრი 1953 წელს, არ იყო მაშინ როცა მთავრობა თუ გადაწყვეტდა მინისტრის მოხსნას, რომლისაც ყველას ეშინოდა და არავის ჯეროდა, და ამას აკეთებდა მისი ფიზიკური განიარაღებით და შემდეგ აგზავნიდა ისეთ ადგილას, საიდანაც არავინ ბრუნდებოდა უკან. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ბატონ შარონს დემოკრატიული სისტემის გამო მაინც პრივილეგიები აქვს“.
ალბათ არ არის რთული წარმოსადგენი ასეთი პოლიტიკური კრახის შემდეგ რამხელა რწმენაა საჭირო საკუთარი საქმის, საკუთარი ქვეყნის და საკუთარი თავისადმი, რომ ადამიანმა გააგრძელოს იმის კეთება, რასაც აკეთებდა, გააგრძელოს იმ საქმის ინტერესებისთვის ბრძოლა, რამაც საკუთარი ერისთვის ბოროტების სიმბოლოდ აქცია.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური განაჩენი შარონის მიმართ მართლა საბოლოოს გავდა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ შარონი ადგილობრივ არჩევნებში ჩაერთო. კამპანიის განმავლობაში 180-მდე მცირე შეხვედრა ჩაატარა. მასთან შეხვედრებზე ხალხი პრაქტიკულად არ მიდიოდა, როცა მიდიოდნენ დიდწილად მხოლოდ ლანძღავდნენ და „მკვლელს“ ეძახდნენ. მედია მის აქტივობებს პრაქტიკულად არ აშუქებდა.
არიკ, შენ გმირი ხარ – ებრაელი ხალხის გულწრფელი მადლობა
ამ დაუმსახურებელმა მარცხმა შარონს ყველაზე ნათლად ორი რამ აჩვენა. ერთი, რომ სრულიად მარტო იყო და მეორე, რომ მიუხედავად პოლიტიკური თანამდებობისა ის არშემდგარი პოლიტიკოსი იყო საკუთარი პოლიტიკური საყრდენის გარეშე, და თუ სურდა კიდევ ქვეყნის სამსახურში ყოფნა, ჯერ ეს პრობლემები უნდა გადაეჭრა.

ასეც მოიქცა. პოლიტიკური სპექტრი ნელ-ნელა ხედავდა როგორ ქმნიდა შარონი საკუთარ პოლიტიკურ საყრდენს ლიკუდში, პატარას მაგრამ ეფექტურს. როგორც მოგვიანებით თვითონ იტყვის, მისი რეალური უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის ბევრად ნაკლებად ამბიციური იყო, ვიდრე ხალხს ეგონა.
საქმეც ეს იყო, შარონის იდეა და სურვილი იმაში კი არ მდგომარეობდა რომ საზოგადოებრივი აზრის დაკვეთებს დაჰყოლოდა, მისი იდეა იყო შეექმნა საზოგადოებრივი აზრი, იდეა, ისრაელის გზა მომავლისკენ.
მიუხედავად ყველაფრისა შარონს პოლიტიკური პლატფორმის შექმნის გზაზე საკუთარი სტილისთვის, პირდაპირობის და სიხისტისთვის არ გადაუხვევია. ზემოთ აღწერილია მაგალითი მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდის. ეს ყველაფერი 1983 წლის შემდგომი პერიოდია, როცა მან ჯერ საკუთარ პარტიაში პოზიციების გაძლიერებით დაიბრუნა პოლიტიკური გავლენები და დაიწყო საბოლოო პოლიტიკური მიზნის – პრემიერ-მინისტრობისკენ მოძრაობა.
ერთი შეხედვით წლების განმავლობაში ტოტალური მხარდაჭერის მოპოვება შეიძლება ჩანდეს მის ტრიუმფად, ან ის მოვლენა რომ თითქმის 20 წლის თავზე იმავე მოედანზე სადაც 400 000 ადამიანი მკვლელს ეძახდა, მხარდამჭერთა უფრო დიდი დემონტრაციის ხილვა, რომელიც სულ სხვა კონტექსტში სკანდირებდა „არიკ“-ს. შეიძლება მისი ნების სიმტკიცის ტრიუმფად მისი პრემიერ-მინისტრობა ჩანდეს, შეიძლება ის სრულიად შეცვლილი საზოგადოებრივი დამოკიდებულება, როცა ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობა მასში უსაფრთხოების გარანტიას და იმედს ხედავდა, შეიძლება ის, რომ შარონი მშვიდობის გარანტორად იქცა.
2003 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტის მეორედ დაკავების შემდეგ მის მიერ საკუთარი შვილისთვის ოჯახურ გარემოში ნათქვამი სიტყვები იყო ის, რასაც ემსახურებოდა მისი ნების სიმტკიცე და რისთვისაც იმარჯვებდა და მარცხდებოდა ათწლეულების განმავლობაში, გამარჯვების კიდევ უფრო განმტკიცებით ნასიამოვნებმა შარონმა საკუთარ შვილს უთხრა „ახლა ვგრძნობ, რომ მაქვს ისტორიული მისიის შესრულების შესაძლებლობა, შევცვალო მთელი ახლო აღმოსავლეთის სახე“.
2005 წელს არიელ შარონს მცირე ინსულტი დაემართა. მიუხედავად ექიმების მრავალჯერადი გაფრთხილებისა, ორი დღის შემდეგ იგი მყისიერად დაუბრუნდა სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას. ეს საბოლოოდ ფატალური აღმოჩნდა მისთვის. პირდაპირი მნიშვნელობით მან თავისი სიცოცხლე ისრაელის სამსახურში გალია.

შარონის ისტორია ნების სიმტკიცის თვალსაზრისით არის ერთი უწყვეტი ისტორია ადამიანის, რომელმაც საკუთარი თავი ქვეყნის სამსახურს მიუძღვნა, რომლისთვის ამ სამსახურისთვის გასაღებ მსხვერპლზე უფრო რთული აღმოჩნდა ამ სამსახურის გაწევის შესაძლებლობის მოპოვება. რომ არა მისი ძლიერი, უდრეკი ნება, არაფერი შეაძლებინებდა კვლავ ისრაელის უსაფრთხოების და ინტერესებისთვის ემუშავა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თითქმის მთელმა ისრაელმა უთხრა უარი, უფრო მეტიც, როგორც მასიურ მკვლელს და მოძალადეს განაჩენი გამოუტანა. ამ ადამიანის ცხოვრებაში თანაბრად ჩანს პერსონალური, სამხედრო და პოლიტიკური ნების უწყვეტობა და უდრეკობა, რომელიც არ გამოიხატება ცალკე აღებულ რომელიმე სამხედრო ან პოლიტიკურ ქცევაში. მისი დანახვა ერთიანობაში უფრო არის შესაძლებელი.