დაზვერვა – სახელმწიფოს ღირსების საქმე

“და შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ”

ეს ბიბლიური პასაჟი იოანეს სახარებიდან ამშვენებს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სადაზვერვო სამსახურის შესასვლელს და რა თქმა უნდა სრულიად ლოგიკურად. ერთის მხრივ, სადაზვერვო საქმიანობა ადამიანთა ორგანიზებული გაერთიანების უძველესი საქმიანობაა, მეორეს მხრივ, დღემდე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მექანიზმი პოლიტიკური, სტრატეგიული, უსაფრთხოებითი და ეროვნული ამოცანების მისაღწევად.

ერთ-ერთ უძველეს ისტორიას დაზვერვასთან დაკავშირებით სწორედ რომ ბიბლიაში ვაწყდებით. ეს ძალიან საინტერესო მონაკვეთი წინ უსწრებს მოსეს და ისრაელელთა 40-წლიან მოგზაურობას უდაბნოში და პრინციპშიც წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების არამარტო წინმსწრებს, არამედ მის მაფორმირებელ ელემენტს, ისე გამოდის რომ უფლის მიერ გაცემული დავალება პირდაპირ სადაზვერვო საქმიანობად გვესახება.

“ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

გაგზავნე კაცები, რომ დაზვერონ ქანანის ქვეყანა…

(რიცხვნი თ.13 (2))

მას შემდეგ კი, რაც მოსე მიიღებს დავალებას უფლისგან, ის უკვე უფრო დეტალურად უხსნის დასაზვერად გასაგზავნ საკუთარ ხალხს სადაზვერვო ამოცანას.

“გააგზავნა ისინი მოსემ ქანანის ქვეყნის დასაზვერად და უთხრა მათ: … მიმოიხილავთ ქვეყანას, როგორია და რა ხალხი ცხოვრობს იქ, ძლიერი თუ სუსტი, ცოტანი თუ ბევრნი. როგორი ქვეყანაა, სადაც ისინი ცხოვრობენ, კარგი თუ ცუდი; როგორი ქალაქებია, სადაც ისინი სახლობენ, ბანაკებია თუ ციხესიმაგრეები. როგორი მიწაა, ნოყიერი თუ მწირი, იზრდება თუ არა იქ ხე; იმარჯვეთ და წამოიღეთ მიწის ნაყოფი”.  რიცხვნი (თავი 13).

ამ ციტატებიდან ჩანს სრულყოფილი სადაზვერვო ამოცანის შინაარსი და გარდა უბრალო დაზვერვისა, დავალებაში არის ფრაზა “იმარჯვეთ და წამოიღეთ მიწის ნაყოფი”, როგორც ჩანს აქ უკვე სადაზვერვო საქმიანობის ფარული კომპონენტი იკვეთება. სხვა მხრივ, სადაზვერვო ამოცანა სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვებაზეა ორიენტირებული, როგორც ხალხის, ინფრასტრუქტურის, თავდაცვის სისტემისა და ეკონომიკური შესაძლებლობების შესწავლის გზით.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის დაზვერვას იყენებდნენ ძველ ეგვიპტეში. XII დინასტიის დროს, როგორც ჩანს არსებობდა სისტემატიზირებული სადაზვერვო დანაყოფები, რომლებიც ტერიტორიების მუდმივი მონიტორინგის გზით ზვერავდნენ ეგვიპტის საზღვრის მომიჯნავე ტერიტორიებს, ნუბიელების მოულოდნელი შემოჭრის თავიდან ასაცილებლად. სწორედ ერთ-ერთ ასეთ დანაყოფს ეკუთვნის 4000 წლის პაპირუსის დოკუმენტი, სადაც აღწერილია დაზვერვის შედეგები შემდეგი სიტყებით “ჩვენ წავაწყდით 32 ადამიანის ნაკვალევს და 3 მაიმუნისას”.

 

Alexander_the_Great_mosaic
ალექსანდრე მაკედონელის მოზაიკა –  ძვ.წთ 100 წ.

ყველასთვის კარგად ცნობილი შეხვედრა ალექსანდრე მაკედონელსა და უცხოელ ელჩებს შორის, რომელთა ქვეყნებს მოგვიანებით დაიპყრობს, რომელსაც ჯერ კიდევ ალექსანდრეს გამეფებამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდა ადგილი, წარმოადგენს ნამდვილ დაზვერვით საქმიანობას მაკედონელის მხრიდან. იგი ინტერესდებოდა მოსახლეობის ოდენობით, მიწის ნაყოფიერებით, გზებისა და მდინარეების მიმართულებებით, ქალაქების მდგომარეობით, პორტებისა და ციხესიმაგრეების განლაგებით და არც მეტი, არც ნაკლები პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პერსონების იდენტობით.

ასეთივე სტრატეგიული დაზვერვა ედო საფუძვლად იულიუს კეისრის მიერ გალების დაპყრობას. მან საკუთარ კამპანიაში ძირითად ორიენტირებად გამოიყენა გალების ეთნიკური მახასიათებლები, მათი ეკონომიკური და სოციალური უნარები, პრაქტიკულად კეისარი “გალების ექსპერტი” იყო, გარდა სტრატეგიული დაზვერვისა, ის ასევე აწარმოებდა სამხედრო ტაქტიკურ დაზვერვასაც. ისევე როგორც ალექსანდრე მუდმივად იყენებდა სპეციალურად გამოყოფილ მცირე დანაყოფებს, რომლებსაც გადაადგილების დროს წინ აგზავნიდა ვითარების წინასწარ შესასწავლად.

სხვათა შორის, ამ სახის სამხედრო სადაზვერვო და არა საოკუპაციო ძალებს წარმოადგენდა ჯებეს და სუბუდაის მეთაურობით  1220-21 წლებში საქართველოში შემოჭრილი მონღოლური ლაშქარი, რომლებმაც ჩინგის-ყაენისგან სწორედ იმის ნებართვა აიღეს, რომ ხვარამზის სულთნის დევნის დასრულების შემდეგ კასპიის ზღვის ტერიტორია დაეზვერათ. შედეგად მონღოლთა სადაზვერვო რაზმებმა ქართული ლაშქარი რამდენჯერმე დაამარცხეს და როგორც ისტორიოგრაფიაში ითვლება, მონღოლთა ურდომ, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო აზიას გაცდენილი პირველი ევროპული ქვეყანა გააცნო საქართველოს სახით.

თუმცა, რომ არ ავცდეთ თემას, ჯობია დავუბრუნდეთ დაზერვის უფრო ადრეული მექანიზმების აღწერას. ისევ რომზე რომ ვთქვათ რამდენიმე სიტყვა, რომაული სამხედრო სადაზვერვო სისტემა საკმაოდ ორგანიზებული იყო. კეისრის პერიოდისთვის სადაზვერვო დანაყოფების და ფუნქციების ნაირსახეობა არსებობდა: procursatores –  ეს იყო სამხედრო დანაყოფი, რომელიც აწარმოებდა დაზვერვას უშუალოდ არმიის მარშრუტზე; exproratores – შორ მანძილებზე გამოსაყენებელი მზვერავები; speculatores –  დაკავებულნი იყვნენ უშუალოდ მტრის ტერიტორიაზე ჯაშუშობით, იგზავნებოდნენ ღრმად მტრის ტერიტორიაზე.

განსაკუთრებულ საინფორმაციო წყაროებს ხედავდნენ რომაელები მოწინააღმდეგეთა მოღალატეებში. საინტერესოდ აღწერს ძველ რომაულ სისტემაზე დაშენებულ ბიზანტიურ დაზვერვის სისტემას პროკოპი კესარიელი:

“და ჯაშუშთა საქმე არის შემდეგი; უძველესი დროიდან ბევრი ადამიანი ემსახურებოდა სახელმწიფოს, ადამიანები რომლებიც მოდიოდნენ მტრის ქვეყანაში, შედიოდნენ სპარსთა სასახლეებში როგორც ვაჭრები ან როგორც სხვა მოხელენი, შემდეგ იძიებდნენ ყველაფერს იქაურს, მოგვიანებით ბრუნდებოდნენ რომაელთა მიწაზე, სადაც მტრის საიდუმლოებებს ახსენებდნენ უკვე მაგისტრატს, ამ ინფორმაციებით აღჭურვის შემდეგ ყველა იყო დაცული და არანაირი მოულოდნელობა არავის შეემთხვეოდა”.

ამ სადაზვერვო სისტემის მოშლას პროკოპი კესარიელი აბრალებს იუსტინიანეს ხელმომჭირნეობას, შედეგად სხვა უამრავ უბედურებასთან ერთად ლაზიკას დაკარგვასაც ასახელებს, ეს კი მისი აზრით მოხდა იმიტომ, რომ  “რომაელებმა ვერაფრით შეძლეს დედამიწის ზურგზე სპარსეთის მეფის და მისი არმიის აღმოჩენა”.

სუნ ძიც კი თავის ტრაქტატში “ომის ხელოვნება” მთელ თავს უთმობს დაზვერვას და ჯაშუშთა სარგებლიანობას. მისი თქმით “მტრის ნამდვილი მდგომარეობის შესახებ სანდო ცნობებს სულები და აჩრდილები ვერ მოგვაწვდიან, მათ ბუნებრივ მოვლენებში ვერ ამოიკითხავ, ზეცის ნებაში ვერ ამოიცნობ. მათი მოპოვება მხოლოდ სხვა ადამიანებისგან შეგიძლია”.

SONY DSC
სუნ-ძის ქანდაკება იაპონიაში

სუნ-ძი ჯაშუშთა კლასიფიკაციასაც ახდენს 5 კატეგორიად, მათგან ერთ-ერთზე, ორმაგ ჯაშუშებზე განსაკუთრებულ რეკომენდაციას იძლევა: – “ცნობების მისაღებად აუცილებლად დაგჭირდება ორმაგი ჯაშუში, ამიტომ ორმაგი ჯაშუშის მიმართ განსაკუთრებით ხელგაშლილი უნდა იყო”.

ეს პატარა ისტორიული ექსკურსი უბრალოდ სადაზვერვო საქმიანობის ღრმა ისტორიულ ფესვებზე მეტყველებს, რომელიც მოიპოვება რელიგიურ ტექსტებში, ფილოსოფიურ ტრაქტატებში, ისტორიულ წყაროებში და უბრალოდ ცივილიზაციის ისტორიაში. არის თუ არა ამ უძველესი ეპოქიდან დღემდე შეცვლილი და თუ არის, რა?

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ აღწერილი ეპოქიდან დღემდე დაზვერვის დანიშნულება, საჭიროება და მნიშვნელობა მხოლოდ გაიზარდა, კონცეპტუალურად ცვლილება განიცადა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვების საშუალებებმა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ძირითად ადამიანურ რესურსს დაემატა ბევრი ტექნიკური ინსტრუმენტი, მაგრამ უცვლელი დარჩა მზვერავის დანიშნულება, მისი მომხმარებელი და დაზვერვის წარმმართველი ადამიანის სახით.

ენციკლოპედია ბრიტანიკას ფაქტორი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ერთ დროს საკუთარ თანამშრომლებს ურჩევდა თავი აერიდებინათ ენციკლოპედია ბრიტანიკის გავლენისაგან. ის სავსებით სამართლიანად თვლიდა, რომ მის თანამშრომლებს თავი არ უნდა შეეწუხებინათ ისეთ ინფორმაციაზე მუშაობით, რომლებიც ისედაც თავისუფლად მოიძიებოდა პრესაში თუ აკადემიურ მონოგრაფიებში. მთავარი ამოცანა იყო ისეთი ინფორმაციის მოძიებაზე ფოკუსირება, რომელიც ჩვეულებრივ არ იყო ხელმისაწვდომი და ითვლებოდა “საიდუმლოდ”.

CIA Headquarters
CIA-ს შტაბ-ბინა

სწორედ იმ ინფორმაციის უნიკალურობის და ღირებულების გამო, რომელიც შეიძლება სადაზვერვო საქმიანობით მოპოვებული იქნეს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის, სადაზვერვო საქმიანობა  სახელმწიფოს იმ სახის საქმიანობებს შორის არის “გამოკვეხებული”, რასაც დიპლომატია და ომი ქვია. ამასთანავე, ძლიერი სადაზვერვო სამსახურის გარეშე დიპლომატია შეიძლება ძალიან სუსტი აღმოჩნდეს, ხოლო ომი, დაზვერვის დახმარების გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არ ფლობს ეფექტურ სადაზვერვო სამსახურს ძალიან გავს გაუნათლებელ, თანაც ბრმა ადამიანს დახმარების გარეშე. გაუნათლებელს იმიტომ, რომ მინიმუმ საკვალიფიკაციო ცოდნას არ ფლობს, ბრმას კი იმიტომ, რომ უბრალოდ ვერ ხედავს იმას თუ რა ხდება რეალურ რეჟიმში მის გარშემო და მის თავს.

თავის დროზე “ენციკლოპედია ბრიტანიკის ეფექტი” დღეს ალბათ სრულად აქვს ჩანაცვლებული ინტერნეტის ეფექტს და ილუზიას, რომ “ყველაფერი ისედაც ცნობილია”, თუმცა სინამდვილეში ასეთი გავლენების ქვეშ შეიძლება აღმოჩდნენ მხოლოდ სუსტი, შეუმდგარი სახელმწიფოები, რომლებსაც გამართული სადაზვერვო სისტემა არ გააჩნიათ და პრინციპში ზემოთ ნახსენები აღქმა შეიძლება ძალიან მისაღები და კომფორტული იყოს ასეთი სახელმწიფოსთვის, სწორედ რომ საკუთარი უსუსურობის გასამართლებლად. მეორეს მხრივ კი, ტრადიციული ძლიერი სადაზვერვო სამსახურები უკვე სრულებით თავისუფალნი არიან ასეთი პრიმიტიული მოსაზრებებისაგან, ამ ინსტიტუტებში მათთან დაკავშირებული მიმდინარე დებატები აბსოლუტურად სულ სხვა საკითხებს ეხება, მათ შორის ისეთებს როგორიცაა – დახარჯული თანხების ღირებულების ადეკვატურობა, სადაზვერვო სამსახურების მხრიდან კანონის და მორალის მიჯნაზე მოქმედების ნიუანსები ან ისეთი დისკუსიები, რომელთა ამოცანაა დაინახონ ცალკეული სამსახურების მოძრაობა მოქმედების პრინციპიდან – “დააკვირდი და დაელოდე”, პრინციპისკენ – “შეიპყარი და გაანადგურე” და პირიქით.

ასე რომ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას სადაზვერვო საქმიანობა XXI საუკუნეში ბევრად უფრო დიდ საჭიროებას წარმოადგენს ვიდრე ოდესმე, თუნდაც იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ ყველა ტრადიციული სადაზვერვო სამსახური შეუდარებლად დიდი შესაძლებლობებით არის აღჭურვილი. მათ შორის რათქმა უნდა რუსული სამსახურები; და თუ სახელმწიფოს მინიმუმ მაინც გააჩნია სხვა სახელმწიფოსთან ინტერესთა მიმდინარე კონფლიქტი, რომ არაფერი ვთქვათ საომარ ვითარებაზე და ოკუპაციაზე, მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა, რომ გამოწვევებთან გამკლავებისას ეფექტურად გამოიყენოს სადაზვერვო საქმიანობა.

Continue reading “დაზვერვა – სახელმწიფოს ღირსების საქმე”

%d bloggers like this: