„ფრანგების შემოსევა უეცარ ქარიშხალს ჰგავდა, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა“ – ეს სიტყვები ეკუთვნის ფრანჩესკო გვიჩარდინის, მაკიაველის მეგობარს, იტალიელ დიპლომატს და ისტორიკოსს, რომელსაც მოუწია ცხოვრებამ დენთის ეპოქის გარიჟრაჟზე, სწორედ მაშინ როცა ფრანგების შეჭრით იტალიაში პრაქტიკულად დაიწყო დენთის რევოლუცია, რაც თავის მხრივ აღმოჩნდა ომის თამანედროვე ფორმებზე გადასვლის გრძელვადიანი, მრავალსაუკუნოვანი პროცესის საწყისი ეტაპი. ომის წარმოების თანამედროვე ფორმები იმ დიდი ტრანსფორმაციის შედეგია, რომელიც სათავეს რენესანსის ეპოქიდან იღებს.
ომის ტრანსფორმაციის ეს 500 წლიანი პროცესი კი თავის მხრივ შედგება რამდენიმე სამხედრო რევოლუციისგან, რომელთა მნიშვნელობის თაობაზე მეცნიერები და ისტორიკოსები ცალსახად თანხმდებიან, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს განსხვავებული შეხედულებები სხვადასხვა რევოლუციის, ამ შემთხვევაში კი დენთის რევოლუციის როგორც დაწყებისა და დამთავრების, ასევე მისი მიმდინარეობის გეოგრაფიული არეალის თაობაზე.
უშუალოდ კონცეფცია ევროპაში მომხდარი დენთის რევოლუციის თაობაზე პირველად მაიკლ რობერტსმა წამოაყენა 1955 წელს შვედეთის მეფე გუსტავ ადოლფთან დაკავშირებულ სტატიაში. ამ კონცეფციის თანახმად XVI-XVII საუკუნეებში მიმდინარე ურთიერთდაკავშირებულმა პროცესებმა გარდაქმნა როგორც ომის წარმოების ფორმები, ასევე ომის მწარმოებელი სუბიექტი – სახელმწიფო. დენთის მიერ გამოწვეულმა შოკმა სამუდამოდ ჩაანაცვლა ბრძოლის ველზე მანამდე დომინანტი ხის თუ ლითონის მექანიკური ძალა, ამ ფონზე კი ფეოდალური კავალერიის ტაქტიკის ჩანაცვლებამ ქვეითი ჯარის ტაქტიკით გამოიწვია ერთი მხრივ არმიების მასობრივი ზრდა, მეორე მხრივ კი ამ არმიებისთვის საჭირო სახელმწიფოს ადმინისტრაციული და ფინანსური სტრუქტურების გარდაქმნა. რობერტსის თანახმად ზემოთ აღწერილმა პროცესმა კულმინაცია 1560-1660 წლებში შვედურ არმიასა და სახელმწიფოში განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ რობერტსი ითვლება დენთის რევოლუციის კონცეფციის ფუძემდებლად და მისი შეხედულება ფართოდაც არის გაზიარებული, არსებობს საკმაოდ ცნობილი განსხვავებული არგუმენტებიც, მაგალითად ისეთი, რომლის ავტორიც არის ჯოფრი პარკერი, რომლის მტკიცებითაც ჯერ კიდევ რობერტსის მიერ ნახსენებ ეპოქამდე, კერძოდ კი 1560-იან წლებამდე კარგა ხნით ადრე იყო დაწყებული აღნიშნული რევოლუცია და მისი აზრით ეს არა შევედეთში, არამედ ესპანეთში მოხდა. მისი მტკიცებით 1570 წლისთვის ესპანეთს უკვე ჰყავდა მასიური მუდმივი არმია, რომელსაც გააჩნდა დაფინანსების, წვრთნის, ლოჯისტიკის და მართვის ადეკვატური სტრუქტურა. უფრო მეტიც, ამ ორი განსხვავებული შეხედულების გარდა არსებობს პირობითად მესამე შეხედულებაც, რომლის სამაგალითო წარმომადგენლად ჯერემი ბლექი შეიძლება დასახელდეს. ეს უკანასკნელი საერთოდაც მიიჩნევს რომ აღნიშნულ რევოლუციას ადგილი ჰქონდა რობერტსის მიერ აღწერილი ეპოქიდან ერთი საუკუნის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღწერილი განსხვავებები ნამდვილად საინტერესოა, მათ შორის შეუთანხმებლობა სრულებითაც არ არის გაუგებარი, თითოეული მათგანი სწორედ იმ ეპოქაზე სპეციალიზირდება, რომელშიც დაინახა დენთის რევოლუციის მთავარი მახასიათებლები, რობერტსი – ჩრდილოეთ ევროპაზე გუსტავ ადოლფის ეპოქაში, პარკერი – მეთექვსმეტე საუკუნის ესპანეთზე, ბლექი კი XVII-XVIII საუკუნის ევროპაზე. სწორედ ამ თვალსაზრისს ითვალისწინებს მკვლევართა უმრავლესობა. თუმცა სრულებითაც არ არის რთული შეთანხმება იმ ფაქტზე, თუ როდის ჰქონდა ადგილი დენთის ეპოქის პირველ, ტექნოლოგიური თვალსაზრისით ინოვაციურ ომს – ასეთი ომის პირველი მერცხალი იყო 1494 წელს იტალიაში შეჭრილი საფრანგეთის მეფე შარლ VIII. ამ ელვისებურმა ომმა, რომელსაც მაშინ თანამედროვეებმა „უეცარი ქარიშხალი“ უწოდეს მართლაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა და საფუძველი ჩაუყარა პოლიტიკური, სოციალური თუ სამხედრო წესრიგის ფუნდამენტური ცვლილებების შეუქცევად პროცესს. ცალსახად შეიძლება ითქვას რომ 1494 წელი არის ომის ისტორიაში ნიშნული, რომელიც აღნიშნავს შუასაუკუნებრივი ომის ეპოქის დასასრულს და თანამედროვე ომის წარმოების ეპოქის დასაწყისს. ასეთი მიდგომა შესანიშნავად ერწყმის ფრანსის ბეკონის საყოველთაოდ ცნობილ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც თანამედროვეობა სიახლეთა ტრიომ – დენთმა, საოკეანო ნავიგაციამ და საბეჭდმა დაზგამ მოიტანა.

თანამედროვეობა ომში ნამდვილად დენთმა მოიტანა, თუმცა სამხედრო სფეროში რევოლუციები ერთ დღეში ნამდვილად არ ხდება. არც დენთის რევოლუცია მომხდარა დროის მოკლე პერიოდში, შესაბამისად ომის ტრანსფორმაციის უკანასკნელი 500 წლიანი პროცესი შეიძლება დავყოთ შემდეგ რევოლუციურ ეპოქებად:
- დენთის რევოლუცია – 1494-1700 წლები;
- პირველი სამრეწველო რევოლუცია 1750-1900 წლები (ამავე რევოლუციაში შედის ომის წარმოების დემოკრატიზაცია);
- მეორე სამრეწველო რევოლუცია – 1900-1945 წლები. (აქვე იგულისხმება ატომური იარაღი, ვინაიდან „ატომური რევოლუციის“ ცალკე განხილვა ცალკე საფუძველს მოკლებულია, მიუხედავად საკუთარი დამანგრეველი ძალისა ატომურ იარაღს ნამდვილად არ მოუხდენია ომის ფორმების ისეთი ცვლილება, როგორც მაგალითისთვის ეს დენთმა ან შიდა წვის ძრავამ შეძლეს);
- ინფორმაციული რევოლუცია – 1970 წლიდან დღემდე (სხვა რევოლუციისგან განსხვავებით, ამ რევოლუციის საბოლოო შედეგი ჯერაც არ არის ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციულ რევოლუციას მკვლევარები უკვე ყოფენ პირველ ინფორმაციულად 1970-2000 წლებში და მეორე ინფორმაციულად, რომელიც დღეს მიმდინარეობს).
ზემოთ მოყვანილი კლასიფიკაცია ეყრდნობა ტექნოლოგიურ ასპექტს, თუმცა არც ერთი მათგანის, მათ შორის არც დენთის რევოლუციის ერთადერთ მთავარ მახასიათებლად არ უნდა მოგვეჩვენოს მხოლოდ ის დიდი ცვლილებები, რასაც ამ ეპოქებში განიცდიდნენ სამხედრო შეიარაღებები, ომის ტრანსფორმაციის პროცესის ტექნოლოგიური პრიზმიდან დანახვის ხიბლმა არ უნდა დაგვაშვებინოს ასეთი შეცდომა, ვინაიდან რევოლუციებს არსებითად განაპირობებდა სამხედრო ტექნოლოგიებისა და ტაქტიკის შერწყმა, რასაც პარალელურად თან სდევდა სტრატეგიული აზროვნება. ყოველივე ეს კი მუდმივ ინტერაქციაში იყო უდიდეს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებთან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ომის წარმოების თანამედროვე ფორმებში სახელმწიფოს ტყუპისცალია, თანამედროვე ომის ფორმებს იმ ეპოქაში ეყრებოდა საფუძველი, რომელშიც ყალიბდებოდა თანამედროვე სახელმწიფოს კონცეფცია, ორივე მათგანი უდიდეს ზეგავლენას ახდენდა ერთმანეთის განვითარებაზე, ორივე ერთმანეთის პროგრესს უწყობდა ხელს. ასეთ მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულებაზე ალბათ ყველაზე უკეთ მეტყველებს ჩარლზ ტილის მოსწრებული შეფასება, რომლის თანახმადაც „ომმა შექმნა სახელმწიფო, სახელმწიფომ კი ომი“.
უფრო მეტის თქმაც შეიძლება, ომის წარმოების ფორმებში მომხდარი რევოლუციები ერთი მხრივ არ არის დამოკიდებული მხოლოდ ტექნოლოგიებზე, მეორე მხრივ რევოლუცია შეიძლება ისე განხორციელდეს, რომ მასში არანაირი როლი არ მიუძღოდეს სამხედრო ტექნოლოგიებს თუ იარაღს და ის აღმოჩნდეს დამოკიდებული სრულიად სხვა არატექნიკურ ფაქტორებზე. მაგალითისთვის, რევოლუციური საფრანგეთის ომების მოყვანა შეიძლება. ამ ფრანგულმა ომებმა მთელი მსოფლიო იმიტომ კი არ შეძრა, რომ ფრანგებს იმ ეპოქისთვის ვინმესთან შედარებით წინ წასული შეიარაღება გააჩნდათ, არამედ იმ იდეოლოგიური შემადგენლის წყალობით, რითაც იყო გაჟღენთილი იმჟამინდელი ფრანგული საზოგადოება. მთავარი მოვლენა მოქალაქეობის გაჩენა იყო – ეს აღმოჩნდა ფრანგების უპირატესობა პრუსიელებთან, რუსებთან თუ სხვებთან და არა ზარბაზანი. ასე რომ ისეთ ფაქტორებს როგორიცაა ნაციონალიზმი, აბსოლუტიზმი თუ დემოკრატია, იმაზე ნაკლები უშუალო გავლენა არ მოუხდენია ბრძოლის ველზე და ომის წარმოების ფორმებზე, ვიდრე ეს თავის დროზე ტანკებმა ან თვითმფრინავებმა მოახერხეს.
ტექნოლოგიურ ფაქტორებზე ფიქრისას არანაკლებ მნიშვნელოვანია თავიდან ავირიდოთ ყველაზე მიმზიდველი და ძალიან პრიმიტიული მოსაზრება, თითქოს ახალი იარაღის გამოგონებას ავტომატურად მოჰქონდეს უპირატესობა ომის წარმოებაში. ცალკე აღებული იარაღის გამოგონება ან უფრო ფართო ტექნოლოგიური ცვლილება ვერ იწვევს რევოლუციას ომის წარმოებაში. ამას ადამიანების მრავალმხრივი ქცევა განაპირობებს – მათი მხრიდან ტექნოლოგიების საუკეთესო გამოყენება და ეფექტურ კალაპოტში მიმართვა.
იარაღის და შეიარაღების გარდა რევოლუციური ცვლილება აუცილებლად მოითხოვს ადეკვატურ ტაქტიკას, სტრატეგიას, ორგანიზაციულ ადმინისტრირებას, ლიდერობას და სხვა ადამიანური ფაქტორების თანამონაწილეობას. ამასთანავე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიური ინოვაციების მიგნება, მათ შორის იარაღის გამოგონება, საერთოდაც არ ნიშნავს, რომ გამომგონებელი სოციუმი მოახდენს რევოლუციას ომის წარმოებაში, ასეთ შედეგებს მხოლოდ საუკეთესო გამომყენებლები აღწევენ. გამომგონებლები და საუკეთესო გამომყენებლები კი თავისუფლად შეიძლება აღმოჩდნენ არა ერთიდაიგივე სუბიექტები, არამედ ერთმანეთისგან ძალიან დაშორებულები, როგორც დროში, ასევე სივრცეში. ასეთი რამ თანაბრად შეიძლება ითქვას ბეკონის ტრიოს თითოეულ შემადგენელზე – დენთზე, საოკეანეო ნავიგაციაზე და ბეჭდვაზე. ყველა მათგანი ერთ დროს აზიაში იქნა გამოგონებული, თუმცა ჩვენთვის ცნობილი რევოლუციური დანიშნულება მათ სხვა დროში და სხვა ადგილას – ევროპაში მოიპოვეს. ასე რომ, სამხედრო რევოლუციები ძალიან გაბნეულია დროში და სივრცეში, რა თქმა უნდა მათ შორის დენთის რევოლუციაც. მისი მთავარი ტექნოლოგიური შემადგენელი დენთი ჩინეთში იქნა გამოგონებული, სავარაუდოდ IX საუკუნეში.
ერთი პერიოდი სრულიად მცდარად მიიჩნეოდა, რომ ჩინელი გამომგონებლები დენთს სამხედრო დანიშნულებით არ იყენებდნენ, თუმცა მოგვიანებითი კვლევებით აღმოჩნდა, რომ ჩინელები სინამდვილეში ევროპელებთან შედარებით ბევრად ადრე მოიხმარდნენ დენთს სწორედ რომ სამხედრო მიზნებისთვის. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ დენთის რევოლუცია არა ჩინეთში, არამედ ევროპაში დაიწყო, თანაც არა IX საუკუნეში, არამედ აღორძინების ხანაში. ამავე რევოლუციის დროში განგრძობადობაც ძალიან საგულისხმოა, ის 200 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, მისი ტექნიკური პროგრესი კი საკმაოდ შთამბეჭდავია, ძალიან პრიმიტიული არკებუზებით დაწყებული, საკმაოდ განვითარებული კაჟსასხლეტიანი თოფებით დამთავრდა. რაც შეეხება არტილერიას, დენთის რევოლუციის დასაწყისშივე მან ისეთი სახე მიიღო, რომელიც თითქმის უცვლელად შენარჩუნდა შემდგომი 350 წლის განმავლობაში.
შეიარაღების გამომგონებლებსა და საუკეთესო გამომყენებლებს შორის არსებული განსხვავების საუკეთესო განმაზოგადებელი მაგალითი ალბათ გერმანული სამანევრო ხელოვნების კულმინაცია ბლიცკრიგია. ბევრი ადამიანი სრულიად სამართლიანად უკავშირებს ამ ფენომენს ბრიტანულ გამოგონებას – ტანკს, თუმცა მწარედ ცდება ვინც გერმანული გამაოგნებელი წარმატების მიზეზებს ტანკების რაოდენობაში ან ხარისხში ეძებს. წარმატების ნამდვილი მიზეზი სულ სხვა – ადამიანურ ფაქტორებში იმალებოდა. როგორც მაქს ბუტი აღნიშნავს: „საყოველთაოდ მიღებული მოსაზრების თანახმად, გერმანია თავის მეტოქეებთან შედარებით დიდ ტექნიკურ და რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა. თუმცა თუ დავაკვირდებით იმას, თუ რა ძალებით შეიჭრა გერმანია პოლონეთში, ნორვეგიაში, დანიაში, ჰოლანდიაში, ბელგიასა და საფრანგეთში, აღმოვაჩენთ რომ ეს მოსაზრება სიმართლისგან ძალიან შორს დგას. გერმანიამ გაცილებით ნაკლები ტანკი და თვითმფრინავი გამოიყენა, ვიდრე ბრიტანეთმა და საფრანგეთმა; ხარისხის თვალსაზრისითაც მოკავშირეებს უკეთესი იარაღი გააჩნდათ ვიდრე გერმანელებს; ამ უკანასკნელთა წარმატების საწინდარი ძალთა გაცილებით უკეთესი კოორდინირება იყო, აგრეთვე მეთაურობის და წვრთნის უმაღლესი დონე, ისევე როგორც საბრძოლო სულისკვეთება. მოკავშირეებისგან განსხვავებით მათ უკეთესად გაიაზრეს როგორ გამოეყენებინათ ახალი ტექნოლოგიების უპირატესობა“.
ცალკე ყურადღების ღირსია რევოლუციური მიღწევების შენარჩუნების უნარი, რომელიც ურთულესი ამოცანა ჩანს, ვინაიდან ვერცერთი ტექნოლოგიური თუ ტაქტიკური მიღწევა ვერ უზრუნველყოფს სამუდამო უპირატესობას. მეტოქე ყოველთვის გადაიღებს ნებისმიერ სასარგებლო ინოვაციას და დღეს თუ არა ხვალ შეიძლება თავდაპირველ ინოვატორზე უკეთესად გამოიყენოს. ასე რომ რევოლუციური მიღწევების შენარჩუნება მხოლოდ სიახლეების, ზოგჯერ კი ერთი შეხედვით სრულიად უტოპიური სიახლეების მუდმივ ძიებაში შეიძლება იმალებოდეს, რაც თავის მხრივ ძალიან ძვირი და ურთულესი ამოცანაა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. დანამდვილებით კი შეიძლება იმის მტკიცება, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ვერ აითვისებს ინოვაციებს სამხედრო სფეროში განწირულია ეპოქალური ჩამორჩენილობისთვის. ასევე კრახისთვის არის განწირული ის სახელმწიფო თუ სამხედრო მანქანა, რომელიც საკუთარი ტაქტიკური წარმატებით და რევოლუციური წინსვლით მოხიბლული ვერ ამჩნევს ზღვარს შესაძლებელს და შეუძლებელს, ტაქტიკურ წარმატებას და სტრატეგიულ შესაძლებლობებს შორის.
შედეგად ისტორია სავსეა ისეთი სახელმწიფოების თუ ერების მაგალითებით, რომლებიც ეპოქალურ ჩამორჩენილობას განიცდიდნენ ომის წარმოების თანამედროვე განვითარებულ ფორმებთან მიმართებით. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი მსოფლიო კონფიგურაცია სწორედ იგივე სურათს იმეორებს, სახელმწიფოთა უმრავლესობა დღესაც ეპოქალურად ჩამორჩება ომის წარმოების XXI საუკუნის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.
რაც შეეხება მათ, ვინც შეძლეს გამაოგნებელი რევოლუციური წარმატების განვითარება ბრძოლის ტაქტიკურ ველზე, მაგრამ ვერ მოახერხეს ამ წარმატების შენარჩუნება და სტრატეგიულ დონეზე გამარჯვებად ტრანსფორმირება, უკვე ნახსენები გერმანული სამხედრო მანქანა და შარლ VIII კმარა, რომლის ომსაც რამდენიმე სიტყვით ქვემოთ უნდა მივუბრუნდეთ.
თუმცა სანამ უშუალოდ შარლ VIII-ის ომის მიმოხილვაზე გადავალთ, ერთ მნიშვნელოვან გარემოებას კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი. მაშინაც კი როცა ვსაუბრობთ დენთზე ან რომელიმე შეიარაღებაზე, მის მნიშვნელობასა და რევოლუციაზე, უნდა გვახსოვდეს, არ შეიძლება ტექნოლოგიური ფაქტორებისთვის ზედმეტად დიდი როლის მინიჭება, არასდროს უნდა დავამყაროთ მათზე იმაზე მეტი იმედები ვიდრე მათ ხელეწიფებათ. მოკლედ რომ ვთქვათ, სრულებითაც არ იქნებოდა მისაღები ისეთი ტექნოლოგიური უკიდურესობის გაზიარება, რომელსაც საუკეთესოდ ფულერის შემდეგი სიტყვები გამოხატავს: „დიდი უპირატესობის მქონე იარაღთან შედარებით სტრატეგია, მართვა, მეთაურობა, სიმამაცე, დისციპლინა, მომარაგება, ორგანიზება და ყველა სხვა მორალური თუ ფიზიკური ატრიბუტიც არაფერია, ყველაზე მეტი რაც მათ შუძლიათ შექმნან ეს არმიის საერთო შესაძლებლობების მხოლოდ ერთი პროცენტია“.
თუმცა ამ უკიდურესობის მიუღებლობა სრულებითაც არ ნიშნავს მეორე, მისი სრული საპირისპირო უკიდურესობის გაზიარებას, რომელსაც ალბათ თავის მხრივ ყველაზე უკეთ ნაპოლეონის შემდეგი მოსაზრება ეხმიანება: „ომში გამარჯვების სამ მეოთხედს მორალური სულისკვეთება განსაზღვრავს, მხოლოდ ერთ მეოთხედს კი ფაქტობრივ ძალთა ბალანსი“.
თუ ამ შეხედულებიდან რომელიმეს მივენდობით, აღმოჩნდება რომ შეიძლება ვირწმუნოთ სრულიად გაუწრთვნელი, არამოტივირებული, უთავბოლო არმიის წარმატების მხოლოდ იარაღის ხარჯზე, ან პირიქით, შეიძლება ვირწმუნოთ ძლიერ მტერზე შიშველი ხელებით მხოლოდ სულისკვეთების ხარჯზე გამარჯვების. საერთოდ კი არ ღირს ბრძოლის ველზე წარმატების ფორმულის პროცენტებით ან წილადებით გამოყვანა, ისევე როგორც არ ღირს ადამიანური და ტექნოლოგიური ფაქტორების ურთიერთჩანაცვლების მცდელობა, ვინაიდან ვითარების მიხედვით დომინანტური როლი ხან ტექნოლოგიურ, ხანაც ადამიანურ ფაქტორზე გადანაწილდეს, საბოლოო ჯამში კი ბრძოლის ველზე გამარჯვებისთვის თანაბრად არის საჭირო ადამიანური ფაქტორი – კარგი სამხედროები და ტექნოლოგიურიც – კარგი შეიარაღება.
შარლ VIII და 1494 წელი
მაიკლ ჰოვარდის მიერ გამოყენებულ ეპითეთს რომ დავესესხოთ ომის წარმოების მდორე, სტატიკური, შუასაუკუნეობრივი ფორმიდან სწრაფ, დამანგრეველ, აგრესიულ თანამედროვე ომის ფორმის „სიჩქარეში გადართვა“ 1494 წელს საფრანგეთის მეფის შარლ VIII-ის იტალიაში შეჭრით მოხდა. მართალია შარლი დენთის ეპოქის პიონერია, თუმცა მისი პიროვნებისათვის, როგორც სამხედრო მეთაურისადმი სამხედრო ისტორიას პრაქტიკულად ინტერესი არ გააჩნია, რაც სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან შარლი ნამდვილად არ ყოფილა გამორჩეული სარდალი, ის არც ინოვატორი და არც ავტორი არ ყოფილა იმ ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა, რომლითაც ისარგებლა, უფრო მეტიც მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ 1494 წელს სრულიად ახალი, რევოლუციური ომი წამოიწყო. როგორც მისი თანამედროვე ავტორი აღწერს „მას არც გარეგნულად და არც გონებრივად არანაირი ღირსება არ ჰქონდა“. პატარა ტანთან შეუსაბამო დიდი თავისა და ცხვირის პატრონ მეფეს ძალიან ცუდი განათლება ჰქონდა, იმდენად ცუდი, რომ საკუთარი სახელის დაწერაც კი უჭირდა, თუმცა ეს გაუნათლებელი მონარქი არანორმალური თაყვანისმცემელი იყო ზღაპრული ლეგენდების, განსაკუთრებით იზიდავდა ტომას მელორის მიერ პროზაში გაცოცხლებული კამელოტის ლეგენდა „არტურის სიკვდილი“, რომელიც 1485 წლიდან უკვე ბეჭდური სახითაც არსებობდა. ლეგენდებთან ერთად მეფე ძლიერ იყო გატაცებული ჯვაროსნული ომების ისტორიებით. მისმა ასეთმა ინტერესმა განსაზღვრა მისი ცხოვრების მთავარი ოცნებაც დამსგავსებოდა ისტორიულ გმირებს და საქრისტიანოსთვის დაებრუნებინა ურჯულოებისგან მიტაცებული წმინდა მიწა.

მიუხედავად იმისა, რომ შარლი არ წარმოადგენდა ისეთი გრანდიოზული მიზნისთვის ადეკვატურ ლიდერს, როგორიც იყო წმინდა მიწის დაბრუნება, უნდა ითქვას, რომ მას ამის ტექნიკური შესაძლებლობა მაინც გააჩნდა, ვინაიდან ის სათავეში ედგა საფრანგეთს, რომელიც თავის მხრივ იმ ეპოქაში ობიექტურად წარმოადგენდა ევროპის უძლიერეს სახელმწიფოს. ას წლიანი ომი ინგლისთან უკვე წარმატებით იყო დასრულებული, ბრიტანელები გაძევებულ იქნენ ნორმანდიიდან და გუიენიდან, ფრანგული სახელმწიფოს განმტკიცების შემდგომ ნაბიჯზე არმანიაკი, ანჟუ, ბრეტანი, ბურგუნდია და პროვანსი ფეოდალებს ჩამოერთვათ სამეფო ხელისუფლების სასარგებლოდ. შარლის მეფობისას საფრანგეთი უკვე პრაქტიკულად თანამედროვე საზღვრებში იყო მოქცეული.
ამავე პერიოდს დაემთხვა ფრანგების უდიდესი ტექნოლოგიური წარმატება, მათ საგრძნობლად გააუმჯობესეს არტილერია, რომელიც ევროპაში მანამდე კარგა ხნით ადრე არსებობდა, თუმცა უკიდურესად არაეფექტურ შეიარაღებას წარმოადგენდა. ძველი საალყო არტილერია იმდენად დიდი და მოუქნელი იყო, რომ მისი გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ამიტომაც როგორც წესი ალყის ადგილზევე ეწყობოდა. მომსახურება და გასროლა კი ისეთ არაადამიანურ შრომას წარმოადგენდა, რომ ერთი დღის ბრძოლის მანძილზე სამ გასროლაზე მეტი ვერ ესწრებოდა. ჭურვები კი თავის მხრივ წარმოადგენდნენ ისეთ ქვის ბურთებს, რომლებიც მიზანში მოხვედრისთანავე იფშვნებოდა, ისე რომ სამიზნეს დიდადაც ვერ აზიანებდნენ. რაც შეეხება დამიზნებას, მიზანში ზუსტად მოხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელი ამოცანა იყო. თვითონ საარტილერიო დანადგარის აწყობა უშუალოდ სამიზნესთან 80-90 მეტრში ხდებოდა, ვინაიდან სროლის მანძილი ასეთი მცირე მანძილით იყო შეზღუდული. ციხე-სიმაგრეებთან ეს სიახლოვე კი მოწინააღმდეგეს საშუალებას აძლევდა საარტილერიო დანადგარი ადვილად ჩაეგდო ხელში ან გაენადგურებინა. არტილერია ზოგადად იმდენად სპეციალურად რთული იარაღი იყო, რომ ისევ ახერხებდა სრულ ინტეგრირებას ჩვეულებრივ ჯარში. როგორც წესი არტილერისტებად იგივე ადამიანები გამოიყენებოდა, რომლებიც ქმნიდნენ ამა თუ იმ საარტილერიო დანადგარს, ერთი და იგივე ადამიანი ასხამდა ლულას, ამზადებდა დენთს, ჭურვებს, ამაგრებდა დანადგარს გადასატან ვაგონებზე, გადაქონდა სხვადასხვა ადგილზე, აწყობდა საალყოდ, ხსნიდა ცეცხლს, ბრძოლის დამთავრების შემდეგ შლიდა და სხვაგან გადაჰქონდა. ასე რომ შუა საუკუნეებში არტილერისტებად როგორც წესი არა ჯარისკაცები, არამედ უფრო ხელოსნები და ოსტატები გვევლინებოდნენ. სწორედ ამ გარემოებების გამო 1453 წელს მეჰმედ II-ის არმია კონსტანტინოპოლს უნგრული არტილერიით უტევდა, რომელსაც სათავეში უნგრული ოსტატი ურბანი ედგა.
XV საუკუნის განმავლობაში ფრანგებმა საგრძნობლად გააუმჯობესეს როგორც საარტილერიო დანადგარი, ასევე დენთის წარმოებაც. კალიუმის ნიტრატის, გოგირდისა და ნახშირის ნარევისგან წარმოებული ფანტელის სითხის გაშრობით და დაქუცმაცებით მათ მეტად კონცენტრირებული გრანულირებული ასაფეთქებელი ნივთიერება მიიღეს, რომელმაც გაზარდა ჭურვის ლულიდან გამოტყორცნის სიჩქარე, ისევე როგორც ფრენის სისწრაფე ფრენის მანძილთან ერთად. ქვის ჭურვები რკინისამ ჩაანაცვლა. ფოლადის ჩამოსხმის გაუმჯობესების კვალდაკვალ ფრანგებმა დაიწყეს საეკლესიო ზარების ტექნოლოგიით ისეთი ბრინჯაოს ზარბაზნების ჩამოსხმა, რომელიც შეუდარებლად მსუბუქი და მობილური გამოდგა. სიმსუბუქემ გააჩინა შესაძლებლობა შეექმნათ მისი გადასატანი მობილური სადგამებიც, რომელზეც საარტილერიო ლულა ადვილად ტრიალდებოდა ღერძის გარშემო, რაც სამიზნის სწრაფი შეცვლის და დამიზნების საშუალებას იძლეოდა. მსუბუქი არტილერია უკვე ცხენებზე მიბმული გადაჰქონდათ, რაც თავის მხრივ უფრო სწრაფ გადაადგილებას ნიშნავდა, ვიდრე მაგალითისთვის იტალიელების ხარებზე შებმული მძიმე ლულები.
შედეგად ფრანგულ არტილერიას ერთბაშად აღმოაჩნდა მთელი რიგი უპირატესობა – უფრო დიდი დამანგრეველი ძალა, სროლის უფრო დიდი მანძილი, სროლის მეტი სისწრაფე და ისეთი მობილურობა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო წარსულთან. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგების მიერ მოდერნიზებული არტილერია ნამდვილად გამარჯვების იარაღი იყო, უნდა ითქვას რომ მათ ვერ შეძლეს იგივე წარმატებით აეთვისებინათ პორტატული ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო ტაქტიკა და მოგვიანებით შარლის ელვისებული გამარჯვებების შემდეგ სწორედ რომ ეს გარემოება გახდება ფრანგების დამარცხების მიზეზი.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნის, რომ შუასაუკუნეების ევროპაში ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელებას და დახვეწას არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ მორალური ბარიერებიც აბრკოლებდა. ცეცხლსასროლ იარაღს, ისევე როგორც ყველა ინოვაციას უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავდა შუასაუკუნეების საზოგადოებაში. მას იმაზე ნაკლები მტრები არ ჰყოლია ვიდრე საბეჭდ დაზგას. მისი მიუღებლობა განსაკუთრებით დრამატული იყო რაინდთა შორის, ანუ იმ ადამიანებში, ვინც ომებს აწარმოებდნენ. ხშირი იყო შემთხვევები, როცა ტრადიციული რაინდები ცეცხლსასროლი იარაღის გამომყენებლებს ხელებს აჭრიდნენ და თვალებს თხრიდნენ, ვინაიდან თვლიდნენ რომ ეს ადამიანები მზაკვრები და მშიშრები იყვნენ, რომლებიც „ვერ ბედავდნენ რაინდებისთვის თვალებში ჩახედვას“ და პირისპირ შებრძოლებას, შესაბამისად მზაკვრული მკვლელობისთვის მიმართავდნენ შორიდან სროლას და ამ „ჯოჯოხეთის იარაღს“, როგორც მას XIV საუკუნის იტალიელი პოეტი პეტრარქი უწოდებს.
1494 წლის დადგომისას, იმ ტექნოლოგიური და მატერიალური შესაძლებლობების საფრანგეთის მეფეს შარლ VIII-ს, რომელიც ზემოთ აღვწერეთ, სრულიად შემთხვევით გაუჩნდა იტალიაში შეჭრის შესაძლებლობა. 1494 წლის იანვარში გარდაიცვალა ნეაპოლის მეფე, ტახტი მისმა მემკვიდრემ ალფონსო II დაიკავა, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა მილანის საჰერცოგოზე. მილანის ჰერცოგმა ლუდოვიკო სფორცამ კი თავის მხრივ ანჟების ნათესაური კავშირი გაიხსენა ნეაპოლის სამეფოსთან და შარლი შეაგულიანა დაეკავებინა „ანჟების კუთვნილი ნეაპოლის ტახტი“. ასეთი ბანალური მიზეზით წამოიწყო შარლმა სამხედრო ექსპედიცია იტალიაში, მეფემ რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რომ სათავეს უდებდა ომის წარმოების ახალ ერას. ის ამ ექსპედიციას სამხედრო ექსპედიციასაც კი არ მიიჩნევდა, თვლიდა რომ უბრალოდ კუთვნილი ტახტის დასაკავებლად მიდიოდა, თუმცა ეს ნეაპოლის ტახტი მას არა მიზნად, არამედ საშუალებად მიაჩნდა, ნეაპოლი მიჩნდა შესანიშნავ პლაცდარმად, საიდანაც ნამდვილ ომს უკვე ურჯულოების წინააღმდეგ წამოიწყებდა და საქრისტიანოს წმინდა მიწას მიწვდებოდა.
ეს 1494 წელი მართლაც უნიკალური გამოდგა ისედაც უნიკალურ ეპოქაში – გუტენბერგის ბიბლია არსებობის მეხუთე ათწლეულს ითვლიდა, ამდენივე ათეულ წელს ითვლიდა კონსტანტინეპოლის დაცემის შოკი, ესპანეთის ტახტზე უკვე საუბრობდნენ ახლად აღმოჩენილი მიწის შესახებ, რომლის აღმომჩენი იტალიური წარმოშობის მეზღვაური კოლუმბი სულ რაღაც ერთი წლის გამგზავრებული იყო მეორე ექსპედიციაში. სხვა რომ საერთოდ არაფერი ვახსენოთ, 1494 წელს იმ დროს და იქ ცხოვრობდნენ ბოტიჩელი, ლეონარდო, მიქელანჯელო, რაფაელი, ტიციანი, მაკიაველი. ევროპა და მისი სახით მთელი კაცობრიობა იწყებდა წარსულთან დამშვიდობებას, ახალი ერა დგებოდა ხელოვნებისთვის, მეცნიერებისთვის თუ პოლიტიკისთვის, შესაბამისად დრო იყო ომის წარმოებაშიც რამე ჭეშმარიტად გამაოგნებელი მომხდარიყო.
ასეც მოხდა. შარლის 27 ათას კაციანი არმია, რომელიც იტალიაში ალპების გავლით შეიჭრა, იყო ყველაზე სასტიკი ორგანიზაციული სტრუქტურა ევროპის კონტინენტზე რომაული ლეგიონების შემდეგ. ის წარმოადგენდა სახელმწიფოსგან ცენტრალიზებულად დაფინანსებულ ერთიან ორგანიზმს, რომელიც შედგებოდა სამი საბრძოლო მიმართულების – ქვეითების, კავალერიის და არტილერიის ტაქტიკური გაერთიანებისგან, რასაც მაიკლ ჰოვარდი სრულიად სამართლიანად მოიხსენიებს „კომპოზიციად რომელიც ფუნდამენტურად არ განსხვავდებოდა იმ არმიათა კომპოზიციისგან, რომლებიც სამასი წლის შემდეგ იგივე ბრძოლის ველზე ნაპოლეონმა გაიყვანა“.
შარლის არმიის ბირთვს ქვეითი ჯარისკაცები შეადგენდნენ, რომელთა საყრდენს თავის მხრივ შვეიცარიელი შუბოსნები წარმოადგენდნენ, ფრანგ მეისრეებთან და არბალეტის მტყორცნელებთან ერთად. განსაკუთრებულ საშიშ ძალად უკვე ითვლებოდნენ შვეიცარიელი შუბოსნები. კარგა ხანი იყო რაც მათ აღედგინათ ალექსანდრე მაკედონელის ზღარბის ფალანგა. ამ ტაქტიკის გამოყენებით კი ქვეითები სულ უფრო და უფრო ხშირად უმოწყალოდ ჯაბნიდნენ მანამდე თითქმის ათასი წლის მანძილზე ევროპის ბრძოლის ველზე გაბატონებულ კავალერიას. შარლის არმიაში რა თქმა უნდა იყვნენ აბჯროსანი რაინდებისგან შემდგარი კავალერისტთა დანაყოფებიც, თუმცა მის ყველაზე სასტიკ და უცნაურ ტაქტიკურ დაჯგუფებას წარმოადგენდა სამი ათეული საარტილერიო დანადგარისაგან შემდგარი დანაყოფი.
როგორც კი ფრანგები იტალიაში გამოჩნდნენ, ადგილობრივები დაუყონებლივ გადავიდნენ ჩვეულ საბრძოლო ტაქტიკაზე, მათ ციხესიმაგრეებში გამაგრებები დაიწყეს. ბრძოლის წარმოების ასეთი პასიური ფორმები მაშინ ნორმად ითვლებოდა. ციხესიმაგრეებში გამაგრება ცალსახად ადასტურებდა თავდაცვის აშკარა უპირატესობას თავდასხმაზე. მაშინ არც მთელ იტალიაში და არც მთელ ევროპაში არავინ გაიზიარებდა მოსაზრებას, რომელსაც მაკიაველი სულ რამდენიმე წელიწადში გაახმოვანებს ციხეების კულტთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც პრაქტიკაში „არ არსებობს ისეთი სქელი კედელი, რომელსაც არტილერია რამდენიმე დღეში არ დაანგრევს“. თუმცა მაკიაველი, რომელიც ფრანგების შემოსევას იტალიური მზის ჩასვენებად აღიქვამდა, ისე მწვავედ არ აკრიტიკებდა ციხესიმაგრეებით თავდაცვით სტრატეგიას, რამდენადაც იტალიური არმიის არსს – დაქირავებულ ჯარისკაცებს. მოგვიანებით ის დაწერს: „თანამედროვე იტალია რომ რუინებშია სხვა არაფრის ბრალია, გარდა იმისა, რომ იმედები დაქირავებულ ჯარზე მყარდებოდა“.
მართლაც, დაქირავებულ ჯარისკაცებს, ანუ კონდოტიერებს როგორც მათ იტალიაში ეძახდნენ, არაფერი ქონდათ საერთო ეროვნული არმიის საბრძოლო სულისკვეთებასთან, თუმცა მთელი იტალია სწორედ მათ ეყრდნობოდა. კონდოტიერებს შესანიშნავად ესმოდათ, რომ დღევანდელი მტერი ხვალინდელი დამსაქმებელი შეიძლებოდა გამხდარიყო, მხოლოდ ფულით მოტივირებულებს თავგანწირვისთვის არანაირი მიზეზი არ გააჩნდათ. ერთია, რომ დაქირავებული ჯარისკაცები საკუთარ სიცოცხლეს არ წირავდნენ, თუმცა მეორეა, რომ ისინი მოწინააღმდეგის სიცოცხლესაც უფრთხილდებოდნენ, ერჩივნათ მტერი მძევლად აეყვანათ გამოსასყიდის მიღების მიზნით, ვიდრე მათი ფიზიკური განადგურებით ბრძოლის ველზე მიეღწიათ გარდამტეხი გამარჯვებისთვის. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ მათი მხრიდან ან თავგანწირული ბრძოლის ან მტრის განადგურების შემთხვევები არ იყო, თუმცა უმეტეს წილად კონდოტიერების ბრძოლის სტილი სწორედ ისეთი აბსურდისკენ იყო მიდრეკილი, რომელიც არეულ ხელჩართულ ჩხუბს უფრო ჰგავდა, ვიდრე სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებას. მაკიაველიც აღწერს რამდენიმე ასეთ უაზრო ბრძოლას. როგორც ის ყვება ერთ შემთხვევაში მხოლოდ ერთი მებრძოლი დაიღუპა „ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ორ მის თანამებრძოლთან ერთად გადმოგდებულ იქნა ცხენიდან და ტალახში დაიხრჩო“, მეორე შემთხვევაში კი „ ბრძოლა გრძელდებოდა 20-დან 24 საათის ჩათვლით, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა, თუმცა ის არც მოუკლავთ, არც დაუჭრიათ და ცხენიდანაც კი არ გადმოუგდიათ რაიმე ძალადობრივი მოქმედებით, ის უბრალოდ გადმოვარდა და შედეგად სასიკვდილოდ გაიჭყლიტა“.
ასეთი სუსტი, უმოტივაციო არმიით დაუხვდნენ იტალიელები ბევრად უფრო ძლიერ და სასტიკ ფრანგულ არმიას. ნეაპოლში ჩასასვლელად ჩარლს უნდა გაევლო მილანი საჰერცოგო, გენუის რესპუბლიკა, ფლორენციის რესპუბლიკა და პაპის სამფლობელო. ნეაპოლელებმა გადაწყვიტეს, სანამ ფრანგები ჯერ კიდევ იტალიური მიწების დასაწყისში ნეაპოლიდან შორს იყვნენ, მანამ განეხორციელებინათ წინმსწრები დარტყმა და მილანთანვე დახვედროდნენ. არსებული ტაქტიკის მიხედვით იტალიელებმა ციხე-სიმაგრეში გამაგრების გზით გადაწყვიტეს მტრისთვის გზის ჩაკეტვა და მორანდოს ციხეში გამაგრდნენ. ბუნებრივია, რომ ამ მანევრით იტალიელები იმედოვნებდნენ ფრანგების კარგა ხნით შეკავებას, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ როგორც ადრე, ისევე ახლაც მორანდოს ციხე თვეების განმავლობაში უპრობლემოდ გასწევდა წინააღმდეგობას, რომ არაფერი ვთქვათ რამდენიმე კვირის ან რამდენიმე დღის წინააღმდეგობაზე. თუმცა შარლის არტილერიამ ნამდვილი სასწაული დაატრიალა – მან არათუ თვეები და კვირები, არამედ დღეებიც არ მოანდომა ციხის კედლების მსხვრევას, სამ საათში მორანდო დაეცა. იტალიელებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა არამარტო ფრანგული არტილერიის ძალა, არამედ ფრანგი ჯარისკაცების სისასტიკე მოწინააღმდეგეების მიმართ. მორანდოს ელვისებური სისწრაფით მოყვა ტოსკანას რამდენიმე სადარაჯო ციხის სწრაფი და უპრობლემო აღება. იტალიელებმა რამდენიმე ციხის დაკარგვის პარალელურად პრაქტიკულად გამბედაობაც დაკარგეს. შედეგად შეშინებულმა და ფრანგული არმიის სისწრაფით გაოგნებულმა ფლორენციის მმართველმა პიერო მედიჩიმ ფლორენცია ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩააბარა.
იტალიელებს ასეთი სწრაფი ომი, ასეთი სწრაფი არტილერია არ ენახათ. ფრანჩესკო გვიჩარდინი წერს: „ისინი ციხესიმაგრეების გალავნებს ისეთი სისწრაფით უახლოვდებოდნენ, რომ მათ შორის მანძილი მალევე ქრებოდა; ქვემეხებიდან ისეთი სისწრაფით ისროდნენ, რომ ქალაქების აოხრებას იმდენივე საათს ანდომებდნენ რამდენი დღეც ამისთვის იტალიელებს დასჭირდებოდათ“. რა გასაკვირია, რომ რამდენიმე დღეში ასეთმა არმიამ რომიც ძალიან სწრაფად და უპრობლემოდ დაიკავა. შემდეგ ნაბიჯად ნეაპოლი რჩებოდა, რომიდან ნეაპოლის მიმართულებით გადაადგილებისას იტალიელებმა მაინც სცადეს წინააღმდეგობის გაწევა, ამ უკანასკნელთა მხრიდან ეს სასოწარკვეთილი ნაბიჯი ყველაზე დიდი და ყველაზე ბოლო წინააღმდეგობის მცდელობა იყო. ერთი შეხედვით იტალიელებს რაღაცის იმედი თითქოს კიდევ უნდა ჰქონოდათ, ვინაიდან ამჯერად ისინი წინააღმდეგობისთვის იყენებდნენ მონტე სან ჯოვანის ციხესიმაგრეს, რომელიც ცნობილი იყო საკუთარი მდგრადობით და რომელსაც არც თუ შორეულ წარსულში 7 წლიანი ალყისთვის ქონდა განაძლები. თუმცა პრობლემა ის იყო, რომ იტალიელები როგორც ჩანს ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ რომ წარსული დამთავრებული იყო. ახლა არა ციხე-სიმაგრის, არამედ შარლის არტილერიის დრო დამდგარიყო. ფრანგებმა ეს იტალიელებს სულ რაღაც 8 საათში გააგებინეს, მონტე სან ჯოვანი, რომელიც 7 წელი უძლებდა მტერს, 8 საათში ფრანგებმა დაიკავეს. ჯერ არტილერიამ დაანგრია ციხის კედლები, ხოლო შემდეგ კი ციხეში შეჭრილმა სასტიკმა ფრანგმა ჯარისკაცებმა იტალიელებს გაქცევის საშუალებაც კი არ მისცეს. ბრძოლის შედეგები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, ფრანგებმა 10 ჯარისკაცი, იტალიელებმა კი 700-ზე მეტი დაკარგეს. ნეაპოლის მეფე ალფონსო II-სთვის მონტე სან ჯოვანით გამოწვეული შოკი მეტისმეტი აღმოჩნდა, მან ბრძოლა შეწყვიტა და ტახტი შარლს გადააბარა, რომელსაც სულ რაღაც 6 თვე დასჭირდა იტალიის სრულად დასაკავებლად. მან პრაქტიკულად ერთდროულად გაასწორა მიწასთან იტალიის უძლიერესი ციხესიმაგრეები, მათთან ერთად ციხეებზე ორიენტირებული თავდაცვითი სტრატეგია, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც შეცვალა თავდაცვის თავდასხმაზე უპირატესობის კონცეფცია.
იტალიელების მიერ განცდილი შოკი ჰგავდა მოგვიანებით 1898 წელს იმ სუდანელი ჯარისკაცების შოკს, რომლებიც ხმლებით ებრძოდნენ ბრიტანულ ტყვიამფრქვევებს, ან 1940 წელს ფრანგი ჯარისკაცების მიერ განცდილ შოკს, რომლებმაც მაჟინოს ხაზის იმედად მყოფებმა ვერ გაიგეს, თუ როგორ წამოადგათ თავზე გერმანული ტანკები, ან თუნდაც იმ საყოველთაო შოკს, რომელიც 1945 წელს იაპონიამ განიცადა ატომური ბომბით.
ფრანგების მიერ იტალიაში შეჭრით თანამედროვეებზე მოხდენილ შთაბეჭდილებაზე ისევ გვიჩარდინის უნდა მივუბრუნდეთ. 1520 წელს ის წერს:
„1494 წლამდე, როცა ომი იწყებოდა, მხარეები იმდენად თანაბარი ძალისა იყვნენ, სამხედრო მეთოდები იმდენად ნელი, ხოლო არტილერია იმდენად პრიმიტიული, რომ ციხე-სიმაგრის აღებას თითქმის ერთი ლაშქრობის დრო სჭირდებოდა, ომები დიდხანს გრძელდებოდა, მსხვერპლი კი ძალიან ცოტა ან თითქმის არ იყო, ფრანგების შემოსევა კი უეცარ ქარიშხალს გავდა, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა… ომები სწრაფი და ძალადობრივი გახდა, ქვეყნის დაპყრობას იმაზე ცოტა დრო ესაჭიროებოდა ვიდრე მანამდე ერთ სოფელში შეჭრას და მის დაკავებას, ქალაქები ელვისებური სისწრაფით ეცემოდა, რისთვისაც დღეები, ან სულაც საათები თუ იყო საჭირო და არა თვეები როგორც ადრე; ბრძოლები უკიდურესად სასტიკად და სისხლისმღვრელად იქცა“…
შარლის ლაშქრობით გამოწვეულმა შოკმა იტალიის ყველა დიდი მოაზროვნის ყურადღება მიმართა მარცხით განცდილი პრობლემების აღმოფხვრისაკენ. მათ შორის იყო დავინჩიც, რომელიც სულაც არ გამოხატავდა ინტერესს სამხედრო საკითხებისადმი და ომს საერთოდაც „ყველაზე მხეცურ სიგიჟედ“ მოიხსენიებდა, ისე ჩაერთო სამხედრო ტექნოლოგიების გამოგონებაში, რომ მთელი რიგი ისეთი ესკიზებიც კი შექმნა, რომლებსაც ტექნიკური და ტექნოლოგიური შეზღუდვების გამო კაცობრიობა XX საუკუნემდე ვერ იხილავდა. მის უამრავ მაშინ „უცნაურ“ იდეებს შორის იყო წყალქვეშა ნავის, რაკეტების, დაჯავშნული ტრანსპორტის, ნაღმტყორცნის, ცეცხლის ბურთების, მოწამლული ისრების, პორტატული ცეცხლსასროლი იარაღის ვარიაციების, ტყვიამფრქვევის და ქიმიური იარაღის მსგავსი მოდელების ჩანახატები. გარდა ამისა ლეონარდო სათავეში ედგა ცეზარე ბორჯიასთვის ახალი თავდაცვითი ციხე-სიმაგრეების შექმნის პროცესს, მიქელანჯელომ კი იგივე საქმით დაკავებულმა, ოღონდ ამჯერად სანგალოების ოჯახთან დისკუსიისას განაცხადა: „მე ბევრი არ გამეგება ხატვის და ქანდაკების, მაგრამ ფორთიფიკაციების შესახებ უდიდესი გამოცდილება კი მაქვს დაგროვილი და უკვე დავამტკიცე, რომ ამ საკითხზე ბევრად მეტი ვიცი ვიდრე მთელმა სანგალოების გვარმა“. მაკიაველზე კი შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ პოლიტიკურ იდეებამდე ის საერთოდაც სამხედრო პრობლემატიკაზე ფიქრმა მიიყვანა, სამხედრო პრობლემატიკით კი ის დამარცხებული, „რუინებში მყოფი“ იტალიის პირობებში დაინტერესდა.
ნეაპოლში შესვლიდან სულ რამდენიმე თვეში შარლი იტალიის კოალიციურ ძალებთან დამარცხდა, არსებითად კი სწორედ იმიტომ რომ იტალიელების მიერ გამოყენებულ ახალ ესპანურ ტაქტიკას ვერ გაუწია წინააღმდეგობა და საფრანგეთში მოუწია დაბრუნება. თუმცა მისმა შეჭრამ უდიდეს ისტორიულ პროცესებს დაუდო საფუძველი. მაშინ ჩაეყარა იტალიაზე ბატონობის მოსაპოვებლად 60 წლიან კონფლიქტს საფუძველი საფრანგეთს, ესპანეთს და საღვთო რომის იმპერიას შორის. სწორედ შარლის ელვისებურ ქარიშხალს და იტალიურ ომებს უკავშირდება ის, რომ რომის იმპერიისა და რომაული ლეგიონების შთამომავალმა იტალიელებმა მაშინ საბოლოოდ დაკარგეს მამაცი მეომრების რეპუტაცია. მართალია მაშინ 1494-95 წლების შარლი საბოლოოდ პერსონალურად დამარცხდა იტალიელებთან, მაგრამ იტალიელების მიერ განცდილი მარცხი ბევრად უფრო გრძელვადიანი აღმოჩნდა. მიუხედავად რენესანსის გაფურჩქვნისა, ამ ერმა ვერ შეძლო სახელმწიფოს ჩამოყალიბება თითქმის შემდგომი 500 წლის მანძილზე XX საუკუნემდე. ეს უშუალო მიზეზი იყო იმისა, რომ დენთის ეპოქის გარიჟრაჟზე გამოვლენილი სამხედრო ჩამორჩენილობა ვერ დაძლია ვერც დაუყონებლივ და ვერც შემდგომ ეპოქებში. იტალიელებმა სცადეს დაუყონებლივი პასუხის გაცემა ფრანგული არტილერიისთვის და ეს პასუხი იყო იტალიური ინჟინრების ნამუშევარი, ახალი ციხესიმაგრეები, რომლებსაც Trace Italienne ეწოდა. ამ სქელ კედლიან ციხეებს გარშემო ბასტიონები ჰქონდა, რომლებზეც მუდმივად არტილერია იყო განთავსებული. ბასტიონები ერთმანეთის დახმარებით ბრძოლის ველს სრული მხედველობის არეში აქცევდნენ, რიგ შემთხვევაში რამდენიმე ბრძოლის ველის კონტროლიც კი შეეძლოთ. ციხესიმაგრეებს გარშემო ისეთი მიწაყრილები შემოავლეს, რომ მტრის არტილერიას ძალიან ურთულებდა უშუალოდ კედლების დაზიანებას. თუმცა ასეთი მდგრადი ბასტიონური სისტემის შექმნა უკვე დაგვიანებული გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ იტალიურმა ციხეებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს ევროპის სხვა ნაწილებში. ამ გამოგონებამ იტალიას მხოლოდ ერთგვარი ლაბორატორიის სტატუსი თუ მოუტანა, სადაც ფრანგული არტილერია, შემდეგ კი ციხეების გამაგრების ახალი სისტემა გამოიცადა.
შარლის ელვისებური ომი დენთის რევოლუციის მხოლოდ დასაწყისის დასაწყისი იყო. დენთის ეპოქის ევროპას წინ უფრო გამაოგნებელი ცვლილებები ელოდა, შემდგომ წლებში ჯერ ჰოლანდიელ მორიც ნასსაუელს, ხოლო მოგვიანებით შვედ გუსტავ ადოლფს ფრანგი შარლ VIII-ის არმია ნამდვილად გაუწრთვნელ და არადისციპლინირებულ ჯარად მოეჩვენებოდათ და არც შეცდებოდნენ. ეპოქის ამ ორმა ვარსკვლავმა ხომ სწორედ ტაქტიკური მუდმივი წვრთნების და მისთვის საჭირო დისციპლინის წყალობით უზრუნველყვეს დენთის რევოლუციის რეალური პროგრესი და არა უშუალოდ დენთის ან თუნდაც არტილერიის გაუმჯობესების ხარჯზე. როგორც მაქს ვებერი ამბობს: „ეს დისციპლინა იყო და არა დენთი, რამაც წამოიწყო ტრანსფორმაცია. თვითონ დენთიც და მასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი საომარი მეთოდიც მხოლოდ დისციპლინის არსებობასთან ერთად გახდა მნიშვნელობის მატარებელი“.