მანერჰაიმი

 

1917 წლის ლენინის საბჭოთა რევოლუციას მოჰყვა მისი დაპირება იმპერიის შემადგენელი ნაწილებისთვის თავისუფლების მინიჭების თაობაზე. მართლაც, რომანოვების რუსული იმპერიის დასასრულმა გამოიწვია ტალღა, რომლის ფონზეც დამოუკიდებლობა გამოაცხადა როგორც საქართველომ, ასევე ფინეთმაც. თუმცა, ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტზე, თავდაპირველი და შემდგომი რეაგირებები, რომლებიც ფინეთმა და საქართველომ განახორციელეს, იმდენად განსხვავებული აღმოჩნდა, რამდენადაც განსხვავებულია ამ ორი ქვეყნის ერის დღევანდელი მდგომარეობა, ამ სახელმწიფოებში დღეს არსებული ცხოვრების დონე და მათი უსაფრთხოების სტატუსი.

ბუნებრივია, როცა თავდაპირველ რეაგირებებზე ვსაუბრობ, თავისთავად მხოლოდ იმას არ ვგულისხმობ, რომ ფინეთმა დამოუკიდებლობა საქართველოსგან განსხვავებით მთელი 6 თვით ადრე – 1917 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა,  არამედ ამ შუალედში და შემდგომ წლებშიც განხორციელებულ ქმედებათა მთელ იმ წყებას, რაც ფინეთმა სუვერენიტეტის გამოცხადებული ნების რეალიზაციისთვის გააკეთა.  თუმცა, ეს ე.წ.  შუალედი 1917 წლის 6 დეკემბრიდან (ფინეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება) და 1918 წლის 26 მასი (როცა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მოუწია) თავისთავად მაინც მეტყველებს ერთ ისტორიულ ჭეშმარიტებაზე, ფინეთის მიერ არჩეული გზა, რომელიც გამოიხატა შეუპოვარ, უკომპრომისო სისხლისმღვრელ ომში, ძალიან სუსტის მიერ ძალიან ძლიერთან პირდაპირ დაპირისპირებაში უფრო სწორი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა უფრო „გონივრული“ პოლიტიკა.  ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ თავისუფლება მხოლოდ უკომპრომისო ბრძოლით და არა რაიმე სახის „გონივრული კომპრომისებით“ მოიპოვება, და რა თქმა უნდა  მაგალითი იმისა, რომ თავისუფლების გამოგლეჯა ყოველთვის შენზე ბევრად უფრო ძლიერის, დიდის და მდიდრისგან გიწევს. მაგალითია იმისა რომ თავისუფლებისთვის მებრძოლები იღებენ მდგრად თავისუფლებას განსხვავებით მათგან, ვინც თავისუფლების მიღებას წყალობასავით ელოდებიან.

თუმცა, ამჯერად მინდა ვისაუბრო არა სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ავკარგიანობაზე რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მაგალითების შედარებით, არამედ მინდა რამოდენიმე სიტყვა ვთქვა იმ ფაქტორზე, რომელმაც ფინეთის, ერთი შეხედვით უიმედო, უაზრო, უპერსპექტივო თავგანწირვა გარდაქმნა წარმატებად და გამარჯვებად, ასეთი ერთ-ერთი უმთავრესი, თუ არა ყველაზე მთავარი ფაქტორი კი ნამდვილად იყო კარლ გუსტავ მანერჰაიმი. და ვფიქრობ, არანაირი აზრი არ აქვს იმაზე დავას, თუ ვის უფრო გაუმართლა, ფინეთს რომელსაც ჰყავდა მანერჰაიმი თუ მანერჰაიმს, რომელსაც ჰყავდა ფინელი ხალხი.

„ერთადერთია ფინეთი – შესანიშნავი, უფრო მეტიც, ბრწყინვალე ფინეთი – ფინეთი, რომელიც მოქცეულია უდიდესი საფრთხის კლანჭებში, რომელიც გვიჩვენებს თუ რა შეუძლია გააკეთონ თავისუფალმა ადამიანებმა. შთამბეჭდავია ფინეთის მიერ კაცობრიობისთვის გაწეული სამსახური. ფინეთმა, მთელი მსოფლიოს დასანახად გააშიშვლა წითელი არმია და წითელთა საჰაერო ძალები. არქტიკულ სარტყელში წარმოებულმა სასტიკი ბრძოლის რამოდენიმე კვირამ დაამსხვრია საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული უამრავი ილუზია“ –  ეს სიტყვები 1940 წლის 20 იანვარს წარმოთქვა იმ დროს დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა, ადამიანმა რომელიც მორალურად მხარს უჭერდა წლებით ადრე ფინეთის ბრძოლას თავისუფლებისთვის, მიუხედავად იმისა რომ მაშინ სამთავრობო კაბინეტს გარეთ მყოფს არ შეეძლო პრაქტიკული  დახმარების გაწევა (თავისუფლების ომი), ადამიანმა რომელიც აღფრთოვანებული იყო ამ სიტყვების წარმოთქმისას, ანუ მაშინ როცა ს.ს.რ.კ ფინეთში შეიჭრა, ხოლო გერმანიამ და ს.ს.რ.კ-მ პოლონეთი შუაზე გაიყვეს (სსრკ-ფინეთის ომი), ადამიანმა, რომელიც ამ სიტყვების წარმოთქმიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში, როგორც პრემიერ-მინისტრი პრაქტიკულად „ფორმალურ“ ომს გამოაცხადებს კვლავ საბჭოეთის წინააღმდეგ, მაგრამ ამავდროულად ნომინალურად ჰიტლერის მოკავშირე ფინეთს (II მსოფლიო ომი).  რაც მთავარია, ზემოთ ნახსენებ სამ ომში, ფინეთის არმიას და არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, ფინელ ხალხს სათავეში ედგა კარლ გუსტავ მანერჰაიმი, რომელიც მიუხედავად მსოფლიო  ძალთა კონფიგურაციისა სამივე ომში ხელმძღვანელობდა ფინეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტის იდეით და იბრძოდა მხოლოდ ფინელი ხალხის მდგრადი თავისუფლებისთვის, იბრძოდა შეუპოვრად, დაუღალავად და ნებისმიერ ფასად.

და არის კიდევ ერთი რამ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სამწუხაროა, თუმცა  ფაქტი კი ნამდვილად არის, ამ სამი ომიდან ორში ქართველებს ფინელების წინააღმდეგ მოგვიწია ბრძოლამ. ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ სწორედ ჩერჩილის სიტყვაში ნახსენებ  ე.წ. „ზამთრის ომში“, არა მხოლოდ აგრესიის ინიციატორი იყო საქართველოდან, სტალინის სახით, არამედ ათასობით რიგითი ჯარისკაცის სახით საბჭოთა კავშირი იყენებდა ჩვეულებრივ ქართველებს ფინეთის თავისუფლების მოსაგუდად.

Carl_Gustaf_Emil_Mannerheim_1940

 

ცხოვრება რომანოვების იმპერიაში

 

მანერჰაიმი დაიბადა 1867 წელს ფინეთში, რომელიც უკვე რუსეთის იმპერიის დიდ სამთავროდ იწოდებოდა, მას იმპერიაში  განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა და ფინეთის დიდი მთავარიც თვით რუსეთის იმპერატორი იყო. ეს თითქოს ერთგვარი პატივი და პრივილეგია უნდა ყოფილიყო იმპერიაში შემავალი ერებისთვის, თუმცა ეს „პრივილეგია“ , უპირველეს ყოვლისა, გამოწვეული იყო ფინეთის სტრატეგიულ-გეოგრაფიული მდებარეობით და რა თქმა უნდა არანაირი კავშირი არ ჰქონდა ფინელი ერის, მისი ენის და კულტურის პატივისცემასთან. საქართველოც იმავე იმპერიის ნაწილი იყო, მისი ერთგვარი „სასაზღვრო ბასტიონი“, მაგრამ უკიდურეს სამხრეთში, იმპერიის პოლიტიკური ცენტრიდან ათასობით კილომეტრით დაშორებული. ფინეთი კი ამგვარივე „სასაზღვრო ბასტიონი“ იყო, მაგრამ ეს გეოგრაფიული ბასტიონი მდებარეობდა იმპერიის მეორე მხარეს, მის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის იმპერიის დედაქალაქის უშუალო მომიჯნავე ტერიტორიას წარმოადგენდა, ეს კარიბჭე იყო, რომლიდანაც პირდაპირ დედაქალაქის პეტერბურგის ზღურბლზე იდგა.

„დიდი სამთავროს პატივი“ ფინეთმა 1809 წელს, იმპერატორ ალექსანდრე I-ის კონსტიტუციური შეთანხმებით მოიპოვა, როცა იმპერატორმა ფინელი ხალხის დაცვის ფიცი დადო და თავი გამოაცხადა ფინეთის დიდ მთავრად. სინამდვილეში ამ ანექსიით, მან თითქოს საფუძველი ჩაუყარა ფინელი ხალხის დაბადებას. ასეთ განაცხადს უმარტივესი არგუმენტაცია ჰქონდა – რუსეთმა ფინეთი შვედური ბატონობისგან იხსნა. ამგვარი პოლიტიკური არგუმენტაცია, დღევანდელ რუსეთშიც კვლავ აქტუალურია, რუსული პოლიტიკა დღესაც უდაო ფაქტად მიიჩნევს, რომ ფინეთის სახელმწიფოს,  უფრო მეტიც – ერის შექმნა – ეს რუსული დახმარების შედეგია.  ალბათ, არც ის არის გასაკვირი, რომ 1809 წელს, რუსული პოლიტიკა ფინეთშიც ძალიან ბევრ ადამიანს „ხსნა“ ეგონა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ უდიდეს პრობლემებს შვედეთთან, ნაპოლეონის ბობოქრობას კონტინენტზე და იმ ლამაზ სიტყვებს, რომელიც ალექსანდრე I-ის მანიფესტში იკითხებოდა, რომლის თანახმადაც, ფინელი ხალხი „განდიდდა და მსოფლიოს ერთა რიგს შეუერთდა“. რა თქმა უნდა ასეთი შეფასება მაშინ მხოლოდ იმპერიულ თვალთმაქცობას ემსახურებოდა, ხოლო მისი ჭეშმარიტი რეალიზაცია მომავალში სწორედ რომ რუსეთთან გადატანილი ომების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ალბათ არავინ იფიქრებს, რომ ზემოთ ნახსენები ანექსიის პოლიტიკა გეოგრაფიული განზომილების გამო საქართველოში მიმდინარე პარალელური მოვლენებისგან განყენებული იყო, რადგან სიტყვები „ალექსანდრე I” და „მანიფესტი“ ხომ ძალიან ბევრის მთქმელია საქართველოსთვისაც. ეს ხომ სწორედ ის ალექსანდრე I-ია, რომელმაც აღწერილ ფინურ მოვლენებზე 8 წლით ადრე, ტახტზე ასვლის პირველსავე წელს ანუ 1801 წელს გამოსცა „მანიფესტი“ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთთან შეერთების თაობაზე. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში 1803 წელს ოდიშის სამთავროს რუსეთის ქვეშემდომობის მიღებამ მოუწია. 1804 წელს მთიულეთის ანტირუსული აჯანყება ჩაახშეს, 1810 წელს კი უკვე იმერეთის სამეფო გააუქმა, ამავე იმპერიის პოლიტიკას შეეწირა გურიის და აფხაზეთის სამთავრობოებიც. ალექანდრე I-ის ანგარიშზეა 1811 წელს საპატრიარქო ტახტის გაუქმება და ეგზარქოსის თანამდებობის შემოღება ჯერ აღმოსავლეთ, ხოლო მოგვიანებით 1814 წელს დასავლეთ საქართველოში. მოკლედ, ეს ის იმპერატორია, რომელმაც საქართველოს სრულ ანექსიას მოთაფლვით, მოტყუებით და ძალის გამოყენებით „ჩინებულად“ გაართვა თავი. სწორედ ამ პოლიტიკას როგორც ფინეთის, ასევე საქართველოსთან  მიმართებაში რუსეთში დღემდე უწოდებენ „გადარჩენას“, „ხსნას“ და ამისთვის მადლობასაც დღემდე ითხოვენ.

ასეთი იყო ის იმპერია, რომელშიც დაიბადა მანერჰაიმი, მისი ოჯახის ფესვები სავარაუდოდ გერმანიიდან ან ჰოლანდიიდან უნდა მოდიოდეს, თუმცა ფინეთში ეს უკვე იყო შვედურ ენოვანი არისტოკრატიის ნაწილი. მანერჰაიმის მშობლიური ენაც შვედური იყო, ფინური მან ცხოვრების მეორე ნახევარში ისწავლა და სიცოცხლის ბოლომდე ფინურად „უცხოური აქცენტით“ საუბრობდა, შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ XX საუკუნის ყველაზე დიდ ფინელს, რომელიც ფლობდა შვედურს, რუსულს, ფრანგულს, გერმანულს და ინგლისურს, ფინური არ გამოსდიოდა სრულყოფილად, რაც მისთვის პრაქტიკულ და პოლიტიკურ დაბრკოლებად იქცა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე რომ დამოუკიდებლობისთვის ომის დროს, ანუ იმ პერიოდში როცა ის ძალიან ცუდად ფლობდა ფინურს და მართავდა ფინურ თავდაცვით ძალებს, ენის პრობლემა ყოველდღიურ სამხედრო საქმიანობაში ყველაფერს ერთბაშად ართულებდა.

მანერჰაიმი ბავშვობიდან სულაც არ ოცნებობდა სამხედრო კარიერაზე, მისი სტიქია ზღვაოსნობა და მოგზაურობა იყო, თუმცა ბედმა ისე ინება, რომ მშობლების გარეშე დარჩენილი, ბიძამისმა ფინურ კადეტთა სკოლაში შეიყვანა. იმ დროს ფინეთს ჯერ კიდევ ჰქონდა საკუთარი სამხედრო სასწავლებლები და გარკვეული სახით ფინური არმიაც არსებობდა. ეს ალექსანდრე I-ის და დიდი სამთავროს სპეციალური ავტონომიის პერიოდის ნარჩენი იყო, რომელსაც ცოტა ხნის სიცოცხლისუნარიანობა თუ დარჩენოდა. ასე რომ, 13 წლის კარლ გუსტავ მანერჰეიმი უკვე კადეტთა სკოლის მოსწავლე იყო, თუმცა ცუდი მოსწავლე, ძალიან ზარმაცი, მოუწესრიგებელი, ჩხუბისთავი კადეტი იმ დონემდე თავხედობდა, რომ კლასიდან ფანჯრიდან გადიოდა და არა კარიდან. ხოლო ერთხელაც, როცა ყოველგვარი ნებართვის გარეშე სასწავლებელი დატოვა, უკვე მისი გარიცხვის საკითხიც გადაწყდა. ამ მოვლენის შემდეგ მისთვის სამხედრო კარიერის ერთადერთ გზად სწავლის რუსეთში გაგრძელება რჩებოდა.

800px-Mannerheim_In_Nicholas_Cavalry_School
მანერჰაიმი კავალერიის სკოლაში

ასე რომ, 1886 წელს ფინური კადეტთა კორპუსიდან გარიცხულმა, 1889 წელს დაამთავრა კავალერიის სკოლა სანკტ-პეტერბურგში. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამან მისთვის ბრწინვალე სამხედრო კარიერის გზა გახსნა. ასე ნამდვილად არ იყო, უპირველეს ყოვლისა მან სამხედრო სასწავლებლიდან გამოიტანა ოფიცრის ყველაზე დაბალი რანგი – უმცროსი ლეიტენანტი, უფრო მეტიც, ვერც მოგვიანებით შეძლებს ის სამხედრო განათლების აკადემიური კურსის სრულყოფას და ვერც მაღალი რანგის ოფიცრების სამჭედლოს – გენერალური შტაბის აკადემიის გამოცდების ჩაბარებას. მოგვიანებით სწორედ ამ გარემოების გამო, რუსეთის იმპერიის მიერ წამოწყებულ ომებში ის არასდროს იქნება იმ შტაბის ოფიცერთა შორის, რომლებიც სამხედრო-სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე იმსჯელებენ და მისი სამხედრო კომპეტენცია ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს არ გასცდება. თუმცა მაშინ ადრეულ 1889 წელს კავალერიის სკოლის დასრულებისას მის მთავარ ოცნებად –  დარჩენილიყო და ემსახურა იმპერიულ გვარდიაში, კიდევ ერთი წინაღობა შეხვდა. ეს მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობა იყო. იმპერიულ გვარდიაში სამსახური უზარმაზარ ხარჯებს მოითხოვდა თვითონ მოსამსახურეებისგან, მათ მიერ უნიფორმაზე, საცხოვრებელზე, საკვებზე გასაწევი ხარჯები მრავალგზის აღემატებოდა იმ ჯამაგირს, რასაც გვარდიელები იღებდნენ. ხოლო მანერჰაიმის ბიძამ კი, რომელიც აფინანსებდა მის ცხოვრებას იმპერიის დედაქალაქში, ერთდროულად ვერც შეძლო და არც ჩათვალა განსაკუთრებით საჭიროდ მისთვის ასეთი ფინანსური დახმარების გაწევა. ასე რომ მანერჰაიმი პეტერბურგის ნაცვლად პოლონეთში აღმოჩნდა სამხედრო სამსახურის გაგრძელების მიზნით. მართალია ის დიდხანს არ დარჩენილა პოლონეთში და უკვე 1891 წელს მოახერხა საკუთარი ოცნების აღსრულება და დაბრუნება პეტერბურგში სწორედ რომ იმპერიულ გვარდიაში სამსახუროდ, რა თქმა უნდა ისევ ბიძის და ოჯახის ფინანსური და სანაცნობო წრის დახმარებით. თუმცა, პოლონეთში მოკლეხნიანი სამხედრო სამსახურის განმავლობაში მან მოახერხა იმის დანახვა, რაც მანამდე არ ენახა. ეს რუსიფიკაციის შედეგი იყო, რომელსაც ფინეთი ჯერჯერობით გადარჩენოდა, ხოლო პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, უკრაინასა და მოლდოვეთში ეს პოლიტიკა უკვე შედეგებს იმკიდა. პოლონეთი დაყოფილი იყო პროვინციებად, რომელსაც პეტერბურგიდან დანიშნული რუსი სამხედროები მართავდნენ. ნებისმიერი დაუმორჩილებლობა უკვე კარგა ხანი იყო, რაც ძალის გამოყენებით იხშობოდა. პრაქტიკა იყო აჯანყებულთა ლიდერის სიკვდილით დასჯა და ათასობით აჯანყებულის ციმბირში გადასახლება. პოლონეთსა და ყველა სხვა ნახსენებ სახელმწიფოში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიაც ჩვეულებრივი საოკუპაციო ინსტრუმენტი იყო, რომელიც ადგილობრივ სხვა ქრისტიანულ ეკლესიეებზე სრული ბატონობის მოპოვებას ცდილობდა, იქნებოდა ეს ამ ეკლესიების დახურვა თუ მათი ქონების მიტაცება.

პოლონეთიდან მოლდოვეთამდე ძალით დაწყებული რუსიფიკაცია სკოლის მერხებამდე განათლების სისტემით აღწევდა. იკრძალებოდა მშობლიურ ენაზე განათლების მიღება. ერთადერთ ოფიციალურ ენად რუსული ითვლებოდა, ანბანად – კირილიცა. ადგილობრივ მოსახლეობას მკაცრი შეზღუდვები უწესდებოდა ადმინისტრაციულ სამსახურებში მიღებაზე, რომელთა ადგილს რუსეთიდან ჩამოსული რუსები იკავებდნენ. რეალურად ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი იმ მომენტამდე, როცა რუსიფიკაციის მსგავსი პოლიტიკა ფინეთშიც ამძვინვარდებოდა და თვითონ მანერჰაიმის ოჯახსაც უშუალოდ შეხეებოდა.

თუმცა მანერჰაიმს, ისევე როგორც ბევრ მის თანამედროვე ქართველს სჯეროდა, რომ იმპერიის კარზე სამსახურით მხოლოდ სიკეთის მოტანა შეეძლო ჯერ კიდევ შედარებით ავტონომიური ფინეთისთვის, სადაც იმ მომენტისთვის ზემოთ აღწერილი პრობლემები ასეთი სიმწვავით არ იგრძნობოდა, სადაც ორივე მშობლიური ენა, როგორც ფინური, ასევე შვედური თავისუფლად არსებობდა. იმპერიის კარზე სიახლოვით მეტი სარგებლის მოტანა, როგორც ჩანდა შესაძლებელი უნდა ყოფილიყო იმპერიულ გვარდიაში სამსახურით, სადაც ის უკვე 1891 წელს როგორც იქნა დაბრუნდა. ალბათ არ იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვით, რომ ის ამ თვალსაზრისით მწარედ ცდებოდა, ისევე როგორც ამგვარად მოაზროვნე ნებისმიერი მისი თანამედროვე ქართველი, ნებისმიერი პატრიოტი ვინც კი ოდესმე ფიქრობდა, რომ იმპერიის ფარგლებში რაიმე სახის სტატუს-კვოს შეინარჩუნებს, თუ თუნდაც უფრო მეტი ავტონომიისთვის რაიმე სახით ბრძოლა აჯობებს მკვეთრ პირდაპირ დაპირისპირებას იმპერიასთან ეროვნული თავისუფლების მოსაპოვებლად.

ნიკოლოზ II

რომანოვების უკანასკნელ იმპერატორთან ნიკოლოზ II- სთან პირადი ნაცნობობა და ურთიერთობა მანერჰაიმს სწორედ გვარდიაში სამსახურმა მოუტანა, თუმცა ნიკოლოზ II მმართველობამ ფინეთზე ზეწოლა მხოლოდ გააძლიერა და მანამდე არნახული რუსიფიკაციის პოლიტიკას დაუდო საფუძველი. 1896 წლის 26 მაისს იმპერატორის კორონაციაზე მანერჰაიმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო, რომელიც ცერემონიის უსაფრთხოებაზე აგებდა პასუხს, როგორც იმპერიული გვარდიის ოფიცერი. მანერჰაიმი იმპერატორის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა იმ დღესაც, როცა კორონაციის „სახალხო ნაწილი“ დაიგეგმა. ეს დაგეგმილი დღესასწაული იმ ათასობით რუსის სიკვდილისა და დასახიჩრების დღედ იქცა, რომლებიც ცერემონიაზე იმ იმედით იყვნენ მისულნი რომ დამშეულებს მიეღოთ იმ უფასო გამასპინძლებით წყალობა, რასაც იმპერატორი მოსკოვის გარეუბანში ხოდინკას ველზე გეგმავდა. თუმცა ლუკმაპურის ვერ განაწილების შიშმა ხალხი ისეთ ბრბოდ აქცია, რომ შედეგად გამოწვეულ ჩაქოლვას უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი მოყვა. მიუხედავად ასეთი ტრაგედიისა იმპერატორმა იმ საღამოს საზეიმო მიღება მაინც გამართა და დაგეგმილი ცეკვა-თამაშით ძალიანაც ისიამოვნა, მაშინ როცა ერთი თვით ადრე საკუთარი ნათესავის ავსტრიის ჰერცოგის გარდაცვალების გამო ქვეყანაში ყველანაირი გართობა და ფესტივალი აკრძალა და პრაქტიკულად გლოვა გამოაცხადა. ერთი ადამიანი მთელ ქვეყანას აგლოვა, ათასობით უბრალო რუსის უბედურების ფონზე ცეკვისგან მიღებული სიამოვნებით ტკბებოდა. სამწუხაროდ ამ სამარცხვინო დღეს მანერჰაიმი იმპერატორის უსაფრთხოებას იცავდა.

Coronation_1896,_walking_under_cover
ნიკოლოზ II-ს კორონაცია

დღევანდელი რუსული პოლიტიკა და ეკლესია ერთიანად ცდილობს პატივი მიაგოს ამ წმინდანად გამოცხადებულ „წამებულ“ იმპერატორს. ერთადერთი პრეტენზია კი რაც მის მიმართ ისმის ისაა, რომ იმპერატორი ზედმეტად „სუსტი პიროვნება“ გამოდგა. ეს შეფასება აბსოლუტური ტყუილია, თუმცა ამ ხელოვნურ ტყუილში არის ჭეშმარირების პატარა მარცვალი – იმპერატორი ნიკოლოზ II არა სუსტი, არამედ მშიშარა, მხდალი ადამიანი იყო, ხოლო როცა მშიშარა და მხდალი ადამიანის ხელში თავს იყრის აბსოლუტური ძალაუფლება, ის სასტიკი და თვალთმაქცი ხდება. აბსოლუტური ძალაუფლების და მშიშრობის კომბინაცია ალბათ ყველაზე დიდ სისასტიკეს შობს. სწორედ ასეთი იყო ნიკოლოზ II, რომელიც ერების თავისუფლების მოგუდვის ურყევ გზაზე მხოლოდ მაშინ ბრკოლდებოდა, როცა დიდ წინააღმდეგობებს აწყდებოდა. ძალიან ცდებოდა მანერჰაიმი, როცა ასეთ იმპერატორთან სიახლოვეს თუ მასთან ერთად ნადირობას, რაიმე გაბედული კეთილგონიერების მარცვლის საპოვნელად აღიქვამდა.

2000 წლის 20 აგვისტოს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეს მშიშარა დამპყრობელი წმინდანად შერაცხა. რა თქმა უნდა რუსების საქმეა პატივი მიაგონ საკუთარ ბოლო იმპერატორს, თუმცა წმინდანად მოხსენიება მაინც რთულია. ერთადერთი დასკვნა რაც აქედან შეიძლება გაკეთდეს ალბათ არის ის, რომ რუსული ეკლესია და იმპერია დღესაც ისეთი განუყოფელია, როგორც მაშინ, საუკუნის წინ.

რაც შეეხება ფინეთის ავტონომიას, ფინელი ხალხისთვის მიცემული მფარველობის და პატივისცემის ფიცს – ნიკოლოზ II-მ ეს ყოველივე მიწასთან გაასწორა. ამ იმპერატორს ძალიან აღიზიანებდა „დაუმორჩილებელი ფინელები“. ფინეთში არსებული ადგილობრივი კანონმდებლობა გააუქმა, გააუქმა ფინური არმია და სამხედრო სასწავლებლები, ოფიციალურ ენად რუსული შემოიღო, აკრძალა ფინურად და შვედურად სწავლება. ფინურ სკოლებში სწავლა მხოლოდ რუსულად გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა შემოიღო ფინელებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახური რუსულ არმიაში 5 წლის ვადით, რაც არსობრივად განსახვავდებოდა იმ იმპერიული, ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურისგან, რომელშიც მანერჰეიმი იმყოფებოდა. ავტონომიური ამაყი ფინეთი იმპერიის რიგით პროვინციად აქცია, რომელსაც უკვე არა თვითონ, როგორც დიდი მთავარი ედგა სათავეში ფორმალურად, არამედ რუსი გუბერნატორი მართავდა. ხელოვნებიდან დაწყებული პრესით დამთავრებული ყველაფერზე მკაცრი ცენზურის შემოღება სცადა.

ფინეთს უკვე ჰქონდა კალევალა, ფინელ ხალხს უკვე ჰქონდა მყარი ნაციონალური თვითშეგნება და სიამაყე, ასეთი მოცემულობის ფორმირებაში უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა შესრულებული ნაციონალურ-რომანტიკულ პროზას და პოეზიას, ფინურ თეატრს და ზოგადად ფინურ ხელოვნებას.  XX საუკუნის დასაწყისში პარიზში გამართულ გამოფენაზე ფინეთს არა მარტო საკუთარი პავილიონი გააჩნდა, არამედ ამ პავილიონის სულისკვეთება იქ გამოფენილი ფინური მითოლოგიის ამსახველი ექსპონანტებით, პრაქტიკულად სრულიად ემსახურებოდა ფინური ნაციონალიზმის და რუსეთისაგან დამოუკიდებლობის იდეას.

_L'attaque__(musée_national,_Helsinki)
ეეტუ ისტოს “თავდასხმა”

ეროვნული კულტურა ყოველთვის ქმნის ნაციონალური თავისუფლების მყარ საფუძველს იმპერიაში შემავალი ერებისთვის, მაგრამ ცალკე აღებულ კულტურას არასდროს არავისთვის მოუტანია სახელმწიფოებრიობა, თუ მის მიერ შექმნილი პროცესის ესტაფეტა არ გადაუბარებიათ უკვე არა უბრალოდ კალმით, არამედ იარაღით აღჭურვილ ნაციონალისტებს. ფინეთში ასეთი საფუძველი არსებობდა ნიკოლოზ II-ის დროს და მალე უნდა დამდგარიყო კიდეც იარაღის ჯერი. თუმცა გადამწყვეტ ბრძოლამდეც შეუიარაღებელი ფინელი ხალხის წინააღმდეგობაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა გამოდგა. წინააღმდეგობის ამ პერიოდის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა ეეტუ ისტოს ნახატი ალეგორია სახელწოდებით „თავდასხმა“. მასზე გამოსახული იყო თეთრებში ჩაცმული გოგონა, რომელსაც თავს ესხმის ორთავიანი არწივი და ცდილობს ხელიდან გამოსტაცოს „კანონთა წიგნი“. ეს ქმნილება ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ ხელოვნების ნიმუშად იქცა მთელს ფინეთში, რომელიც ცალსახად მეტყველებდა ორთავიანი იმპერიის მხრიდან სასტიკ და უსამართლო რუსიფიკაციის პოლიტიკაზე.

შთამბეჭდავი იყო არა მხოლოდ კულტურული პასუხი, არამედ უბრალო ფინელების მასობრივი რეაქცია რუსიფიკაციაზე, მაგალითად ისეთი შემთხვევა, როგორიც იყო სავალდებულო რუსულ ჯარში გამოძახებულ ფინელთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი ახალწვეულის მხრიდან ჯარში სამსახურზე ღია უარის განცხადება, ან თუნდაც ფინელების რეაქცია რუსების მიერ ფინური საფოსტო მარკის აკრძალვაზე – მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ ძვირი უჯდებოდათ, უამრავმა ფინელმა რუსული მარკის გამოყენებას საერთოდ მარკის გარეშე ძვირადღირებული კორესპონდენციის გამოყენებას მიმართა. ეს დამოუკიდებლობისთვის სახალხო მოძრაობა იყო, რომელშიც ჩართული აღმოჩნდა მანერჰაიმის ოჯახიც, უფრო კონკრეტულად  მისი უფროსი ძმა და რძალი აინა. ეს უკანასკნელი პროფესიონალი მომღერალი იყო, რომელმაც გადაწყვიტა ფინეთის „დამოუკიდებელი მოქმედებებისთვის“ საქველმოქმედო კონცერტების ჩატარება. კარლ გუსტავ მანერჰაიმის უფროსი ძმა კარლ მანერჰაიმიც პირადად ჩაერთო საკუთარი მეუღლის კონცერტის მომზადებაში. მან ამ მიზნით ადგილობრივ ფინურ და შვედურ გაზეთებში რეკლამის გამოქვეყნება დააპირა, თუმცა ცენზურამ მისი ეს მცდელობა დაბლოკა. რუსული ადმინისტრაციის მოთხოვნა იყო კარლ მანერჰაიმისგან მიეღო გარანტია, რომ მისი მეუღლის კონცერტზე შეკრებილი თანხა არ იქნებოდა ანტი-იმპერიული მიზნებისთვის გამოყენებული, რაზეც კარლ მანერჰაიმის პასუხი იყო შემდეგი შინაარსის: – ეს ჩემი ცოლის ფულია და რაშიც ჩათვლის საჭიროდ იმაში დახარჯავს. შედეგად ეს კონცერტი ჩაიშალა, თუმცა რამდენიმე დღეში კარლმა მოახერხა საკუთარი მეუღლის კონცერტის სხვა ადგილზე დახურულ გარემოში ჩატარება, სადაც სტუმრები მხოლოდ მოსაწვევებით შედიოდნენ. მანერჰაიმის ასეთი ქცევა საკმარისი აღმოჩნდა მათი „შავ სიაში“ შესატანად. ცოტა ხანში უკვე სპეციალური უფელბამოსილებით აღჭურვილმა გუბერნატორმა ბობრიკოვმა ოჯახი აიძულა პოლიტიკურ ემიგრაციაში წასულიყო. 1903 წელს მომხდარ ამ მოვლენას მანერჰაიმი ნათესავისადმი მიწერილ წერილში გამოეხმაურა, როგორც მისთვის „ძალიან მტკივნეულ, სასტიკ და უსამართლო დარტყმას“, თუმცა ის ჯერაც იმპერატორის სამსახურში მდგარ ოფიცრად რჩებოდა.

სამწუხაროდ მან ვერ შეძლო პოლიტიკურ ემიგრაციაში მიმავალი საკუთარი ძმის და რძლის გასაცილებლად ფინეთში ჩასვლა. რამდენად ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, ის დაკავებული იყო სწორედ იმ იმპერატორ ნიკოლოზ II-ის სამსახურით, რომლის ნებითაც მისი ოჯახი იძულებით ემიგრაციაში მიდიოდა. მანერჰაიმის იმდროინდელი მდგომარეობა ძალიან გავდა მოცემულობას, რისიც მის დამფინანსებელ და პეტერბურგში შემნახველ ბიძას წლების წინ აწუხებდა – ეს მისი გარუსება იყო. თუმცა ძმის და რძლის ფინეთიდან წასვლის შემდეგ, ფინეთში დაბრუნებული მანერჰაიმი ძალიან შეძრა იმ პერსპექტივამ, რომ არსებულ ვითარებას შეიძლებოდა ის საკუთარ ოჯახს მოეწყვიტა. ამიტომაც მან ოჯახთან სერიოზულად განიხილა რუსული იმპერიული სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის მოსაზრება, ის მზად იყო ამ საქმისთვის დათმობილი უამრავი წელი და შრომა ერთი ხელის მოსმით წყალში ჩაეყარა, საკუთარი ცხოვრების მთავარ ოცნებაზე სამხედრო კარიერულ ზრდაზე უარი ეთქვა. თუმცა ფინეთში დარჩენილი ოჯახის ყველა წევრი ერთხმად შეეწინააღმდეგა მის მოსაზრებას, ყველა ფიქრობდა რომ ამ პირობებშიც კი იმპერატორის კარზე სამსახურით მანერჰაიმს  ჯერ კიდევ შეიძლება რაიმე სახის სიკეთე მაინც მოეტანა ფინეთისთვის, თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც სიკეთე. უნდა ითქვას, რომ იმ კონტექსტში, როგორც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ის სრულიად არაპერსპექტიული იყო, იმპერიის პირობებში რაიმეს გაუმჯობესება ვერასდროს იქნებოდა შესაძლებელი, ხოლო მეორე მხრივ ეს გადაწყვეტილება სულ სხვა ფაქტორის გამო აღმოჩნდება მომავალში გადამწყვეტი. 1917 წლის ლენინის რევოლუციის შემდეგ ფინეთში დაბრუნებულ მანერჰაიმს სწორედ რომ იმპერიულ ომებში გატარებული წლები, იქ მიღებული გამოცდილება და მოპოვებული ავტორიტეტი მისცემს იმ თავდაჯერებულობას, პასუხიმსმგებლობის იმ გრძნობას, რომელიც ხელში ააღებინებს ფინეთის მთავარსარდლობას დამოუკიდებლობის ომის პერიოდში. სწორედ 1903 წელს მიღებული გადაწყვეტილება იქნება იმის საფუძველი, რითაც მანერჰაიმი ამ ომში გამარჯვების განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა. ეჭვგარეშეა რომ თუ 1917-18 წლებში მანერჰაიმი დიდი ხნის გადამდგარი იქნებოდა სამხედრო სამსახურიდან, დამოუკიდებლობის ომში ის მაინც ჩაერთვებოდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ის ვერ გახდებოდა მთავარსადალი და სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები, ასეთ შემთხვევაში კი თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, ფინეთი დამოუკიდებლობის ომს ძალიან დიდი ალბათობით ვერ მოიგებდა. ამ მოსაზრებას დრო დაადასტურებს.

საბრძოლო ნათლობა და აზიური თავგადასავალი

მიუხედავად იმისა რომ მანერჰაიმი რუსეთის ყველაზე ელიტურ სამხედრო სამსახურში მსახურობდა XX საუკუნის დადგომას ის ისე შეხვდა, რომ არც ერთ ბრძოლაში არ ქონდა მონაწილეობა მიღებული. მისი სერიოზული ფიზიკური ერთადერთი ჭრილობა მშვიდობიანობის დროს იმ ცხენებისგან ჰქონდა მიღებული, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა და რომელთა ზედამხედველობა, საკუთარი სამსახურებრივი პოზიციიდან მთელი იმპერიის მასშტაბით ევალებოდა – იმპერიულ გვარდიაში ის ზედამხედველობდა სამეფო საჯინიბოს, რაც იმ დროისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულება იყო, ვინაიდან ცხენები ჯერაც უმთავრეს სატრანსპორტო საშუალებად ითვლებოდა, გარდა ამისა ცხენები ასრულებდნენ უდიდეს როლს ბრძოლის ველზე. უშუალოდ იმპერატორის კარის ცხენებზე პასუხისმგებლობა მანერჰაიმისთვის უშფოთველ, ბედნიერ და უზრუნველყოფილ მომავალს მოასწავებდა, მაგრამ ეს არ იყო მისთვის მთავარი. ამიტომაც ის დიდი ენთუზიზმით შეხვდა რუსეთ-იაპონიის ომის დაწყებას. ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მაინც მოახერხა ამ ომში ბრძოლის ველზე გასულიყო. მისი უშუალო ხელმძღვანელობა სასტიკად ეწინააღმდეგებოდა მის გაგზავნდას ომში, ვინაიდან უაზრობად თვლიდა ისეთ ომში მონაწილეობას, რომელიც მათივე შეფასებით ძალიან მალე დამთავრდებოდა რუსეთის გამარჯვებით. რა თქმა უნდა რუსეთში გავრცელებული მოსაზრება რუსეთის უპირატესობის თაობაზე სრულიად მცდარი იყო.

ყოველ შემთხვევაში მანერჰაიმს ნამდვილად „საქმის ჩაწყობა“ დასჭირდა იაპონიასთან ომში წასასვლელად. გარდა ამისა მას საკუთარი ხარჯების გაწევა დასჭირდა უნიფორმის, აღჭურვილობის თუ შორ მანძილზე გადასაადგილებლად და საკვების მოსამარაგებლად. ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო იმ დროს ვიცე-პოლკოვნიკ მანერჰაიმისთვის საბრძოლო გამოცდილების მიღება, მის მიერ სახლში გაგზავნილი წერილიდანაც ჩანს, სადაც ის წერს: „37 წლის ვარ, სერიოზულ სომარ კამპანიებს ხშირად არ აქვს ადგილი და თუ ამ კამპანიაშიც არ მივიღე მონაწილეობა, მაშინ ვიქცევი კაბინეტის ოფიცრად, რომელსაც მომავალში ჩუმად ჯდომა მოუწევს, როცა მისი უფრო გამოცდილი კოლეგები გატაცებულნი იქნებიან თავიანთი საბრძოლო შთაბეჭდილებების ერთმანეთისთვის გაზიარებით“.

ომში წასვლის ასეთი არგუმენტაცია მას ნამდვილად ჭირდებოდა საკუთარი ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ერთსულოვნად ეწინააღმდეგებოდნენ ზოგადად ფინელების და მათ შორის მანერჰაიმის მონაწილეობას იაპონიის წინააღმდეგ ომში, იმ მომენტისთვის ფინეთში ფართოდ გავრცელებული საზოგადოებრივი აზრის თანახმად, რუსეთის ომი უკვე აღარ იყო ფინელების საქმე.

მანერჰაიმი განსაკუთრებით ცდილობდა საკუთარი პოლიტდევნილი ძმისთვის აეხსნა თავის შეხედულებები, მისთვის მიწერილ წერილში ის ამბობს: „ომში ადამიანი არ იბრძვის რომელიმე კონკრეტული მთავრობისთვის, არამედ იმ არმიისთვის, რომელშიც მსახურობს, და არა მგონია დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს იმას თუ რატომ აკეთებს ამას ოფიცერი, იქნება ეს ხელისუფლებისადმი გულწრფელი ლოიალობა თუ იძულებითი მდგომარეობა, ვინაიდან ეს ოფიცრის მხრიდან უბრალოდ საკუთარი ვალდებულებების შესრულებაა“.

მანერჰაიმისთვის დამატებით ცალკე პრობლემას წარმოადგენდა ფინელების ახალი „არასანდო“ რეპუტაცია რუსეთის იმპერიის მმართველ წრეებში. ფინელების ასეთი „არასანდო“ და „პრობლემური“ რეპუტაცია, რომელიც ფინური ეროვნული მოძრაობის შედეგი იყო, კიდევ უფრო გაამძაფრა ფინელების უარყოფითმა დამოკიდებულებამ რუსეთ-იაპონიის ომში მონაწილეობის თაობაზე და განსაკუთრებით დაამძიმა ფინეთის გუბერნატორის ბობრიკოვის მკვლელობამ ფინეთის სენატის კლერკის ეუგენ შაუმანის მიერ. რუსი გუბერნატორის მკვლელობასთან დაკავშირებულია დოკუმენტურად დუადასტურებული ფინელ ხალხში ფართოდ გავრცელებული ერთი ისტორია, რომლის თანახმადაც, როცა დაჭრილი გუბერნატორი საავადმყოფოში მიიყვანეს, საავადმყოფოსთან ზღვა ხალხი შეიკრიბა. ისინი მოვლენათა განვითარებას ელოდნენ, როცა საავადმყოფოს ფანჯრიდან ფინელმა მედდამ გადმოიხედა და ხალხს შემდეგი სიტყვები გადასძახა: – „ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის“, რაც ყველასთვის იმას ნიშნავდა, რომ გუბერნატორი კვდებოდა. ბუნებრივია, ასეთი მძიმე ანტი-რუსული განწყობა პეტერბურგშიც გახდა სერიოზული მსჯელობის საგანი იმის თაობაზე შეიძლებოდა თუ არა, რომ საერთოდ რომელიმე ფინელი განმწესებულიყო რაიმე მნიშვნელოვან სამხედრო პოზიციაზე. ასეთ მოცემულობაშიც კი მანერჰაიმს კვლავ სჯეროდა, რომ იმპერიულ კარზე სამსახური, იმპერიის დროშის ქვეშ ბრძოლა მაინც მოიტანდა რაიმე სასიკეთო სარგებელს ფინეთისთვის.

ასეთი მძიმე რუსულ-ფინური განწყობების ფონზე მოუწია მანერჰაიმს რუსეთ-იაპონიის ომში მონაწილეობის მიღება, ომში, რომელშიც რუსული იმპერიული დროშის ქვეშ იბრძოდნენ ქართველებიც, მათ შორის გიორგი მაზნიაშვილი და გიორგი კვინიტაძე.

თავისთავად ეს ომი არც მოითხოვდა და არც იძლეოდა მანერჰაიმისთვის სამხედრო სტრატეგიული წარმატებების შესაძლებლობას. მასში ერთადერთი რამ იყო მისთვის შესაძლებელი – ბრძოლის ტაქტიკურ ველზე პირადი გამბედაობის გამოვლენა. ასეც მოხდა, მან მნიშვნელოვანი პირადი გამედაობის მაგალითები უჩვენა, რაზეც საპასუხოდ პოლკოვნიკის წოდება და იმპერიული ჯილდოები დაიმსახურა. ის არ იყო და ვერც იქნებოდა პირველი კლასის და ომის წარმართველ მეთაურთა შორის. ყველა ზემოაღწერილ ფაქტორთან ერთად არსებობდა კიდევ ერთი გარემოება რის გამოც  ენთუზიასტი ფინელი კავალერისტი რუსეთ-იაპონიის ომში სამხედრო მწერვალებს ვერ დაიპყრობდა. ამ ომის ბედი არა სახმელეთო ძალებზე, არამედ ფლოტზე აღმოჩნდა დამოკიდებული. შესაბამისად შედარებით სუსტმა იაპონიამ ომი ცუშიმას საზღვაო შეტაკებით მოიგო, სადაც მცირერიცხოვნების მიუხედავად მასთან შედარებით დიდი და ძლიერი ფლოტი ტექნოლოგიური უპირატესობის, დისციპლინის და პროფესიონალიზმის წყალობით პრაქტიკულად სრულიად განადგურდა.

რუსეთ-იაპონიის ომში სახმელეთო ძალების ფაქტორი არ იყო გადამწყვეტი, ხოლო პერსონალურად კავალერისტი მანერჰაიმის ფაქტორი ამ თვალსაზრისით სავსებით უმნიშვნელო იყო, ამიტომაც არ ღირს ამ ომის დეტალებში შესვლა, ისევე როგორც მანერჰაიმის ფაქტორის უმნიშვნელობის გამო არ ღირს არც პირველი მსოფლიო ომის დეტალებში შესვლა, რომელსაც ის რამდენიმე წელიწადში ბოლოჯერ იომებს რუსეთის იმპერიის დროშის ქვეშ. თუმცა რუსეთ-იაპონიის ომზე ორიოდე სიტყვით მანერჰაიმისგან დამოუკიდებლად მაინც უნდა ითქვას რამდენიმე დეტალი, უფრო სწორედ მისი შედეგების მნიშვნელობაზე. ცუშიმას საზღვაო ბრძოლამ, რომელშიც მანამდე უცნობმა იაპონურმა ფლოტმა ადმირალ ტოგოს მეთაურობით გამოუსწორებელი მარცხი აგება იმ დროს ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს რუსულ ფლოტს ადმირალ რაჟდესტვენსკის მეთაურობით, ისეთი ისტორიული შედეგები ჰქონდა, რომ თანამედროვეებმა ის მაშინვე შეამჩნიეს, ამერიკული პრესა წერდა: „ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ადმირალ ტოგოს მიერ მიღწეული წარმატება თანამედროვე საზღვაო ისტორიის ყველაზე თვალსაჩინო მოვლენაა. იაპონიისთვის კი მას უფრო არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ლეპანტოს გააჩნდა ვენეციისთვის და ტრაფალგარს – ინგლისისთვის. იგი ნამდვილად ჩაიწერება საზღვაო მატიანეში ისეთ ბრძოლათა გვერდით, როგორიც იყო სალამისი, აქციუმი და ესპანური არმადის განადგურება“.

ეს შეფასება სრულებითაც არ არის გადაჭარბებული და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორედ იაპონიასთან ომში მარცხი გახდა ბიძგი რუსეთის იმპერიაში საპროტესტო მოძრაობის ტალღის გაძლიერებისთვის. ეს ომი და მასში მარცხი აღმოჩნდა მთავარი ფაქტორი, რატომაც გადადგა ნაბიჯი ნიკოლოზ II-მ კონსტიტუციური მონარქიისკენ. გარდა ამისა რუსეთ-იაპონიის ომში რუსული მარცხი, რაც აზიური ქვეყნებისთვის უდიდეს ევროპულ ძალაზე გამარჯვებას ნიშნავდა, აზიური თაობებისთვის თვითდაჯერებულობის წყაროდ იქცა, მოგვიანებით ჯავარჰალად ნერუც სწორედ ცუშიმას ბრძოლას უკავშირებდა ნიშანს იმისა, რომ აზიელებს შეეძლოთ ევროპელებზე უპირატესობის მოპოვება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ნამდვილად ასეთი შორს მიმავალი აღმოჩნდა რუსეთ-იაპონიის ომი, რომელშის მანერჰაიმმა საბრძოლო ნათლობა მიიღო, ხოლო რუსეთის სამხედრო ფლოტმა პრაქტიკულად არსებობა შეწყვიტა, თუმცა რუსული მმართველობის სიბრიყვე ვერ აცნობიერებდა რეალურ მოცემულობას, ისინი კვლავ აღმოსავლეთის „დასტაბილურობაზე“ ფიქრობდნენ და ერთგვარი თადარიგის  დაჭერასაც აპირებდნენ ამ მიმართულებით, როცა სულ რაღაც რამდენიმე წელი რჩებოდა მანამდე, სანამ მთავარი საომარი თეატრი, პირველი მსოფლიო ომის სახით ევროპაში გაჩნდებოდა.

ჩინეთის და იაპონიის „პრობლემით“ შეწუხებულ იმპერატორს ჭირდებოდა აღმოსავლეთით არსებული მდგომარეობის დეტალური ცოდნა, მას უნდოდა ზუსტად გაერკვია თუ რა ძალები იყო განლაგებული მისი საზღვრების მიღმა, როგორი იყო იქ მცხოვრები ერების საბრძოლო სულისკვეთება, აინტერესებდა რამდენად იყო შესაძლებელი ახლახანს გამარჯვებული იაპონიის გავლენის გაძლიერება მომიჯნავე ტერიტორიებზე, სად რა სახის ჩინური გარნიზონები იყო განლაგებული რუსეთ-ჩინეთის სასაზღვრო რეგიონში. ასეთი ინფორმაციის შესაგროვებლად რუსეთის გენერალურმა შტაბმა მიზანშეწონილად ჩათვალა აზიაში საიდუმლო მისიით, შენიღბული მისიით გაეგზავნა ვინმე ვინც შეძლებდა შემდგომი 2 წლის განმავლობაში დაკისრებული სადაზვერვო ამოცანის კვალიფიციურად შესრულებას, ბუნებრივია ეს უნდა ყოფილიყო სამხედრო პირი, რომელსაც ექნებოდა უნარი შეედგინა რუკები და მასზე დაეტანა როგორც სამხედრო, ასევე გეოგრაფიული ობიექტები. სხვა კრიტერიუმებიც იქნა შემუშავებული – ეს პირი არ უნდა ყოფილიყო ეროვნებით რუსი, საუკეთესო შემთხვევაში კი უნდა ყოფილიყო შვედურ ენოვანი. ეროვნულ-ლინგვისტურ ასეთ მოთხოვნას ბუნებრივია ფინელი ოფიცერი ყველაზე კარგად დააკმაყოფილებდა. ასე რომ, ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით, რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურმა გენერალმა ფიოდორ პალიცინმა სწორედ მანერჰაიმს შესთავაზა აღნიშნულ მისიაში წასვლა შვედი გეოგრაფის საფარ ქვეშ. ეს არ იყო დავალება, ეს შეთავაზება იყო, რომელზეც მანერჰაიმს შეეძლო უარით ეპასუხა. თავდაპირველად ის სწორედ ასეც აპირებდა, ვინაიდან შიშობდა, რომ ამხელა ვადით პეტერბურგს მოწყვეტა დაასამარებდა მის სამხედრო კარიერას. მაგრამ გაათვითცნობიერა რომ პეტერბურგში ფინელების მიმართ დამოკიდებულება უკიდურესად არასახარბიელო იყო და რომ მას პირადად ასეთ ვითარებაში ვინმე განსაკუთრებული მფარველი არ ჰყავდა, ჩათვალა, რომ სწორედ ასეთი რთული მისიის შესრულება შეიძლებოდა პირიქით გამოსდგომოდა მის სამხედრო კარიერას. ასე რომ, ის დასთანხმდა წასულიყო რამდენიმე წლიან ექსპედიციაში მტრულ სამყაროში, რომლისთვისაც 15000-მდე კილომეტრის გავლა დასჭირდებოდა, რომ არაფერი ვთქვათ ყველა სხვა თანმხლებ პრობლემებზე.

ამ საიდუმლო მოგზაურობაში წასვლამდე მანერჰაიმმა წაიკითხა თითქმის ყველაფერი, რაც კი დიდ მოგზაურებს და აღმომჩენებს შეუქმნიათ – თვით მარკო პოლოდან დაწყებული, შესაბამისად არც არის გასაკვირი რომ მან შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ საშიშ ამოცანას. სწორედ ასეთი მუშაობის შედეგია, რომ დღესაც აქტუალურია მისი აზიური დღიურები, რომლის თანამედროვე გამოცემა სქელტანიან 800 გვერდიან მიმზიდველ წიგნს წარმოადგენს. დღესაც ძალიან საინტერესოა მისი გეოგრაფიული და კულტურული დაკვირვებები, მაგრამ ვფიქრობ მთელს ამ აზიურ მოგზაურობაში ერთ-ერთი საინტერესო და ბევრის მთქმელი მომენტია მანერჰაიმის შემთხვევითი შეხვედრა მეცამეტე დალაი ლამასთან.

ამ  შეხვედრას ადგილი ჰქონდა მანერჰაიმის მისიის უკვე დასკვნით პერიოდში. 1908 წლის ზაფხულში დალაი ლამა უკვე რამდენიმე წელი იყო რაც წმინდა მთა უტაიშანზე მდებარე რეზიდენციაში ცხოვრობდა, ის იძულებული გახდა ბრიტანელების მიერ ტიბეტში შეჭრის შემდეგ დაეტოვებინა სამშობლო და გადასახლებულიყო ჩინეთის ტერიტორიაზე მდებარე უტაიშანის მთებში, თუმცა არც აპირებდა მთავარი მტრის – ჩინეთისგან პრობლემების მოსაგვარებლად ე.წ. პეკინში „მიპატიჟებას“, მიუხედავად იმისა რომ უტაიშანზეც ჩინელი მეთვალყურეების და მცველების გარემოცვაში რჩებოდა. დალაი ლამა უმძიმეს პოლიტიკურ მარწუხებში იმყოფებოდა ერთი მხრივ ბრიტანელების და მეორე მხრივ ჩინელების მხრიდან, მას ხსნად მესამე ძალის გამოჩენა ესახებოდა და როგორც თურმე თვითონ ფიქრობდა, ეს სრულიად რეალისტური მოლოდინი უნდა ყოფილიყო. წმინდა მთაზე დალაი ლამასთან უამრავი ტიბეტელი, მონღოლი და ჩინელი მომლოცველი მიდიოდა ყოველდღიურად. ერთხელაც დალაი ლამამ მომლოცველებს შორის თვალი მოკრა უცხოელ, ევროპული გარეგნობის ადამიანს. მათი მზერა ერთმანეთს შეეყარა. როგორც დალაი ლამას აუხსნეს ეს უცხოელი ვინმე შვედი გეოგრაფი მოგზაური იყო სახელად მანერჰაიმი. არაბრიტანელმა ევროპელმა დალაი ლამა ძალიან დააინტერესა, მას ამისთვის მიზეზი ჰქონდა, ის რუსეთიდან ცნობებს ელოდებოდა. იმ დროინდელ ტიბეტში ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II „თეთრი ტარა“ ანუ ბოდჰისატვას რეინკარნაცია იყო, რომელსაც შეეძლო ტიბეტში მშვიდობიანობის მოტანა. უფრო მეტიც, თვით დალაი ლამას მრჩევლად ჰყავდა ვინმე აგვან დორჟიევი, რომელიც რუსეთის იმპერიიდან იყო წარმომავლობით, როგორც აღმოჩნდა ამ მრჩეველს დარწმუნებული ჰყავდა დალაი ლამა, რომ იმპერატორი ნიკოლოზ II ბუდიზმის მიღებას აპირებდა, შესაბამისად „ხსნა“ არათუ რეალური, არამედ ძალიან სწრაფიც უნდა ყოფილიყო. არსებობს მოსაზრებები, რომ ეს ე.წ. მრჩეველი ერთდროულად ორმაგ თამაშს თამაშობდა – რუსულს და რაღაც გაურკვეველ საკუთარს. თუმცა ფაქტად ერთი რამ ნამდვილად რჩება, გადაჭარბების გარეშე ის რუსეთის გავლენის ისეთი აგენტი იყო, რომელსაც დალაი ლამაზე საჭირო გავლენა სრულფასოვნად ჰქონდა მოპოვებული, ვინაიდან დარწმუნებული ჰყავდა ის ისეთ სიგიჟეში, როგორც „მესამე რომის იმპერატორის“ „მართლმადიდებლობის მფარველის“ ნიკოლოზ II -ის მიერ ბუდიზმის მიღება იყო.

დალაი ლამამ, რომელიც ნაკლებად ერკვეოდა ევროპულ ერთა მრავალფეროვნებაში, განსაკუთრებით კი რუსეთის იმპერიაში შემავალ ერთა მრავალფეროვნებაში, მანერჰაიმი რუსად მიიჩნია და აღელვებულმა ის სასწრაფო წესით სასაუბროდ მიიწვია. მანერჰაიმზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ტიბეტის სულიერმა ლიდერმა, ამიტომაც შეეცადა ზუსტად აეხსნა თუ ვინ იყო, ის რუსეთის იმპერატორის ქვეშევრდომი ფინელი ბარონი, რომლის მშობლიური ენა შვედური იყო. დალაი ლამა კიდევ უფრო დააბნია რამდენიმე ეროვნების ასე ერთდროულად ხსენებამ, თუმცა მისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ ეს ევროპელი რუსეთის იმპერიიდან იყო, ის ბარონი იყო რომელიც იმპერატორს პირადად იცნობდა, ამიტომაც დაუსვა კიდევ მთავარი კითხვა – ხომ არ ჰქონდა მანერჰაიმს რაიმე გზავნილი იმპერატორისგან დალაი ლამასთვის და დაინტერესდა როდისთვის უნდა ჰქონოდა დახმარების მოლოდინი. საუბრისას დალაი ლამა ძალიან ფრთხილობდა, არ უნდოდა მისი და უცხოელი საუბრისთვის ყური მოეკრათ ჩინელ ჯაშუშებს. სამწუხაროდ მანერჰაიმმა საერთოდ არაფერი იცოდა იმისა, რასაც დალაი ლამა კითხულობდა, თუმცა ერთი რამ კი სრულიად გულწრფელად უთხრა, როგორც მისთვის იყო ცნობილი, როგორც იმპერატორი, ასევე მისი ქვეშევრდომები დაინტერესებულნი იყვნენ დალაი ლამას და ტიბეტის ბედით და როცა ის იმპერიიდან აზიაში გამოემგზავრა, ყველა ყურადღებით ადევნებდა თვალს ტიბეტს და მის უწმინდესობას. მანერჰაიმმა მხოლოდ ის თქვა რაც იცოდა, თუმცა სამწუხაროდ ისე გაუღვივა ფუჭი იმედები დალაი ლამას, რომ თვითონაც ვერ ხვდებოდა, ის ვერ ხვდებოდა თუ რამხელა ტყუილის მსხვერპლი იყო მისი უწმინდესობა, ვერც იმას ხვდებოდა, რომ არათუ დალაი ლამა იყო გამოყენებული იმპერიალისტური პროპაგანდის მიერ, არამედ იმასაც, რომ ძალიან ცოტა იყო დარჩენილი იმ მომენტამდე, როცა თვითონვე მოუწევდა საკუთარი სამშობლოს გადასარჩენად რუსეთის იმპერიასთან ომში ჩაბმა.  იმ შორეულ 1908 წელს რუსეთთან დაკავშირებით ძალიან მწარედ ცდებოდნენ წმინდა მთაზე შემთხვევით შეხვედრილი ორი დიდებული ადამიანი დალაი ლამა და მანერჰაიმი. ამიტომაც დალაი ლამამ ამჯერად უკვე მანერჰაიმს სთხოვა ტიბეტური ტრადიციული აბრეშუმის სამოსი საჩუქრად წაეღო იმპერატორისთვის და გადაეცა მასთან შეხვედრის ამბავიც. შესაბამისად ის დარწმუნებული იყო, რომ მანერჰაიმს კვლავ შეხვდებოდა, ამიტომაც მისცა პირობა, რომ შემდეგი შეხვედრის დროს მას მისთვის სურათის გადაღების ნებას დართავდა. მანერჰაიმმა კი შეძლო ნიკოლოზ II-სთვის მისი უწმინდესობის მიერ გაგზავნილი აბრეშუმის საჩუქარი პირადად გადაეცა. მასთან ექსპედიციის შესახებ თითქმის საათნავრიანი მოხსენების პირადად გაკეთების შესაძლებლობაც მიეცა, მაგრამ იმპერატორს აზიისკენ უკვე აღარც გაუხედავს, მას შიდა არეულობებთან გამკლავება და პირველი მსოფლიო ომი ელოდა. აღარ იყო საჭირო დალაი ლამა და არც მისი ბედი აინტერესებდა ვინმეს პეტერბურგში. ასე რომ მანერჰაიმი დალაი ლამას ცხოვრებაში უკვე ვეღარ შეხვდება და ვერც დაპირებულ სურათს გადაიღებს.

რუსული იმედების და ოცნებების დასასრული

აზიიდან დაბრუნებულ მანერჰაიმს კვლავ პოლონეთში მოუწია სამხედრო სამსახურის გაგრძელება. ის ამ ქვეყანაში უკვე ნამყოფი იყო წლების წინ იგივე სამხედრო სამსახურის ეგიდით, როგორც მაშინ, ახლაც ინარჩუნებდა საკუთარ ოქროს წესს, არ ესაუბრა პოლონელებთან პოლიტიკურ თემებზე. ის ძირითადად იმ სამხედრო დანაყოფის ბრძოლისუნარიანობის გაუმჯობესებით იყო დაკავებული, რომელსაც მეთაურობდა.

მალე კი უკვე პირველი მსოფლიო ომიც დაიწყო. ეს ომი აღმოჩნდა მისთვის ბოლო ომი რუსეთის მხარეს. ამასთანავე ბოლო ომი, რომელშიც მის წინააღმდეგ ქართველები არ იბრძოდნენ, ვინაიდან ჯერ კიდევ იმპერიის დროშის ქვეშ ფინელი და ქართველი ოფიცრები თანაბარი თავდადებით ეომებოდნენ რუსეთის მტრებს. ისტორიის სვლა შემდგომში ამ სურათს კარდინალურად შეცვლის. მანერჰაიმი საკუთარი ცხოვრებისა და ფინეთისთვის სამ ომში ჩაერთვება, სამივე შემთხვევაში მის წინააღმდეგ ქართველებიც იქნებიან.

პირველ მსოფლიო ომში მანერჰაიმმა ძირითადად რუმინულ ფრონტზე იომა. მსგავსად რუსეთ-იაპონიის ომისა არც ამ ომში ყოფილა ის ჩართული უმაღლესი რანგის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, უკვე გენერალი მანერჰაიმი კვლავ ბრძოლის ველის ტაქტიკური ამოცანების გადაჭრას ვერ სცდებოდა. მსგავსად წინა ომისა, არც ამ ომის წვრილმანებში შესვლა ღირს, თუმცა ერთი ისეთი მოვლენის გამოტოვება ნამდვილად არ შეიძლება, რომელმაც მანერჰაიმის ნამდვილი ბრაზი გამოიწვია. ეს ეხებოდა ფინეთში მიღებულ გადაწყვეტილებას გერმანიის მხარეს რუსების საწინააღმდეგოდ 2000 მოხალისე ფინელის გაგზავნას. ეს ის 2000 „ეგერია“ რომლებიც ძალიან მალე ფინეთის დამოუკიდებლობის ომში რუსების წინააღმდეგ მანერჰაიმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ძალა გახდება. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს მანერჰაიმმა ეს საქციელი ღალატად აღიქვა. მას სასტიკად აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ მისი გადმოსახედიდან ფინელების ეს ქცევა ღალატს გავდა. სინამდვილეში როგორც ჩანს მანერჰაიმს მაინც ბოლომდე კარგად არ ესმოდა ფინეთში არსებული ანტირუსული განწყობები, ამ თავდადებულ მონარქისტს, რომელსაც ნაკლებად სწამდა რესპუბლიკანიზმის ანტირუსული განწყობები ანტიმონარქისტულში ერეოდა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ მანერჰაიმი არ ყოფილა ერთადერთი, რომელსაც იმ დროს არათუ განწყობები, არამედ იდეებიც და მიზნებიც საფუძვლიანად ერეოდა ერთმანეთში. მათ შორის საქართველოშიც სხვადასხვა რამ იყო ანტირუსული ანუ ანტიიმპერისტული და ანტიმონარქისტული სოციალისტური განწყობები. ორივე ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობდა ისეთი შეხედულებაც, რომელიც არათუ მისაღებად, არამედ ყველაზე პრაგმატულად მიიჩნევდა რუსული იმპერიის ფარგლებში ეროვნული სახელმწიფოების განვითარებას.

1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ მანერჰაიმს ფინეთში ჩასვლამ პეტერბურგის გავლით მოუწია. ცვლილებები დედაქალაქში იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ პეტერბურგს უკვე სახელიც კი აღარ ქონდა შერჩენილი – მას პეტროგრადი ერქვა. საზოგადოებრივი დაძაბულობა კი იმდენად დიდი იყო, რომ მანერჰაიმმა ნათლად დაინახა ცვლილებების გარდაუვალობა, დასაშვებ და საუკეთესო ცვლილებად კი მის გონებაში კონსტიტუციური მონარქია ჩამოყალიბდა. თუმცა სულ რაღაც თვეები იყო დარჩენილი ლენინის რევოლუციამდე, რომელიც მანერჰაიმის აზრით უბრალო სახელმწიფო გადატრიალება იყო, რაშიც აბსოლუტურად არ ცდებოდა. წითლები და მარქსისტული იდეები კი მას სასტიკად ზარავდა. ყოველივე ეს კი იმდენად მიუღებელი აღმოჩნდება მისთვის, რომ მომავალში თვით ფინეთის დამოუკიდებლობის ომის შემდეგაც არ მოასვენებს იდეა რუსეთში სამხედრო ძალით შეჭრის და ბოლშევიკების დამხობის თაობაზე, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგვიწევს საუბარი.

ბოლშევიზმის ტოტალური მიუღებლობის ფონზე პირველი რისი მცდელობაც მანერჰაიმს ჰქონდა, ეს კონტრევოლუციური „თეთრების“ გააქტიურება იყო. სწორედ ამ მიზნით აღმოჩნდა ის გენერალური შტაბის ძველი ოფიცრების შეკრებაზე, სადაც სრულიად უუნარო, უიმედო ოფიცრების მეტი ვერაფერი ნახა, რომლებსაც სამხედრო ფორმებიც კი გაეხადათ. რაც მას მათთვის სათქმელი დარჩენოდა ის იყო, რომ ამიერიდან ის რუსეთის ოფიცერი უკვე აღარ იყო.

წითლების მიერ დაკავებული პეტერბურგიდან მანერჰაიმმა, როგორც იმპერიის უკვე ყოფილმა ოფიცერმა, მაგრამ გულმხურვალე მონარქისტმა და შეურიგებელმა ანტიბოლშევიკმა, მართლაც რომ შემთხვევითობის წყალობით მოახერხა დაპატიმრებას გადარჩენილიყო და ჰელსინკის მატარებელზე დამჯდარიყო. ჰელსინკისკენ მიმავალი გზაში ის სხვებსაც და საკუთარ თავსაც უმტკიცებდა, რომ მისი სამხედრო კარიერა უკვე დამთავრებული იყო, თუმცა ამავდროულად განუწყვეტლივ ფიქრობდა ფინეთის დამოუკიდებლობის დაცვის სტრატეგიაზე. ის დარწმუნებული იყო, რომ წითლები შეძლებდნენ იმის უზრუნველყოფას, რომ ფინეთი ნებაყოფლობით შეერთებოდა „წითელ რუსეთს“. მას ასეთი წუხილის საფუძველი ნამდვილად ჰქონდა, რადგან ფინეთის პარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებული დამოუკიდებლობა ზედმეტად მყიფე იყო, ვინაიდან იმავე პარლამენტში „წითლებს“ ანუ სოციალისტებს 92 ადგილი, ხოლო „თეთრებს“ კონსერვატორებს და ბურჟუაზიას 108 ადგილი ჰქონდათ, ასე რომ დამოუკიდებლობა სულ 16 ხმაზე იდგა. ხოლო ფინეთში გაჩაღებული ძლიერი რუსული, აწ უკვე სოციალისტური პროპაგანდა დიდი ალბათობით ადვილად შეძლებდა სოციალისტური თანასწორობის მაცდუნებელი იდეებით ფართო სახალხო მასების მობილიზებას, რომლის წინააღმდეგაც 16 საპარლამენტო ხმა არარაობად იქცეოდა.

თავისუფლებისთვის ომი იწყება

მანერჰაიმი ფინეთში 1917 წლის 18 დეკემბერს ჩავიდა, იჟამად ის უკვე 50 წლის იყო. 50 წლის გენერალს, რომელსაც მთელი სამხედრო სამსახური იმპერიულ არმიაში წყალში ჩაეყარა, წინ ცხოვრების ყველაზე დიდი გამოწვევები ელოდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუ ვინმეს რამეს ეუბნება სახელი მანერჰაიმი, ყველაფერი ეს დაკავშირებულია მის მიერ 50 წლის ასაკში დაწყებულ სრულიად ახალ ბობოქარ ცხოვრებასთან.

ფინეთში კი საზოგადოებრივი ცხოვრება ძალიან დაძაბული იყო. უზარმაზარი პრობლემები ქვეყნის შიგნით, სადაც საზოგადოება ორად – „წითლებად“ და „თეთრებად“ იყო გაყოფილი, რთული ვითარება იყო საერთაშორისო ასპარეზზც. ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას არ მოყვა არცერთი უცხო ქვეყნის მხრიდან აღიარება. ფინეთი ძალიან ცდილობდა ევროპის მნიშვნელოვანი ქვეყნების მხრიდან აღიარების მოპოვებას, თუმცა ძირითადი ქვეყნები რუსეთის გადაწყვეტილებას ელოდნენ. საფრანგეთმა, გერმანიამ და შვედეთმა აღიარების გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც 1937 წლის 31 დეკემბერს ლენინმა ფინეთს „დამოუკიდებლობა უბოძა“. სამწუხარო ფაქტი იყო, მაგრამ დასავლური სამყარო ფინეთის სუვერენიტეტის ცნობას ნამდვილად ლენინის გადაწყვეტილებას უკავშირებდა.

ფინეთში არსებული ეროვნული ძალებისთვის მანერჰაიმი მისაღები აღმოჩნდა საკუთარი სამხედრო გამოცდილების თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული მოძრაობა მასში „გარუსებულ ფინელს“ ხედავდა. ის ჰელსინკში ჩასვლისთანავე გახდა სამხედრო კომიტეტის წევრი. თავისუფლებისთვის მებრძოლი ეს კომიტეტი უკვე წლები იყო, რაც ფინეთში არალეგალურად არსებობდა, მაგრამ დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად მან უკვე იურიდიული საფუძვლები შეიძინა და გახდა მთავარი ორგანო, რომელსაც უნდა ეზრუნა როგორც ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნებაზე, ასევე ახალი დამოუკიდებელი არმიის ფორმირებაზე. ეს ის კომიტეტი იყო, რომელმაც ცოტა ხნის წინ პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას 2000 ფინელი ხამხედრო გააგზავნა გერმანელების მხარეს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მიუხედავად იმისა რომ კომიტეტი უკვე ლეგალიზებული იყო, იანვრის შუა რიცხვებში ის მაინც ფარულ შეხვედრებს მართავდა, ვინაიდან მისი არსებობისთვის საფრთხეს ამჯერად უკვე არა იმპერატორის ძალები, არამედ წითელი რუსეთი და ფინური წითელი მოძრაობა წარმოადგენდა. მანერჰაიმმა იანვრის დასაწყისში სამჯერ მიიღო ამ სამხედრო კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა და საკმაოდ უკმაყოფილო დარჩა. როგორც ყოველთვის, ყველგან დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, ფინეთშიც ბევრს სურდა ამ დამოუკიდებლობის მოპოვება მაგრამ მის შესანარჩუნებლად, მისთვის საბრძოლველად გამბედაობა ყველას არ ჰყოფნიდა. სწორედ ასეთ სურათს წააწყდა მანერჰაიმი სამხედრო კომიტეტში. როგორც მანერჰაიმი იხსენებს კომიტეტის წევრები „დროსა და ძალისხმევას უამრავ უმნიშვნელო საკითხზე ხარჯავდნენ, მაგრამ როგორც კი საქმე მართლაც მნიშვნელოვან თემებზე მიდგებოდა, ისინი საკითხს უბრალოდ თაროზე თუ შემოდებდნენ“. და ეს მაშინ, როცა ისევ მისივე შეფასება რომ მოვიშველიოთ სამხედრო კომიტეტი ყოველწუთიერად იდგა წითლების მხრიდან დაპატიმრების საფრთხის წინაშე, რაც თავისთავად ნიშნავდა თავისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში კომიტეტისთვის მინდობილი საქმის ჩაფლავებას. მანერჰაიმმა ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე დააყენა საკითხი კომიტეტის ჰელსინკიდან უფრო უსაფრთხო, უფრო ანტირუსულ დასავლეთ რეგიონში გადატანის შესახებ, მისი არგუმენტაცია უმარტივესი იყო – წინააღმდეგ შემთხვევაში კომიტეტიც და თავისუფლებისთვის ბრძოლაც წითლების ხელში აღმოჩნდებოდა. ის არ ცდებოდა, ვინაიდან წითლების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობამე და ჰელსინკში ძალაუფლების სრულად ხელში ჩაგდებამდე ზუსტად ორი კვირა რჩებოდა. თუმცა ხსენებულ შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ და წევრებმა მისგან მოსაზრებების წერილობით წარდგენა მოითხოვეს. ეს მოთხოვნა არ ყოფილა რამე არსებითი წინააღმდეგობის ან სიტუაციის სხვაგვარად შეფასების, მით უფრო არ ყოფილა დამოუკიდებლობის მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული განწყობების შედეგი. ეს უბრალოდ კომიტეტის ხელმძღვანელის და კომიტეტის წევრების გაუბედაობის და უუნარობის ნიშანი იყო. საკუთარ პასუხს მანერჰაიმი მოგვიანებით მემუარებში შემდეგი სიტყვებით აღწერს: „მე ჩემი მოსაზრება უკვე გამოთქმული მქონდა, ასე რომ სიგარეტს მოვუკიდე და უბრალოდ წავედი. მე არ დავწერე ეს მოხსენება, ვინაიდან უკვე დიდი ხანი იყო რაც მოქმედების დრო დამდგარიყო და არა წერის“.

საბედნიეროდ მანერჰაიმის გაბედული, გადამწყვეტი, პრინციპული მიდგომის მნიშვნელობას კომიტეტის სხვა წევრებიც მიხვდნენ, ისევე როგორც ფინეთის მთავრობის მეთაური სვინჰუვუდი, ამიტომაც ამ უკანასკნელმა სწორედ რომ მანერჰაიმს დააკისრა სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელობა. ყველაფერი დროში ძალიან სწრაფად ვითარდებოდა, პრაქტიკულად ქაოსი იყო. შესაბამისად მანერჰაიმს, როგორც სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს და სვინჰუვუდს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს შორის იდეათა, შეხედულებათა და პოზიციათა გაცვლა, შეთანხმება – მხოლოდ ზეპირ დონეზე მოხდა. სიტყვიერი შეთანხმებით მანერჰაიმმა მიიღო პირობა, რომ ფინეთის მთავრობა არ დაუშვებდა მოსალოდნელ ომში, რომელიც ერთდროულად იყო ფინეთის დამოუკიდებლობის და „წითელ“ და „თეთრ“ ფინელებს შორის გაჩაღებული სამოქალაქო ომიც, გერმანიის და შვედეთის ინტერვენციას. მოგვიანებით კი  გერმანიის ინტერვენციით შეძრწუნებულ მანერჰაიმს არ აღმოაჩნდება არცერთი დასტური იმისა, რომ ეს სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან დადებული პირობის დარღვევასთან ჰქონდა საქმე. გერმანული ინტერვენციის დროს მანერჰაიმსა და სვინჰუვუდს შორის პირობის დარღვევის გამო დაძაბულობა ისეთ დონეს მიაღწევს, რომ მანერჰაიმს შუაგულ ომში გადადგომით დამუქრება დაჭირდება. თუმცა მანამდე ჯერ კიდევ ცოტა დროა მაინც დარჩენილი, რომელსაც მანერჰაიმი მაქსიმალურად გამოიყენებს.

17 იანვარს მანერჰაიმის შტაბმა დასავლეთ ფინეთის ყველაზე ანტირუსული რეგიონის ქალაქ ვაასაში გადაინაცვლა. სამხედრო ძალთა ბალანსი უკიდურესად შემაძრწუნებელი იყო მანერჰაიმისთვის, მის განკარგულებაში მოიაზრებოდა 24 500 მებრძოლი, ხოლო წითელი ფინელების განკარგულებაში იყო 30 000 გვარდიელი, რასაც ემატებოდა ფინეთში განლაგებული 70 000 რუსი სამხედრო. მანერჰაიმის განკარგულებაში სულ 9 000 შაშხანა და შეუდარებლად კიდევ უფრო ცოტა ტყვიამფრქვევი იყო. „წითლებს“ იარაღის დეფიციტი არ ჰქონდათ. „თეთრი ფინელების“ საბრძოლო სულისკვეთება და ანტირუსული გავლენები კი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მანერჰაიმს დასჭირდა თავდაპირველ ეტაპზე მოეთოკა საკუთარი გაუწრთვნელი და მოუმზადებელი თავდაცვის ძალები, რათა ისინი რუსებთან, „წითლებთან“ და უაზრო შეტაკებებში არ ჩართულიყვნენ. ქვეყანაში დისლოცირებულ ოფიციალურ რუსულ ძალებს მიღებული ჰქონდათ ფინელთა მომავალ „წითელ“-„თეთრ“ დაირისპირებებში ოფიციალურად ნეიტრალიტეტის შენარჩუნების მითითება, რაც თავისმხრივ მოჰყვა 1917 წ. 31 დეკემბერს ლენინის მიერ ფინეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებას, თუმცა როგორც ყოველთვის რუსეთის ოფიციალური, საჯაროდ განცხადებული პოლიტიკა სრულიად ეწინააღმდეგებოდა კრემლის – იქნებოდა ეს მონარქიული თუ კომუნისტური სახელის მატარებელი კრემლი – რეალურ პოლიტიკას. შესაბამისად სრულებითაც არაფერია გასაკვირი იმაში რომ რუსეთი მაქსიმალურად ცდილობდა არა მხოლოდ იარაღით და მოხალისეებით მოემარაგებინა „წითელი ფინელები“, არამედ არც მორალურ გამხნევებას და სახელმწიფო გადატრიალებისკენ წაქეზებას აკლებდა. ფინელებს შორის სამოქალაქო დაპირსპირების იარაღის ძალით გადაწყვეტის რაციონალურობაში „წითელ ფინელებს“ საკუთარი წერილით არწმუნებდა ლენინის მთავრობის იმ დროს სახალხო კომისარი იოსებ სტალინი. „წითელ ფინელებს“ სტალინი წერდა: „ამგვარ ატმოსფეროში შეიძლება არსებობდეს მოქმედების მხოლოდ ერთადერთი ტაქტიკა, რაც დანტონის ტაქტიკაა და გულისხმობს გამბედაობას, გამბედაობას და ისევ და ისევ მხოლოდ გამბედაობას. და თუ თქვენ ამ საქმეში ჩვენი დახმარება დაგჭირდებათ, თქვენ მას მიიღებთ, ჩვენ ძმურ ხელს გაგიწევთ, რაშიც შეიძლება სრულებით იყოთ დარწმუნებულნი“.

სტალინის როლი უმნიშვნელოვანესი იყო ფინეთში საომარი მოქმედებების დაწყებაში. მისი პერსონალური ინტერვენციის შემდეგ ფინეთში დისლოცირებული ოფიციალური რუსული ნაწილებიდან უამრავმა ოფიცერმა განაცხადა რუსული არმიის რიგების დატოვებაზე, შემდეგ კი ყველა ისინი როგორც კერძო მოხალისეები ადგილობრივ „წითელი ფინელების“ გვარდიას შეუერთდა.

ალბათ ადვილი მისახვედრია, რომ ეს მანევრი სხვას არაფერს ნიშნავდა გარდა იმისა, რომ კვალიფიციური რუსი სამხედროები ისე იქნენ გადასროლილნი „წითელი ფინელების“ დასახმარებლად, რომ შეძლებოდათ მათი გაძლიერება, თანაც რუსეთის ხელი ოფიციალურად დარჩენილიყო სუფთა. ამ მიდგომამ საშუალება მისცა რუსეთს ისე ეწარმოებინა ომი ფინეთის წინააღმდეგ, რომ ის ოფიციალურად არ გამოეცხადებინა.

ასე რომ, რუსული პოლიტიკის შედეგი ის იყო, რომ მისი მხრიდან ფინეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან ერთი თქვეც კი არ იყო გასული, რომ პროსაბჭოთა წითელმა გვარდიამ 1918 წლის 27 იანვარს ჰელსინკში სამხედრო გადატრიალება მოაწყო და ფინური მთავრობა დაამხო.

ამ მომენტისთვის მანერჰაიმს უკვე დაგეგმილი ჰქონდა დასავლეთ რეგიონში რუსული გარნიზონების განიარაღების ოპერაცია, რომლითაც სამხედრო კომიტეტის მიერ კონტროლირებადი რეგიონი სრულად უნდა განთავისუფლებულიყო შეიარაღებული რუსებისგან. ამ ოპერაციის დაწყების თარიღი სწორედ რომ 28 იანვარი იყო, და ყოველივე ეს უკვე რამდენიმე დღე იყო, რაც შეთანხმებული იყო მთავრობის მეთაურთან, თუმცა ჰელსინკში დაწყებული სამხედრო გადატრიალების გამო სვინჰუვუდი 27 იანვრის საღამოს დაუკავშირდა მანერჰაიმს და ოპერაციის გადადება მოსთხოვა. ის რუსებთან მოლაპარაკებას აპირებდა. საბედნიეროდ მანერჰაიმმა ზუსტად აუღო ალღო შექმნილ ვითარებას, მაგრამ მის მიერ მიღებული სწორი გადაწყვეტილება ძალიან სარისკო იყო. მთავრობის მეთაურისგან მიღებულ მითითებებს ის უბრალოდ არ დაემოჩილა, მიღებული ტელეგრამა „დაკეცა და ჯიბეში ჩაიდო“, თვითონ კი გამთენიისას ოპერაციის დაწყების განკარგულება გასცა. ფინეთის დამოუკიდებლობის ომისთვის ეს ერთ ერთი მთავარი გადამწყვეტი მომენტია. მანერჰაიმი ამ დაუმორჩილებლობით ისეთ რისკზე წავიდა, რომ წარუმატებლობის ან მოვლენათა არასახარბიელო განვითარების შემთხვევაში ის პერსონალურად ერთადერთი დამნაშავე აღმოჩნდებოდა, გამარჯვების შემთხვევაში მისი თანამოწილე სხვა უამრავი ფაქტორი და ადამიანი იქნებოდა. მას რომ ოპერაციის დაწყება დაეყოვნებინა, დიდი ალბათობით „თეთრი ფინეთი“ ისედაც სუსტ პოზიციებს საერთოდ დაკარგავდა და გამარჯვების არანაირი შანსი არ დარჩებოდა. სწორედ ასეთ სურათს შექმნიდა ის „მოლაპარაკებები“ რუსებთან, რომლის გამართვასაც მთავრობის მეთაური აპირებდა, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სვინჰუვუდმა არათუ ვერანაირი მოლაპარაკების გამართვა ვერ შეძლო, მან დაპატიმრებებს ჰელსინკიდან ფარული გაქცევით დააღწია თავი.

მოლაპარაკებების შეუძლებლობა რა თქმა უნდა მანერჰაიმის ფაქტორით არ იყო განპირობებული. ის უბრალოდ ინსტიქტურ დონეზე მიხვდა რომ ეს შეუძლებელი იყო. მართლაც რუსეთი ოფიციალურად სრულ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, ის ოფიციალურად ფინელთა შიდა ომში მხარე არ იყო, შესაბამისად რომც შემდგარიყო მოლაპარაკებები ეს ისევ ფინელებს შორის უნდა მომხდარიყო, რაც მხოლოდ „წითლებს“ და რუსებს მისცემდა დროს კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. რაც შეეხება მოლაპარაკებების თემებს, მაშინ როცა ჰელსინკი უკვე „წითლების“ ხელში იყო, ხოლო „თეთრებს“ ჯერაც არ გააჩნდათ რუსული გარნიზონებისგან სრულიად თავისუფალი პატარა რეგიონალური ცენტრიც კი, რთულად წარმოსადგენია თუ რას შეიძლებოდა შეხებოდა. იმ მომენტში მთავრობის მეთაურის სვინჰუვუდის მიდგომა მხოლოდ გარეგნულად ჩანდა პრაგმატული, სინამდვილეში კი კატასტროფა იყო, ხოლო მანერჰაიმის მიდგომა მხოლოდ გარეგნულ ჩანდა არარაციონალური, სინამდვილეში კი ყველაზე პრაგმატული იყო.

მანერჰაიმის პირველი სამხედრო ნაბიჯები ოსტრობოტნიის რეგიონში განლაგებული რუსული გარნიზონების განიარაღება იყო. ის ეყრდნობოდა იმ არგუმენტს, რომ რუსეთს გამოცხადებული ჰქონდა ნეიტრალიტეტი. შესაბამისად მანერჰაიმის წინაშე მდგომი ამოცანის – რეგიონში მოთარეშე ბანდიტური ჯგუფების განეიტრალებას რუსების მიერ იარაღის ჩაბარება ესაჭიროებოდა. თავდაპირველი ოპერაციები უკიდურესად მცირე წინააღმდეგობის და მცირე სისხლისღვრის ფონზე დაიწყო, მაგრამ რაც უფრო მეტი წარმატებისკენ მიიწევდა მანერჰაიმი რეგიონალური მაშტაბით, მით უფრო იზრდებოდა წითლების წინააღმდეგობა და სისხლისღვრის მასშტაბი.

ისევე როგორც სვინჰუვუდის უგუნურ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა, ასევე ოპერაციის თავდაპირველი მიმართულებაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. მანერჰაიმმა სამხედრო ოპერაციისთვის მიცემული მიმართულებით – ჩრდილოეთის სიღრმე შვედეთის საზღვრამდე – შექმნა სტრატეგიული მოცემულობა, რომლითაც ფინეთს „თეთრების“ მიერ კონტროლირებადი ფინეთ-შვედეთის საზღვარი მოუტანა და გარდა ასეთი ზურგისა, გამორიცხა თეთრი ძალების წითლების მიერ ალყაში მომწყვდევის შანსები. ოსტრობოტნის დაკავება მანერჰაიმს 6 თებერვლისთვისუკვე სრულად დასრულებული ჰქონდა.

თავისუფლების ომი წითლების მიერ 27 იანვარს ჰელსინკში მოწყობილი გადატრიალებით დაიწყო, თუმცა ამ გადატრიალების ფორმით და გადატრიალების კვალდაკვალ განხორციელებული ტერორით, ანგარიშსწორებებით და რეპრესიებით წითლებმა ომს თავიდანვე მისცეს სასტიკი ელფერიც. წითლების მიერ ჰელსინკის დაკავებას 1600-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადამიანთა უმრავლესობა უბრალოდ „თეთრებისადმი“ სიმპატიით განწყობის გამო დახოცეს.

ამ პოლიტიკურ ხოცვა-ჟლეტაში საკმაოდ კარგად იხეირეს უბრალო კრიმინალებმაც, რომლებიც ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის თუ კუთვნილების გარეშე ხოცავდნენ იმ პოლიციელებს და მოსამართლეებს, რომელთა მიმართაც ჩვეულებრივი კრიმინალური ვენდეტა ამოძრავებდათ. ჰელსინკის წითლების მიერ დაკავების შედეგად განხორცილებული ტერორი და დაშინება არ იყო ერთადერთი მეთოდი, რომლითაც რუსეთი ცდილობდა ფინეთის დაშოშმინებას. ის იყენებდა კომბინირებულ მეთოდს, რომლის დასახასიათებლად და სულისკვეთების გამოსახატად ყველაზე უკეთ ისევ რუსული ჟღერადობის სიტყვები თუ გამოდგება “Кнут и Пряник”. ამ პოლიტიკის ფარგლებში, წითელი ტერორის პარალელურად ფინეთში გავრცელდა ლენინის პროკლამაცია, რომელიც ფინეთს პირდებოდა ეთნიკური ფინელებით დასახლებული რუსეთის მფლობელობაში მყოფი აღმოსავლეთ კარელიის მიწების ფინეთისთვის მიერთებას თუ წითელი ფინეთი საბჭოთა რუსეთის ხელისუფლების გავლენის სფეროში დაბრუნდებოდა. ბუნებრივია ეს მხოლოდ შეგნებული მოტყუება იყო, ვინაიდან პეტროგრადის მახლობლად რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებში მხოლოდ პირიქით – მეტი ფინური მიწის მიტაცება შედიოდა და არავითარ შემთხვევაში ერთი გოჯის დათმობაც კი, რაც გახდება წლების შემდეგ „თეთრი ომის“ და სტალინის აგრესიის მიზეზი.

სწორედ ლენინის ამ ორმაგ თამაშზე მოუწია მანერჰაიმს იმ ცნობილი პირობის დადება, რომლის თანახმადაც ის მანამდე არ ჩააგებდა ხანჯალს ქარქაშში, სანამ ლენინის უკანასკნელ ჯარისკაცს და ხულიგანს არ გადევნიდა ფინეთიდან, ისევე როგორც კარელიიდან. ეს განაცხადი მანერჰაიმის მხრიდან არ ყოფილა ლენინის პროპაგანდაზე მხოლოდ სწორი და ადეკვატური პასუხი, რაც თავისთავად აბსოლუტურად გამართლებული პოლიტიკური რეაქცია იყო, არამედ მართლა მისი სულის გამოძახილი და პოლიტიკური პოპულიზმისგან სრულიად დაცლილი, რწმენაზე დაფუძნებული იდეა.

კრიტიკული ფაზა

ვაასაში ჩავიდნენ ჰელსინკიდან გაქცეული სენატის წევრების ნაწილი, მათი მეშვეობით კი შეიქმნა დამოუკიდებელი ფინეთის კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლობა ე.წ. ვაასას სენატი, რომელსაც სათავეში სენატორი რენვალი ჩაუდგა, რომელმაც მანერჰაიმს საუბარში კითხა, თუ როგორ ფიქრობდა, რამდენი ხანი შეიძლებოდა ომი გაგრძელებულიყო, მანერჰაიმის პასუხი იყო: „სამთვენახევარი“. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ ეს საუბარი 28 იანვარს შედგა, ხოლო 15 მაისს ფინეთი ბოლო რუსმა ჯარისკაცმა დატოვა, მანერჰაიმის გათვლა ზედმიწევნით სწორი გამოდგა.

ვაასას სენატმა მანერჰაიმს სრული უფლებამოსილება მიანიჭა ფინეთის განთავისუფლებისთვის ომში, თუმცა თავიდანვე წარმოიშვა ჩვეულებრივი სამხედრო-პოლიტიკური უთანხმოება. სენატი დაჟინებით ითხოვდა სამოქალაქო პოსტის – ომის მინისტრის შემოღებას, მანერჰაიმი კი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. ის არგუმენტირებულად თვლიდა, რომ ეს მხოლოდ გაართულებდა სამხედრო ოპერაციებს და გააჩენდა უსარგებლო დაპირისპირებებს. შვედეთში მცხოვრები საკუთარი ძმის ჯონისთვის იმ დღეებში მიწერილი წერილიდან ჩანს „მანერჰაიმს ექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რენვალი ფიქრობდა სიტუაცია იმდენად საშიში არ იყო, როგორც ეს სინამდვილეში იყო, ამიტომაც ის ჭირვეულობდა და თავს იფასებდა“.

მანერჰაიმი ამჯერადაც ნამდვილად არ ცდებოდა, ვინაიდან ძალიან ძნელი წარმოსადგენია თუ მანერჰაიმს არ აღმოაჩნდებოდა სამხედრო უფლებამოსილება, რომელიც მოიპოვა, თუ როგორ წავიდოდა ომი და ისედაც ცოტა არ იყოს სასაცილოდაც კი ჟღერს რეალურად არ არსებულ არმიაზე კაბინეტური სამოქალაქო კონტროლის თავს მოხვევა. თანაც ასეთ პირობებში, როცა ქვეყანა იმ მომენტისთვის როგორც სახელმწიფო პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა.

მანერჰაიმის წინაშე არა მხოლოდ ომის წარმოების ამოცანა იდგა, არამედ ამ ომის საწარმოებელი არმიის პარალელურ რეჟიმში ჩამოყალიბება. სამხედრო კონტიგენტს, რომელიც მანერჰაიმის განკარგულებაში იმყოფებოდა სრულიად სამართლიანად უწოდებდნენ „ფერმერთა არმიას“. მართალია მის დაქვემდებარებაში იყვნენ გარკვეული ოდენობის პროფესიონალი ოფიცრები, მაგრამ არმიის რიგითი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობა არაპროფესიონალი სამხედროების და მოხალისე ფერმერებისგან შედგებოდა. ეს თავდაცვითი ძალები ფორმირდებოდა მოხალისეთა საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, ძალიან რთული იყო ასეთი ნაწილების საცხოვრებელი ადგილებისგან მოშორებით გადასროლა. „ფერმერთა არმიისთვის“ სრულიად უცხო იყო დისციპლინა, ნებისმიერ ჯარისკაცს ნებისმიერ დროს შეიძლებოდა სახლში შეევლო. წარმოუდგენლად რთული იყო პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობა, შესაბამისად ისედაც მცირე შეიარაღების ადეკვატური გადანაწილება. ჭირდა იმის დადგენა, თუ რომელ დანაყოფს რა შეიარაღება გააჩნდა. ვერც იმის დადგენა ხდებოდა შესაძლებელი თუ რუსებისა და წითლებისთვის ჩამორთმეული იარაღის თვითგადანაწილების გამო რა სახის და რამდენი იარაღი შეემატა ამა თუ იმ დანაყოფს.

ზედმეტი იყო საუბარი „ფერმერთა არმიის“ სათანადი წრთვნასა და მომზადებაზე. მათ დიდ ნაწილს ბრძოლის ველზე გასვლა უწევდა სულ რაღაც 2-3 სასწავლო გასროლის შემდეგ. მიუხედავად ყველაფრისა ამ არმიის ბრძოლისუნარიანობას თავისუფლებისთვის ბრძოლის მნიშვნელობის შეგნება აძლიერებდა.

ადამიანური რესურსების კრიტიკული დეფიციტის გამო მანერჰაიმმა მოახდინა სავალდებულო გაწვევის ინიცირება. ეს ინიციატივა ერთგვარად მნიშვნელოვან რისკს შეიცავდა, გამომდინარე იქედან, რომ ფინეთის მოსახლეობის პოლიტიკური შეხედულებები პრაქტიკულად ორად იყო გაყოფილი „თეთრების“ ან „წითლების“ სასარგებლოდ, რაც ქმნიდა საშიშროებას, რომ გაწვევის წესით „თეთრ არმიაში“ შეიძლებოდა დიდი ოდენობით აღმოჩენილიყვნენ „წითლების“ გულშემატკივრები. საბედნიეროდ ცუდი მოლოდინები არ გამართლდა, გაწვეულთა შორის მოხერხდა „წითლების“ იდენტიფიცირება, შედეგად „ფერმერთა არმიამ“ შეინარჩუნა ანტირუსული სულისკვეთებაც და ომის ბოლოსთვის ოდენობით 90 000-საც გადააჭარბა. რომ არა გაწვევის შემოღება შეიძლება მანერჰაიმს უბრალოდ არ ჰყოფნიდა ადამიანთა რესურსი არათუ ომის მოსაგებად, არამედ უბრალო თავდაცვითი პოზიციების შესანარჩუნებლადაც კი.

მანერჰაიმი  ერთი მხრივ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა, ხოლო მეორე მხრივ საერთაშორისო ურთიერთობის სფეროშიც სჭირდებოდა შეჭრა. ეს მოცემულობა ფინელ პოლიტიკოსებს აღელვებდა ძალიან მარტივი მიზეზის გამო – გარეგნულად ეს მოვლენა სამხედრო პირის მიერ მისთვის აკრძალულ სფეროებზე დომინირების მცდელობას ჰგავდა. თუმცა როგორც უმაღლეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით მანერჰაიმის პრინციპული პოზიციონირება არასდროს ყოფილა რამე პირადი ამბიციით, მითუმეტეს არც რაიმე ანტისახელმწიფოებრივი ტენდენციით ნაკარნახევი. მისი იდეების და საჭიროებების მამოძრავებელი სიტუაციის ადეკვატურად აღქმის უნარი და ფინეთის დამოუკიდებლობისთვის ნებისმიერ საჭირო რისკზე წასვლის გამბედაობა იყო.

როცა ომში გარე ძალების ჩარევაზე მიდგა საქმე მანერჰაიმმა საკმაოდ ხისტი პოზიცია დაიკავა. ის ერთმანეთისგან მიჯნავდა უცხოურ დახმარებას იარაღის მიწოდების სახით და უცხო სახელმწიფოების ჯარების ჩარევას. იარაღის მიღებისათვის გერმანიიდან და შვედეთიდან ყველაფერს აკეთებდა, თუმცა სასტიკად ეწინააღმდეგებოდა მათი ჯარების შემოყვანას ფინეთში. უპირველეს ყოვლისა ის მიმდინარე ომს აღიქვამდა როგორც ომს წითელ რუსეთთან და ამავდროულად, როგორც შიდა ფინურ თეთრ-წითელ სამოქალაქო დაპირისპირებად. მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ორი ფაქტორი: პირველი – დაეორგანიზებინა ფინელებისთვის თავისუფლების მოპოვება მხოლოდ ფინელების ხელით, რაც ფინური სუვერენიტეტის ამაყ ფინურ საფუძველს ჩაყრიდა და ერს დაარწმუნებდა საკუთარ ძალებში, მისცემდა ფინეთს შეგრძნებას, რომ საკუთარი ხელით მოპოვებული დამოუკიდებლობა არა მხოლოდ ღირსეული, არამედ უფრო მეტად გასაფრთხილებელი და ერის გამაერთიანებელი იქნებოდა. ამ თემასთან დაკავშირებით ის შემდეგ სიტყვებს წერს ნათესავისთვის გაგზავნილ წერილში: „… იმის შეგრძნებას, რომ ნაბრძოლი და მონაგები გვექნებოდა უთანასწორო ბრძოლა სხვების დახმარების გარეშე, უდიდესი მნიშვნელობა და ღირებულება ექნებოდა ერის მომავლისთვის. ის რაც ადვილად მიიღწევა ნამდვილად არ უწყობს ერის გამოწრთობას ხელს, ხოლო გამოწრთობა კი სწორედ ისაა რაც სჭირდება ერს ფეხზე დასადგომად და სწორედ ის, რითაც შეუძლია მას სხვებს აიძულოს ახლად მოპოვებული საკუთარი დამოუკიდებლობის პატივისცემა“. მეორე ფაქტორი უცხოური ინტერვენციის საწინააღმდეგოდ, არსებითად კი გერმანიის ინტერვენციის საწინააღმდეგოდ იყო მანერჰაიმის შიში, რომ ამ მოვლენას შეიძლებოდა გამოეწვია ის, რომ ამერიკის და ბრიტანეთის მხრიდან ფინეთის დამოუკიდებლობის აღიარების პერსპექტივა, რომელიც ჯერაც არ ჩანდა საერთოდ გაექრო, ხოლო საფრანგეთის მხრიდან კი უკვე არსებული აღიარება უკან გაეწვია.

განსხვავებით უცხო სახელმწიფოების ჩარევისგან ის სრულებით არ იყო წინააღმდეგი უცხოელი მოხალისეების გამოყენების. მას შემდეგ რაც ფინეთის თხოვნა შეიარაღების და საბრძოლო მარაგების გამოყოფის თაობაზე შვედეთმა უგულვებელყო. შვედეთში მცხოვრებმა მანერჰაიმის ძმის ჯონის მიერ ჩამოყალიბებულმა „ფინეთის მეგობართა ორგანიზაციამ“ დაიწყო შვედი მოხალისეების რეკრუტირება ფინეთის დამოუკიდებლობის ომისთვის. მან მოახერხა მანერჰაიმის დასახმარებლად როგორც „მოხალისეთა შვედური ბრიგადის“, ასევე გარკვეული აღჭურვილობის გაგზავნა, რაც მანერჰაიმმა საკმაოდ ეფექტურააც გამოიყენა, განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა შვედების დახმარება ფინურ საარტილერიო დანაყოფების გამართვაში. შვედეთთან შედარებით გერმანია უფრო გულუხვი აღმოჩნდა შეიარაღების მიწოდების საკითში, გარდა ამისა გერმანელებმა ყოველგვარი პრობლემის გარეშე ფინეთში დაუყონებლივ დააბრუნეს 1000 ფინელი „ეგერი“, სწორედ იმ დანაყოფიდან, რომელმაც რამდენიმე თვის წინ I მსოფლიო ომში მანერჰაიმის წინააღმდეგ იბრძოდა და რომელთა ყოფნამ გერმანელების მხარეს თავის დროზე მანერჰაიმის უკიდურესი წყრომა გამოიწვია. თუმცა მან მოახერხა ამ გამოცდილი, გაწვრთნილი ეგერების ძალიან ეფექტურად გამოყენება თავისი „ფერმერთა არმიის“ ბრძოლისუნარიანობის საერთო მაჩვენებლის ასამაღლებლად.

შვედეთი პირდაპირ ინტერვენციას არც გეგმავდა, მაგრამ დიდი სურვილი გამოთქვა დაპირისპირებულ ფინელებს შორის შუამავლის და მომრიგებლის როლი ეკისრა. ბევრის გასაოცრად მანერჰაიმი სასტიკად შეეწინააღმდეგა წითლებთან ნებისმიერ მოლაპარაკებას, მისი პოზიცია მკვეთრი და ხისტი იყო. ის არ აპირებდა არანაირ მოლაპარაკებებს იმ ძალებთან, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ჰელსინკში კანონიერი ხელისუფლება დაამხეს და „წითელი ტერორი“ მოაწყვეს. მანერჰაიმის ასეთი მიდგომა არ იყო მხოლოდ ემოციური, ეს ძალზედ პრაგმატულ გათვლებს ემყარებოდა, ვინაიდან ნებისმიერი მოლაპარაკება და ომის გაყინვა მხოლოდ რუსებს თუ მისცემდა ხელს პოზიციების გასაძლიერებლად.

იმავე პერიოდში დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის ზავი წითელ რუსეთსა და გერმანიას შორის. ზავის პირობებით რუსულ არმიას სრულად უნდა დაეტოვებინა ფინეთი, მაგრამ როგორც ყოველთვის, რუსეთი თავის პირობას ბოლომდე და ზედმიწევნით არ ასრულებდა. ფორმალურად ფინეთიდან გასული რუსეთი სულ უფრო და უფრო აძლიერებდა წითლების დახმარებას. ფინეთის პროგერმანულმა პოლიტიკურმა და დიპლომატიურმა წრეებმა ასეთ ვითარებაში ყველაზე საუკეთესო გამოსავლად გერმანული ჯარების შემოყვანა მიიჩნიეს. ჩვენს მიერ უკვე ნახსენები არგუმენტაციით შეიარაღებული მანერჰაიმი სენატს არწმუნებდა ხელი აეღო ასეთ განზრახვაზე, ვინაიდან ომში რომლის მოგებაც თვითონ ფინელებს ევალებოდათ და ამასთანავე შეეძლოთ კიდეც, გერმანიის ინტერვენციას მხოლოდ ერთადერთი ეფექტი თუ ექნებოდა, რომლის თანახმადაც ომის შემდგომი ფინეთი გერმანიის „კლიენტ-სახელმწიფოდ“ იქცეოდა. როგორც ჩანდა და პრინციპში როგორც მანერჰაიმს უთხრეს კიდეც პოლიტიკოსებმა, მისი ხედვები გაზიარებულ იქნა და სწორედ ფინეთის სუვერენიტეტის იდეიდან გამომდინარე გერმანული ჯარების შემოყვანა გადაიფიქრეს. თუმცა ასეთმა რეალობამ მხოლოდ ერთი საღამო გასტანა. მანერჰაიმისთვის მიცემული პირობის მეორე დღეს სენატმა გერმანული ჯარები ფინეთში მოიწვია. ალბათ არც არის გასაკვირი, რომ მანერჰაიმი სამართლიანად გრძნობდა თავს მოტყუებულად. ის იმ დონემდე შეეწინააღმდეგა გერმანელების ინტერვენციას, რომ კვლავ გადადგომა დააპირა, თუმცა არც ომის მიტოვება შეიძლებოდა შუა გზაზე და არც თავს ზევით ძალა არ არსებობდა. ერთადერთი კომპრომისული მოთხოვნა, რომლის წამოყენებაც მანერჰაიმმა შეძლო იყო გერმანული ნაწილების მის დაქვემდებარებაში გადაყვანა, რაც დააკმაყოფილეს კიდეც.

წითლების ჯალათი

გერმანელების ინტერვენციის გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დააჩქარა ისედაც ძალიან შემჭიდროვებულ ომში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები. მანერჰაიმს უკვე დაკავებული ჰქონდა ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია, მისი შემდეგი მიმართულება უნდა ყოფილიყო ჰელსინკის მიმართულებაზე მდებარე მსხვილი ქალაქები, შემდგომ ჰელსინკი და ბოლოს კი რუსეთის საზრღვრებთან მდებარე საბოლოო პუნქტები. თუმცა მისთვის მალევე ნათელი გახდა, რომ უშუალოდ ჰელსინკის აღება მოუწევდათ არა ფინურ, არამედ გერმანულ ძალებს.

სწრაფი ომის სისასტიკეს უკვე ატაცებული ჰქონდა წითლების მიერ ჰელსინკის აღების შემდეგ წამოწყებული ტერორის ტენდენცია. ჰელსინკში განხორციელებული წითელი ტერორის და წითლების მიერ თეთრების სასამართლოს გარეშე დახვრეტების ფაქტების შესახებ მანერჰაიმის წყალობით ინფორმირებული იქნა თეთრების არმიის მთელი შემადგენლობა. წითლების სისასტიკეების ისტორიებმა „ფერმერთა არმიის“ საბრძოლო სულისკვეთება კიდევ უფრო გააძლიერა. შედეგად „ფერმერთა არმიაც“ ძალიან მკაცრ რეაგირებებზე გადავიდა, ისინი ადგილზე ხვრეტდნენ ტყვედ ჩავარდნილ რუსებს და წითლებს. ვასას სენატმაც გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც ნებისმიერი ვინც კი ფინეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ იარაღს აიღებდა, ავტომატურად სახელმწიფოს მოღალატედ განიხილებოდა. ეს ომი იყო, თანაც საკმაოდ სისხლისმღვრელი და უთანასწორო ომი, სადაც წითლებს გააჩნდათ რაოდენობრივი, პროფესიონალური და შეიარაღების თვალსაზრისით დიდი უპირატესობა, ასევე მათი მხრიდან იქნა ინიცირებული ისეთი სისასტიკე, რომელიც ყველა ზემოაღწერილ უპირატესობასთან ერთად დიდი რისკის ქვეშ აყენებდა თეთრების წინააღმდეგობის საერთოდ რაიმე უნარსაც კი, თუ ეს უკანასკნელები არ უპასუხებდნენ მათივე წითლების მეთოდებით – მოწინააღმდეგის ადგილზე დახვრეტით. რამდენადაც უხეშად არ უნდა ჟღერდეს, იმ დროს მანერჰაიმს არც სურვილი და არც შესაძლებლობა ჰქონდა გარდა იმისა, რომ ემოქმედა  „კბილი კბილის წილ“ პრინციპით. მან შვედურ პრესასთან განაცხადა შემდეგი: „რევოლუციონერებმა თვითონ აქციეს საკუთარი თავი დამნაშავეებად სახელმწიფო ღალატსა და აჯანყებაში, რომელთათვისაც სასჯელი სიკვდილია. ხოლო სასჯელს ვადგენ არა მე, არამედ კანონი რომელიც უნდა შესრულდეს“. ეს მისი როგორც ფინეთის თეთრი გენერლის პოზიცია იყო, რომელსაც მაშინ სწამდა რომ არანაირი ხიდების გადება არ შეიძლებოდა კანონიერ ფინურ ხელისუფლებასა და აჯანყებულ იმ წითლებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ფინეთში სამოქალაქო დაპირისპირების და სისხლისღვრის წამოწყებაში.  მისი აზრით ასეთი ხიდის გადება დაპირისპირებულ მხარეებს შორის მხოლოდ ომის გამარჯვებით დასრულების შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი.

(წლების შემდეგ როცა ის უკვე არა გაყოფილი ფინეთის „თეთრი გენერალი“, არამედ ფინეთის გამაერთიანებელი მთავარი ფაქტორი იქნება კომუნიზმის და სტალინის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ის იტყვის: „მხოლოდ პატრიოტული სულისკვეთებაა ის, რაც ჩვენ გვჭირდება და ასეთ შემთხვევაში არაფერში გვჭირდება იმ კითხვის დასმა თუ სად იდგა ადამიანი 15 წლის წინ“).

მართალია, მაშინაც 1918 წლის ომის შუა პერიოდში ის შეეცდება შეამციროს წითელი და რუსი ტყვეების ადგილზე გასამართლების და დახვრეტის პრაქტიკა. ეს ურთულესი ამოცანა აღმოჩნდება, ვინაიდან საკითხის ამ სახით გადაჭრად საზოგადოების არანაკლებ დიდი ფენები ემხრობოდნენ ვიდრე ეწინააღმდეგებოდნენ. მათ შორის ფინეთის ეკლესიის არაერთი წარმომადგენელი ემხრობოდა წითლების სიკვდილით დასჯას, უფრო მეტიც მაგალითად ქალაქ კაიანის მოძღვარი საერთოდაც თვლიდა, რომ წითელთა ნებისმიერი ლიდერი ადგილზე უნდა დაეხვრიტათ იმისგან დამოუკიდებლად პერსონალურად ამ ლიდერს ჰქონდა ხელი სისხლში გასვრილი თუ არა. ისეთ შემთხვევასაც კი ჰქონდა ადგილი, რომ ქალაქ მიკელიდან „ახალგაზრდა ქრისტიან ქალათა საზოგადოებამ“ მანერჰაიმს წერილი გაუგზავნა, სადაც ისინი წერდნენ, რომ მშვენივრად ესმოდათ, რომ „სამშობლოს მოღალატეები“ ადგილზე უნდა დახვრეტილიყვნენ, მაგრამ აინტერესებდათ ერთი საკითხი – შეიძლებოდა თუ არა, რომ დასახვრეტი წითლები სიკვდილამდე მღვდელს მოენახულებინა. ასე რომ, სასტიკი წითელი მტრისგან თავის დახსნა ფინელთა მხრიდანაც სასტიკი წინააღმდეგობის ფონზე მიმდინარეობდა. მანერჰაიმი ასეთ რადიკალიზმს არ ემხრობოდა. ზემოაღწერილი გარემოებები იყო ის, თუ რატომაც დაიმსახურა მანერჰაიმმა რუსული პროპაგანდის მიერ შერქმეული სახელი „მთავარი ჯალათი“. ფაქტი კი ის იყო, რომ მანერჰაიმი არა ჯალათი, არამედ რისკიანი, პრაგმატული სამხედრო იყო, რომელსაც მშვენივრად ესმოდა, რომ მაქსიმალური ფიზიკური და მორალური ძალისხმევის მობილიზება იყო საჭირო გამარჯვებისთვის.

შეიძლება ითქვას, რომ მანერჰაიმის ეს მიდგომები დღემდე იწვევს ერთგვარ ურთიერთსაპირისპირო შეფასებებს, თუმცა მისი კრიტიკა ადვილია თუ დავუჯერებთ ზოგიერთი აბორიგენი ტომის ომის ტაქტიკას, რომლებიც მტრის დამარცხებას სხვადასხვა რიტუალებით და შელოცვებით გულისხმობს.

ფაქტი ისაა, რომ ომის მიმდინარეობისას მან მნიშვნელოვანი ზომები მიიღო იმისთვის, რომ მტრის სიკვდილით დასჯა რაც შეიძლება უფრო და უფრო მეტი ლეგალური ჩარჩოებით შეეზღუდა. ომის ბოლოსთვის მანერჰაიმის თეთრ არმიას ათი ათასობით წითელი ტყვე ჰყავდა, მაგრამ საუბედუროდ ცუდი პირობების გამო 10 000-მდე ტყვე ავადმყოფობის გამო ტყვეთა ბანაკში დაიღუპა. მართალია ამ კატასტროფულ ფაქტს არაფერი ჰქონდა ტყვეთა შეგნებულ განადგურებასთან, უფრო მეტიც, ეს ომის დასრულების შემდეგ იმ დროს მოხდა, როცა მანერჰაიმს აღარ ეკავა რაიმე სამხედრო-პოლიტიკური პოსტი, ის საერთოდაც იძულებული გახდა ჩამოშორებოდა სახელმწიფოებრივ ყველანაირ საქმიანობას და ფინეთიც კი დაეტოვებინა გარკვეული პერიოდით. მაგრამ რუსული პროპაგანდა რისი პროპაგანდაა, რომ ვერ მოეხერხებინა მანერჰაიმის როგორც „მთავარი ჯალათისთვის“ ყველა იმ მსხვერპლის ერთიანად მიწერა, რომელთა შესახებაც მან იცოდა ომის მიმდინარეობისას და ყველა დანარჩენის, რომლის არსებობის შესახებაც წარმოდგენა არ ჰქონდა, ყველა იმ მსხვერპლის მიწერა, რომელიც მისი სამხედრო ოპერაციების შედეგი იყო და ყევლა იმ მსხვერპლის, რომლებიც მისი ოპერაციებით არ ყოფილა გამოწვეული. რაც მთავარია მტრის ადგილზე დახვრეტის ტენდენცია რუსების და წითლების შემოღებული იყო. მანერჰაიმის ქმედებები და ტაქტიკა კი მხოლოდ მათზე რეაქცია.

საბოლოო ჯამში წითელმა პროპაგანდამ იმდენი მოახერხა, რომ ფინური საზოგადოების ნაწილში მომავალში გაჩნდა პრეტენზია მანერჰაიმის მიმართ იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ მოიგო მან თავისუფლებისთვის ომი აგრესორების დახვრეტის გარეშე. ხოლო წითლებში არსებული მსხვერპლის ოდენობამ შემდგომი 2 ათწლეულის განმავლობაში განაპირობა  ფინური მუშათა კლასის მხრიდან მანერჰაიმისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება.

მარტის დადგომისთვის მანერჰაიმს სრულიად ჰქონდა დაკავებული ის რეგიონი, საიდან დაიწყო თავისუფლების ომი და რეგიონიდან ჰელსინკისკენ მიმავალი საკომუნიკაციო ხაზები. წინ იყო ინდუსტრიული ქალაქი ტამპერე, რომელიც წითლების მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენდა და სამხედრო თვალსაზრისით ჰელსინკზე უფრო მძლავრი წინაღობა იყო. ტამპერეს გარშემო არსებული დასახლებები პუნქტების აღებისას მანერჰაიმის ძალებმა ვერ უზრუნველყვეს იქ მყოფი წითლების სრულად განეიტრალება, შესაბამისად მათმა დიდმა ნაწილმა სწორედ რომ ტამპერეში მოიყარა თავი და ეს ისედაც წითელთა ძლიერი საყრდენი ქალაქი კიდევ უფრო გააძლიერა. 25 მარტისთვის ტამპერეს ალყაში მოქცევა მოხერხდა, შესაბამისად მისი საკომუნიკაციო ხაზების ბლოკირებაც. თუმცა შემდგომი ბრძოლები აღმოჩნდა ძალიან რთული და სისხლისმღვრელი. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მანერჰაიმის მოლოდინი ვერ გაუმართლეს საკუთარმა ხელმძღვანელმა ოფიცრებმა, მაშინაც კი, როცა მან პირადად დაიწყო ტამპერეზე შეტევის ხელმძღვანელობა ბრძოლის ველზე გასვლით ვერ მიაღწია საკუთარი ოფიცრებისგან მითითებების და ბრძანებების სწრაფ და ადეკვატურ შესრულებას. ქალაქზე რამდენიმე შეტევა წარუმატებლად დასრულდა, მაგრამ ჯიუტი მანერჰაიმი არ მოეშვა დასახულ გეგმას, მიუხედავად იმისა რომ მისი კოლეგები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, ვინაიდან მანერჰაიმისგან განსხვავებით უფრო დიდი წარმოდგენა ჰქონდათ წითლების ძალებზე.  მან შეტევები მაინც არ შეწყვიტა და წითლების წინააღმდეგ ნამდვილი „ამოწყვეტის ბრძოლა“ აწარმოა. ხოლო როცა მისმა ძალებმა წითლების მიერ დაცულ ქალაქში როგორც იქნა შეაღწიეს, უმაწყალო ბრძოლებმა ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა. მანერჰაიმის გარდა თითქმის ყველა თვლიდა, რომ  ბრძოლების ამ სახით წარმოება ისევე როგორც საერთოდ ტამპერეზე შეტევა მანერჰაიმის მხრიდან შეუძლებელის მოთხოვნა იყო.  წითლებმა ქალაქშიც ცხარე წინააღმდეგობა გააგრძელეს, მაგრამ მანერჰაიმის ტაქტიკა ქუჩის ბრძოლების შემთხვევაში კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა – მან საკუთარ ძალებს უბრძანა ნებისმიერი შენობა მასიური დაბომბვის ცეცხლის ქვეშ ინდივიდუალურად მოექციათ, როგორც კი შეატყობდნენ რომ ამა თუ იმ შენობიდან წითელი სნაიპერები ისროდნენ.

საბოლოოდ 6 აპრილს წითლების უძლიერესი გარნიზონი ტამპერეში დანებდა. წითლების მხრიდან 1800 დაღუპული და 11 000-ზე მეტი ტყვე დაფიქსირდა. მანერჰაიმის დანაკარგი 600 თეთრგვარდიელი იყო. ქალაქის საბოლოოდ აღების შემდეგ მანერჰაიმმა საკუთარ ძალებს ხელახლა უკვე მერამდენედ მისცა ბრძანება იმის თაობაზე, რომ წითელი აჯანყებულები არ დაეხვრიტათ, არამედ უკლებლივ ყველა სამხედრო ტყვედ აეყვანათ, მაგრამ არც ამ შემთხვევაში ეწერა მის ბრძანებას ზედმიწევნით აღსრულება. გამწარებულმა და აღგზნებულმა თეთრებმა ყველა წითელი „არ დაინდეს“, განსაკუთრებით არ ინდობდნენ წითელ მეთაურებს.

ტამპერეს დაცემა წითლებისთვის აუნაზღაურებელი დანაკარგი იყო. სამხედრო თვალსაზრისით ამ მოვლენამ წითლები წელში გაწყვიტა, ხოლო მის უფრო ფართო პოლიტიკურ მნიშვნელობაზე მინიშნება კი იყო 7 აპრილს გამარჯვებული თეთრი ფინური არმიისთვის მოწყობილ აღლუმზე ამ აღლუმის ორგანიზატორის მანერჰაიმის მიერ ფინელი სამხედროებისთვის წარმოთქმული მისალოცი სიტყვა, სადაც ის აღნიშნავდა: „ეს გამარჯვება მხოლოდ ფინეთის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას არ ნიშნავს, ეს ამავდროულად არის მთელი მსოფლიოს კულტურული გამარჯვება რუს ბოლშევიკებზე, ისევე როგორც მათ ძირგამომთხრელ და კულტურულად დამანადგურებელ დოქტრინაზე“. პრინციპში მისი სიტყვის ეს მონაკვეთი შესანიშნავად მეტყველებს იმაზე თუ როგორ ხედავდა მანერჰაიმი ფინეთის დამოუკიდებლობისთვის და ბოლშევიზმის სახით მომავალ მსოფლიო ბოროტებასთან ბრძოლას ერთიან პრიზმაში. პარალელურად გერმანელების ინტერვენციაც დაიწყო. მათი შეტევა ჰელსინკისკენ იყო მიმართული. გერმანელებისთვის წითლებს ისეთი სასტიკი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, როგორც თეთრი ფინელებისთვის, შედეგად შედარებით ნაკლებად დაძაბული ბრძოლებით გერმანულმა დივიზიამ 14 აპრილისთვის ჰელსინკი გაანთავისუფლა. იქ თავმოყრილმა ნაწილებმა გადაინაცვლეს ქალაქ ვიიპურისკენ (დღეს ამ ქალაქს ვიბორგი ქვია და პეტერბურგის ოლქია რუსეთში). მაშინ ეს უკვე წითლების უკანასკნელი ბასტიონი იყო ფინეთის მიწაზე. გარდა ამისა ის უშუალოდ პეტროგრადს ემიჯნებოდა და  იქედან წითლების დედაქალაქი ერთი ფეხის ნაბიჯზე იყო. მანერჰაიმმა მთელი ძალების კონცენტრირება უკვე აღმოსავლეთის ფრონტზე მოახდინა, თავის შტაბიც ვიიპურისკენ მიმავალ საკვანძო ქალაქში მოაწყო. მან იქაც ჩვეულებრივი ტაქტიკა გამოიყენა, ჯერ რეგიონალურ ალყაში მოაქცია ვიიპური, მის გარშემო მდებარე დასახლებული პუნქტები დაიკავა და მისი საკომუნიკაციო ხაზები გადაკეტა. რაც მთავარია დაიბლოკა პეტროგრადთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი. მისთვის ვიიპურის აღება ორმაგად უფრო დიდი მნიშვნელობის იყო, ვინაიდან ჰელსინკი გერმანელებს უკვე აღებული ჰქონდათ, მას კი შანსი ეძლეოდა წითელი ბასტიონის აღებით. თეთრების ბოლო დარტყმით წითლებზე ომის დამამთავრებელი ეტაპი დასაწყისთან ისე უწყვეტად დაეკავშირებინა, რომ განმანთავისუფლებელი ომის მთავარ შემოქმედათ ფინელი ხალხი  ექცია და მოეხდინა გერმანული დახმარების მინიმალიზირება. გერმანელების მიერ ჰელსინკის აღებამ მასში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობა აღძრა – სიხარული და წუხილი. უხაროდა რომ ჰელსინკი განთავისუფლებული იყო წითლებისგან, მაგრამ ძალიან წუხდა, რომ ეს ფინური არმიის ხელით არ მომხდარა. ასე რომ 28-29 აპრილის შეტევებით, სასტიკი და შეუჩერებელი სამხედრო ზეწოლით ვიიპურის 15 000-იან წითელ გარნიზონსაც დანებება აიძულა. ქალაქში შესულმა იქაც ფინური არმიის გამარჯვების აღლუმი მოაწყო, ხოლო ვიიპურის იმ კათედრალურ ტაძარში, რომელსაც წითლები ხორბლის საწყობად იყენებდნენ, თეთრების მიერ აღდგენილი ღვთისმსახურებისას ხალხს და მის არმიას სიტყვით მიმართა: „ახლა უკვე ვიიპურშიც ჩამოვაღწიე, კარელიის ამ უძველეს დედაქალაქში… რომელსაც საუკენეების განმავლობაში თავს ესხმოდნენ აღმოსავლეთიდან მომავალი ურდოები… ბედნიერებისა და მადლიერების გრძნობა მიპყრობს იმ ფაქტით რომ ქალაქის თავზე ფინეთის დროშა ფრიალებს… მამაცი არმიის მიერ გაღებული სისხლის წყალობით, დღეს ფინეთი იქცა თანასწორ ერად სხვა ევროპელ ერთა შორის.  დღეს ფინელმა ხალხმა წამოიწია წინ როგორც საკუთარი ქვეყნის ბატონ-პატრონმა“.

მანერჰაიმს კარგად ესმოდა, რომ წითლების განდევნა არ იყო საკმარისი საფუძველი ფინელი ერის თვითდაჯერებულობისა და სამომავლო სირთულეებისთვის საჭირო სიმტკიცისთვის. წითლების განდევნის, მათი დამარცხების და კანონიერი ხელისუფლების აღდგენის ფაქტობრივი მოცემულობის შემქმნელად სწორედ რომ ფინური არმიის და ფინელი ხალხის გამოკვეთა იყო საჭირო. იმისთვის რომ ფინელ ხალხს, ფინურ არმიას და მთელ მსოფლიოს ერწმუნა, რომ თავისუფლება ფინელების მოპოვებული იყო, ამჯერად მას ესაჭიროებოდა გერმანული პროპაგანდის საპასუხო ქმედებები. ის არაფერსაც არ აზვიადებდა, სინამდვილეში ომი მართლაც ფინური არმიის მოგებული იყო, მაგრამ გერმანელების მიერ ჰელსინკის აღება მთლიან სურათს სრულიად უსამართლოდ აკნინებდა. ფინელებს ამ ომის მოგება გერმანული ძალების გარეშეც შეეძლოთ, მაგრამ ახლა როცა უკვე გერმანული ინტერვენცია ფაქტი იყო, მთავარ გამოწვევად იქცა ის რომ ფინელთა დამსახურებული გამარჯვება გერმანელთა ფაქტორს დაუმსახურებლად არ მისწეროდა.  სწორედ ამ თვალსაზრისის გათვალისწინებით, ბოლო რუსი ჯარისკაცის მიერ ფინეთის დატოვების შემდეგ მან 16 მაისისთვის ჰელსინკში ფინური არმიის ტრიუმფისა და თავისუფლების ომის მოგების აღსანიშნავი აღლუმი დანიშნა.

გამარჯვებულის დამარცხება

1918 წლის 16 მაისი მანერჰაიმის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე დიდებული დღე იყო, გარდა ამისა ამ დღეს ნამდვილად მისი ჩანაფიქრი ასრულდა. აღლუმის ფორმატმა ყველას თვალნათლივ დაანახა, რომ ომში გამარჯვება ფინელების მონაპოვარი იყო. მან შეგნებულად არ მიიწვია იმ დღეს დაგეგმილ არცერთ ღონისძიებაზე გერმანელები, ჰელსინკში თავი მოუყარა ათასობით ფინელ სამხედროს, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაშიც კი არ მოიხსენია გერმანელები, თუმცა ამ მიმართვაში „მამაც ფინელებთან“ ერთად ნახსენები იყო „მამაცი შვედები და სკანდინავია“. ამ სულისკვეთებით დროში გაწერილი გრაფიკის მიხედვით მან სათითაოდ ჩამოიარა ჰელსინკის ქუჩებში განლაგებული ფინური არმიის სხვადასხვა ნაწილი და ყველას პერსონალურად მიულოცა გამარჯვება. მიუხედავად იმისა, რომ კარელიაში არსებული ვითარება არ აძლევდა რეგიონიდან დიდი ოდენობით ძალების ჰელსინკში აღლუმისთვის გადასროლის საშუალებას, მან არც სადარაჯოზე მყოფი კარელიური ნაწილები გამოტოვა, ვინაიდან მათ მცირერიცხოვან ცერემონიალურ წარმომადგენლობას მაინც მიაღებინა ღონისძიებაში მონაწილეობა. მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო როგორც გერმანელების სრული იგნორირება, ასევე ის რომ გამარჯვებით ეზეიმა ფინეთის არმიის ყველა რეგიონალურ დანაყოფს. ამასთანავე ასეთი მიდგომით მან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, დასავლეთ რეგიონებიდან ჯარების ჰელსინკში თავმოყრა ამ ნაწილების კარელიის რეგიონთან უფრო ახლოს გადასროლას ნიშნავდა. აღლუმი მართლაც წარმატებულად უსვამდა ხაზს ფინელთა სამხედრო წარმატებას, მაგრამ ბუნებრივია აღლუმს, ომის მოგებას და მთელ პროცესს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის პოლიტიკური შემადგენელიც ჰქონდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მანერჰაიმს პოლიტიკოსებთან პრობლემები ფინეთში დაბრუნებიდან და თავისუფლების ომის დასაწყისიდანვე შეექმნა, რომელმაც ომის მიმდინარეობისასაც არაერთხელ იჩინა თავი. გამარჯვების დღეს კი პოლიტიკოსების დამოკიდებულება მის მიმართ კიდევ უფრო გამწვავებული იყო. პოლიტიკოსები უკვე საუბრობდნენ კულუარებში იმის შესახებ, რომ ალბათ უმჯობესი იქნებოდა თუ მანერჰაიმს, რომლის სახელიც კი თითქმის არავინ იცოდა 4 თვის წინ, ჩამოაშორებდნენ საჯარო სივრცეს და სადმე საზღვარგარეთ დიპლომატიურ სამსახურში გაგზავნიდნენ. მანერჰაიმისთვის არ ყოფილა უცნობი მისდამი პოლიტიკოსების დამოკიდებულება, თუმცა მისთვის მართლაც განსაკუთრებული იყო ის სახალხო სიხარული, რომელიც ქუჩებში სუფევდა, მისთვის მნიშვნელობა ფინელი ხალხისთვის მოტანილ გამარჯვებას ჰქონდა და ნაკლებად ადარდებდა ის პოლიტიკოსები, რომლებსაც ძალაუფლება ეპყროთ და რომლებიც ამ მომენტისთვის ფიქრობდნენ რომ ომი დასრულდა და მათი მოქმედების დრო დამდგარიყო.

პოლიტიკოსთა არაკეთილგანწყობის ფონზე თავხედობას ჰგავდა მანერჰაიმის მხრიდან მთავრობის მეთაურის სვინჰუვუდის თხოვნის არ გათვალისწინება, რომ სენატში გასამართ ოფიციალურ ნაწილში მანერჰაიმს მონაწილეობა მარტოს მიეღო იმ რამდენიმე კაციანი პირადი ამალის გარეშე, რომელთან ერთადაც ის მთელი დღის განმავლობაში ყველა ცერემონიაში მონაწილეობდა დაწყებული სამხედრო მისალმებიდან დამთავრებული ეკლესიის მონახულებით. ის სენატში მიმართვის წარმოსათქმელად მაინც საკუთარ თანმხლები ამალით შევიდა. თუმცა სვინჰუვუდის ამ უაზრო მოთხოვნის არ გათვალისწინება არ ყოფილა სენატში მთავარი გამაღიზიანებლეი ფაქტორი პოლიტიკოსებისთვის, მათი უკმაყოფილება იმ სიტყვებმა გაზარდა, რომლითაც მანერჰაიმმა მთავრობას და სენატს მიმართა და რომელიც მოგვიანებით თვითონაც „მწარე სიტყვად“ შეაფასა. მან პოლიტიკოსებს შეახსენა თუ როგორ დაკარგეს მათ ხელისუფლება აჯანყების შედეგად, როგორი უსუსურები იყვნენ და ვერ იცავდნენ ფინელებს მკვლელობებისა და ძარცვა-გლეჯვისგან, როგორ დაკარგეს ძალაუფლების აჩრდილიც კი, როგორ მოუწია მათ დიდ ნაწილს გაქცევა და დამალვა. მან პოლიტიკოსებს „ახალგაზრდა გამარჯვებული არმიის“ სახელით უთხრა, რომ არმიის თვალსაზრისით ფინეთი ხელისუფლება ისეთ მკაცრ ხელს უნდა ჩაბარებოდა, რომელიც შეძლებდა ფინური გემის საჭის მართვას პარტიული დაპირისპირებების და შესაბამისი კომპრომისების გარეშე უმნიშვნელო საკითხებზე. სენატისადმი მიმართვისას მან თქვა: „… დაღუპულები ითხოვენ რომ მათმა თავგანწირვამ ფუჭად არ ჩაიაროს… ფინეთის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მომავალი დამოკიდებულია მის არმიაზე, ხოლო არმია კი დამოკიდებულია იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც თქვენ, როგორც ფინეთის წარმომადგენლები აღმოუჩენთ მას. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ეს არმია, რომელიც ემსახურა თავის ქვეყანას, თქვენგან მიიღებს ყველა სახის მხარდაჭერას, რათა დარჩეს ქვეყნის და ხალხის დამცველად“.

მანერჰაიმის სენატში გამოსვლა პოლიტიკოსებმა რომაელი დიქტატორის ქცევას შეადარეს, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარსარდალთან. სინამდვილეში დრო დაადასტურებს ხისტ და პირდაპირ მანერჰაიმს არანაირი დიქტატურული ან ავტოკრატიული მისწრაფებები არ ამოძრავებდა, მისი გულწრფელი იდეა ნამდვილად ფინური სახელმწიფოს და ფინელი ერის სამსახური იყო. გარდა ამისა დრო იმასაც დაადასტურებს, რომ ფინეთის მომავალს სწორედ რომ  ძლიერი ფინური არმია დასჭირდება და იმ პერიოდში მანერჰაიმი ისევ ხალხის და სახელმწიფოს სამსახურში ჩადგება.

1918 წლის მაისში კი მანერჰაიმს პრაქტიკულად არცერთი პოლიტიკური ჯგუფი არ უჭერდა მხარს, უფრო მეტიც აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ მის პერსონას. ნაწილს ის აწუხებდა, რომ მანერჰაიმი შვედურენოვანი იყო, ნაწილი მას „რუს ოფიცრად“ მიიჩნევდა, ნაწილი კი მონარქისტად, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას ეწინააღმდეგებოდა. ნაწილისთვის დიდ ცოდვად მიიჩნეოდა მისი მკვეთრი ანტიგერმანული განწყობა, ნაწილს ზედმეტად საშიშად მიაჩნდა მისი ანტიბოლშევიკური მისწრაფება. ამ თვალსაზრისით ბევრი მიიჩნევდა, რომ პეტროგრადში შეჭრა და ლენინის ხელისუფლების დამხობა, რომლის განხორცილების იდეას შეეპყრო მანერჰაიმი, არაფერ კავშირში არ იყო კარელიის პრობლემის მოგვარებასთან. განსაკუთრებით კრიტიკულად იყო განწყობილი ფინურენოვანი პრესაც „შვედი“ მანერჰაიმისადმი.

თუმცა დამოუკიდებლობის აღლუმის დღიდანვე ყველაზე მწვავედ გერმანიის საკითხი იდგა. მიუხედავად იმისა, რომ მანერჰაიმს ანტიგერმანული განწყობები ჰქონდა, არსებულ ვითარებას ის უფრო ფართო თვალსაზრისით აფასებდა. მას სასტიკად არ უნდოდა გერმანელების რაიმე სახის გავლენა ფინეთში, მაგრამ დიდი სურვილი ჰქონდა მათი დახმარება გამოეყენებინა პეტროგრადში შესაჭრელად და ბოლშევიკების დასამხობად. თითქოს ეს შესაძლებელიც კი ჩანდა. გერმანელები მზად იყვნენ საკუთარი ნაწილები ამ მიზნით ფინეთში დაეტოვებინათ, დახმარებოდნენ ფინურ არმიას წრთვნაში, უფრო მეტიც, იმპერატორ ვილჰელმ II სანამ ტახტს დაკარგავდა, თვლიდა რომ „სავარაუდოდ მანერჰაიმი სწორედ ის ადამიანი იყო, ვინც გამოდგებოდა პეტერბურგში წესრიგის აღსადგენად“. სამწუხაროდ მანერჰაიმის გერმანელებთან ამ სახით თანამშრომლობა მხოლოდ ოცნებად დარჩა. ფინეთის მთავრობა სასტიკი წინაღმდეგი აღმოჩნდა ამ გეგმის განხორციელებისთვის უმთავრეს კომპონენტთან დაკავშირებით, რაც თეთრ რუსეთთან თანამშრომლობას გულისხმობდა. ამ თემებზე დისკუსიებმა კიდევ უფრო გააძლიერა მანერჰაიმისთვის „რუსის“ იარლიყის მიკერება და გაამძაფრა მის წინააღმდეგ ბრალდება იმის თაობაზე, რომ ის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სფეროში ერეოდა.

ჩამოთვლილი უამრავი მიზეზის ფონზე რთულია ზუსტად იმის თქმა, თუ რატომ 20 მაისს, მაგრამ დამოუკიდებლობის აღლუმიდან 4 დღეში სწორედ 20 მაისს მანერჰაიმმა საკუთარი ინიციატივით გადადგომის განცხადებით მომართა მთავრობას, მიზეზად დაასახელა ის რომ მისთვის დაკისრებული მოვალეობა – ფინეთის განთავისუფლება – შესრულებული იყო. ხაზგასასმელია, რომ მისთვის ასეთი განცხადების გაკეთება მთავრობას არ მოუთხოვია. ყველაზე დიდი ალბათობით მას გერმანელებთან დაკავშირებული საკითხის საბოლოოდ გარკვევა სურდა, ვინაიდან როგორც ჩანს კულუარული ინფორმაცია ჰქონდა რომ მთავრობა გერმანელების მიწვევას აპირებდა კონკრეტული მიზნით – ფინური არმიის ფეხზე დასაყენებლად. ასეც აღმოჩნდა, 22 მაისს მთავრობამ მანერჰაიმს სთხოვა ან დათანხმებულიყო ფინური არმიის გერმანულ ყაიდაზე მოწყობას, რისთვისაც უნდა გამოეყენებინა გერმანელი მრჩევლები და ინსტრუქტორები, ან დარჩენილიყო თანამდებობაზე მხოლოდ მანამდე სანამ მის ადგილზე სხვას შეარჩევდნენ. შედეგად რამდენიმე დღიანი მოლაპარაკებები დაიწყო, რომელშიც ჩართული იყვნენ მანერჰაიმი, სამთავრობო პოლიტიკური ძალები და დანარჩენი პოლიტიკური ძალებიც. მანერჰაიმმა გარკვეულ დათმობებზე წასვლა გადაწყვიტა შემხვედრი პირობების წამოყენებით, ის თანახმა იყო ფინური არმიის გერმანულ ყაიდაზე მოწყობის, თუმცა ითხოვდა შვედი ოფიცრების დატოვებას არმიაში. თანახმა იყო ისეთი თავდაცვის მინისტრის პოსტის შემოღებაზე, რომელიც მას ვერ წააართმევდა ოფიცერთა კარიერული დაწინაურების უფლებას. შემდგომ საომარ მოქმედბებთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე ცალსახად თვლიდა, რომ უმჯობესი იყო თეთრებს დახმარებოდნენ მოსულიყვნენ რუსეთის ხელისუფლებაში პეტროგრადზე შეტევით, ვიდრე განყენებულად მხოლოდ აღმოსავლეთ კარელიისთვის ეომათ. ერთი სიტყვით ბოლშევიკების სამხედრო გამოწვევის შემთხვევაში ამჯობინებდა გადამწყვეტი დარტყმების განხორციელებას.

ამ პროცესში მანერჰაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება მის ზურგს უკან სრულიად კონკრეტულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა გერმანელებთან, გერმანული საექსპედიციო ჯარების მეთაურის გენერალ გოლცის წინადადებაც ფინური ძალების ოდენობის შემცირების თაობაზე ხელისუფლებისთვის მისაღებ პირობად იქნა მიჩნეული. მათთანვე განიხილებოდა არა მხოლოდ ომის მინისტრის პოსტის შემოღება, არამედ მისი ვინაობაც შეთანხმებული იყო.

ეს პოლიტიკური კულუარები და სპეკულაციები უკვე ზედმეტი აღმოჩნდა მანერჰაიმისთვის, ის დარწმუნდა რომ მთავრობა არ აპირებდა მისთვის იმ უფლებამოსილების მინიჭებას, რომელიც ესაჭიროებოდა მომავალ საფრთხეებთან გამკლავებას. უფრო მეტიც, მანერჰაიმის თვალსაზრისით მთავრობა ვერც მომავალ საფრთხეებს ხედავდა ნათლად, თვლიდა რა რომ ფინეთს ნეიტრალიტეტი უნდა გამოეჩინა I მსოფლიო ომის მიმდინარეობისას. მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო ფინეთის არმიაზე და ფინეთის საგარეო პოლიტიკაზე გერმანელების კონტროლი, წსრმოუდგენლად ეჩვენებოდა გერმანული გენერალური შტაბი ფინეთში, რაზეც მოგვიანებით მემუარებში წერდა: „ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მას შემდეგ რაც არაფრისგან შექმნილი პრაქტიკულად გაუწრთვნელი, ცუდად შეიარაღებული, ცუდად აღჭურვილი არმია გამარჯვებამდე მივიყვანე ფინელი ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთების მეშვეობით, დავმორჩილდებოდი იმ ბრძანებებს, რასაც გერმანული სამხედრო კომიტეტი მიიჩნევდა სავალდებულოდ“.

მაისის ბოლოს მანერჰაიმმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო დაეტოვებინა თანამდებობა და ვინაიდანაც საკუთარ თავს არსებულ მოცემულობაში ვერ ხედავდა, დაეტოვებინა ფინეთიც. რამდენად სასურველი აღმოჩნდა მისი ეს გადაწყვეტილება მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის და რამდენად მართალი იყო თვითონ, რომ ამ ვითარებაში საკუთარ თავს ვერ ხედავდა, კარგად ჩანს მისი მემუარების იმ სტროფებიდან, რომელიც გადადგომის ატმოსფეროს აღწერს: „სულ რაღაც ორი კვირის წინ სენატის პრეზიდენტი გულმხურვალედ მესალმებოდა იგივე დარბაზში, მადლობა მიხდიდა რა იმისთვის რაც ქვეყნის განთავისუფლებისთვის გავაკეთე. 1918 წლის 30 მაისს კი მთავრობის არცერთ წევრს არცერთი სიტყვა არ აღმოაჩნდა ჩემთვის სათქმელი და არც არავინ წამომდგარა ჩემთვის ხელის ჩამოსართმევად როცა დარბაზს ვტოვებდი“.

მან ისე სწრაფად დატოვა ფინეთი, რომ მის გასაცილებლად დაგეგმილი ოფიციალური სადილის ორგანიზატორებმა არათუ სადილის დაგეგმვა, მისი გაუქმებაც კი ვერ მოასწრეს წესიერად. ბევრს ეგონა რომ 4 თვიანი პერიოდი დასრულდა, „სხვა დრო“ დადგა. მანერჰაიმი კი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ ასე არ თვლიდა მანერჰაიმი, ის ხვდებოდა რომ წინ დიდი ქარტეხილები ელოდა ფინეთს, მისი საზღვარგარეთ წასვლაც ერთგვარად სწორედ ამ ქარტეხილებისთვის მომზადებას ემსახურებოდა. როგორც დრო დაგვანახებს მისი გადაგომა და საზღვარგარეთ თვითემიგრაციაში წასვლა უფრო სასარგებლო აღმოჩნდებოდა მისთვის და შესაბამისად ფინეთისთვის, რომ არა მაშინ ეს გადაწყვეტილება ის შეიძლება არ აღმოჩენილიყო არმიის თუ სახელმწიფოს სათავეში სწორედ იმ დროს, როცა ფინეთს ყველაზე მეტად დასჭირდება მანერჰაიმის ნებისყოფა და სიმტკიცე. შეიძლება სხვას ვერც ვერავის გაეტარებინა ფინეთი იმ რიფებს შორის, რომლის გავლაც ელოდა ქვეყანას შემდგომი ათწლეულების განმავლობაში.

Author: Bacho Akhalaia

Mr. Akhalaia was serving as Minister of Defense of Georgia since the end 2008 after Russia – Georgia war and later as Minister of Interior of Georgia under President Mikheil Saakashvili. Under his leadership a number of significant reforms were implemented in defense field, namely establishment of Military Academy, School of Cadets, introduction of Western type military training and educational courses, launching production of military hardware and light weaponry. Since 2012 parliamentary elections, first ever peaceful transition of power occurred and President Saakashvili’s party moved to opposition. Unfortunately, new government under Oligarch Ivanishvili ( Russian style oligarch strongman, who accrued his capital in Russia of 90th) initiated large scale political retribution campaign against former governmental officials – President Saakashvili and former Chief of General Staff of Georgian Army had to leave country due to unsubstantiated criminal cases, former Prime Minister and Interior Minister, a number of other officials along with Mr. Akhalaia are arrested. Facts of political prosecution and examples of selective justice are verified by number of international institutions, namely NATO Parliamentary Assembly, European Parliament, Council of Europe Parliamentary Assembly, OSCE Parliamentary Assembly, The OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR) Trial Monitoring Report 2014, statements by US State Department and high officials of EU and different European countries.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: