კლაუზევიცი – პრუსიელი სამხედრო, რომელმაც შეცვალა წარმოდგენა ომზე

სტატიაში საუბარია პრუსიელი ოფიცრის და სამხედრო თეორეტიკოსის კლაუზევიცის ფილოსოფიურ ტრაქტატზე „ომის შესახებ“, რომელიც ეფუძნება ათწლეულების განმავლობაში იმ ეპოქაში მიმდინარე მოვლენებზე მის პირად დაკვირვებას. ამ ნაშრომმა შეცვალა წარმოადგენა ომის რაობასა და ბუნებაზე, სამხედრო კონფლიქტის როგორც პოლიტიკური იარაღის გაგებაზე, ომის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაშრომი დაწერილია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, გამოირჩევა სირთულით, რიგ შემთხვევაში ტექსტის ბუნდოვანებით და გარკვეული კონცეპტები მუდმივი მსჯელობის საგანია, იგი დღესაც ითვლება ფუნდამენტურ სახელმძღვანელოდ სამხედრო კონფლიქტების და ომის შესწავლისას და შესაბამისად სტრატეგიული სწავლების კურსის აუცილებელი კომპონენტია.

თუ კლაუზევიცს განსაკუთრებული ნაშრომის შექმნა სურდა, რომელსაც რამდენიმე წელიწადში არ დაივიწყებდნენ და მომავალი თაობებიც გამოიყენებდნენ, ნამდვილად გამოუვიდა.

მისი მთავარი ქმნილება „ომის შესახებ“ უკვე შექმნის მომენტისთვის აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმ დროისათვის ყველა სხვა ავტორის წიგნისაგან – დაწყებული უძველესი ვეგეციუსით, დამთავრებული  მისი უახლოესი წინამორბედების ნამუშევრებისაგან, მათ შორის ფრიდრიხ დიდის და მისი შთაგონების წყაროს, „მისი გონების მამის“ შარნჰორსთის ქმნილებებისგან. უპირველეს ყოვლისა მისი განსხვავებულობა მდგომარეობდა იმაში, რომ წინამორბედი ნაშრომები რეალურად წარმოადგენდნენ მხოლოდ სახელმძღვანელოებს სამხედროებისათვის – წესებს ბრძოლების წარმოების შესახებ. კლაუზევიცის ამოცანა არა ბრძოლების სახელმძღვანელოს შექმნა, არამედ ომის ბუნებაში ჩაწვდომა იყო, მის მრავალფეროვან მორალურ და მატერიალურ მდგენელში გარკვევა ომზე პირუთვნელი, მკაცრი დაკვირვების გზით. მას არასდროს უცდია თვალი დაეხუჭა  მწარე რეალობაზე და შესაბამისად არ გამოეკვეთა იდეის, კონცეფციის კონტურები, თუნდაც ბევრისთვის „ზედმეტად გაბედული“ ან რთულად მისაღები ფორმით. ამიტომაც გამოუვიდა რაც გამოუვიდა.

კლაუზევიცის ნაშრომს „ომის შესახებ“ ძირითადად და ყველაზე ხშირად 2500 წლის წინანდელ ჩინელი სამხედრო მოაზროვნის სუნ-ძის შედევრს თუ ადარებენ, პირველ რიგში კონცეპტუალური შეხედულებრივი მიდგომების განსხვავების გამო, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ ასეთ შეპირისპირებას უფრო ის იდეა ამოძრავებს, რომ კლაუზევიცი მარტოდ მარტო არ აღმოჩნდეს სტრატეგიული აზროვნების პედესტალზე. ამისთვის კი ყველაზე კარგი სწორედ რომ აღმოსავლური და რაც მნიშვნელოვანია 2000 წელზე მეტი ხნით ადრე შექმნილი ნააზრევია. სინამდვილეში სუნ-ძის დღევანდელი აქტუალურობა უფრო კლაუზევიცის დამსახურებაა, ვიდრე ჩინელი სტრატეგოსის.

საბედნიეროდ, დღეს კლაუზევიცის მიმართ ინტერესი ისე მაღალია როგორც არასდროს, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ  ცალსახა დამოკიდებულება არასდროს ყოფილა  და მისი ქმნილებაც პერიოდულად ეძლეოდა დავიწყებას. ასეთ ვითარებას განსაკუთრებით ხელს  უწყობდა ტექსტის სირთულე. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაშრომში „დიდებული აზრები ძალიან ცუდად და რთულად არის დაწერილი“, ძალიან ხშირად რთული ამოსაკითხია თუ რისი თქმა სურს ავტორს, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც რომელიმე მონაკვეთის გააზრების შემდეგ სრულიად სამართლიანად უამრავ მკითხველს უჩნდება მოსაზრება – „ეს შეიძლება ნებისმიერ რამეს ნიშნავდეს“. ამის გამო კლაუზევიცს ხშირად სრულიად სხვადასხვაგვარად კითხულობენ კიდეც. ეს, როგორც ჩანს, ამ ნაშრომის მუდმივი, თანმდევი პრობლემაა. ტექსტის ასეთი სირთულე არა მარტო თემისადმი ფილოსოფიური მიდგომის, კლაუზევიცზე კანტისეული გავლენის ბოლომდე ვერ განვითარების, არამედ ხშირად ძალიან ბანალური პრობლემის – ავტორის მიერ გრამატიკის და წერის უნარის დეფიციტის ბრალია. თვითონ კლაუზევიცი საკუთარი განათლების დონეს „მოკრძალებულად“ და „არასაკმარისად“ აფასებდა. ტექსტი არ ითვლება დასრულებულად, ავტორი მისი წერის და რევიზიის პროცესში გარდაიცვალა. ეს ფაქტი ჩრდილს ვერ აყენებს მის სიღრმისეულ დაკვირვებას ომზე და სტრატეგიაზე,  თუმცა ამ საკითხის კარგად აღსაქმელად არ იქნებოდა ურიგო ორიოდე სიტყვა კლაუზევიცის წარმომავლობაზე:

Carl_von_Clausewitz

ის დაიბადა 1780 წელს პრუსიაში ბურგთან წვრილი სახელმწიფო მოხელის ოჯახში, რომელიც ნამდვილად არც არისტოკრატიულად შეიძლებოდა შეფასებულიყო და ვერც შესაბამის განათლების მიმცემად პატარა კარლ კლაუზევიცისთვის. 11 წლის ასაკში კლაუზევიცი პრუსიის არმიის კადეტი – „იუნკერი“ ხდება. სავარაუდოდ ამ პერიოდიდან იღებს ის იმ სამხედრო ცოდნას, რომელიც იმ ეპოქისთვის მახასიათებელი ტაქტიკური უნარ-ჩვევებისაგან შედგებოდა. უკვე დიდი ხანი იყო რაც არტილერიის დომინირება იყო შემოსული ბრძოლის ველზე. სწორედ არტილერიის საჭიროების გავლენით სამხედრო განათლებაც მათემატიკაზე და გეომეტრიაზე იყო ორიენტირებული. 1793-94 წლებში თინეიჯერ კლაუზევიცს პირველად უწევს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება რაინლანდში, შემდგომ სამხედრო სამსახურის გაგრძელება საგარნიზონო ნაწილში. სწორედ ასეთი ადრეული ასაკში მან ეჭვი შეიტანა ომის წარმოებასთან დაკავშირებით პრუსიული არმიის ხედვების სიწორეში.

ფრანგული რევოლუციური არმიის და პრუსიული კონსერვატიული ომის წარმოების ფორმებით გამოწვეულმა კითხვებმა უკვე მკაფიოდ უჩვენა საკუთარი სამხედრო განათლების მწვავე დეფიციტი. 1801 წლამდე, სანამ შარნჰორსთის აკადემიაში მოხვდებოდა, სავარაუდოდ ის ეუფლებოდა იმ ტაქტიკურ ცოდნას, რაც ნორმად ითვლებოდა იმ პერიოდში, მათ შორის, დიდი ალბათობით, უნდა ყოფილიყო სხვა ტექნიკურ საკითხებთან ერთად ორთოგრაფია და გრამატიკა, რომლითაც სამწუხაროდ კლაუზევიცი ვერ დაიკვეხნიდა. შარნჰორსთის აკადემიაში კლაუზევიცი უკვე უფრო საფუძვლიანად ახერხებს ხელმისაწვდომი სავალდებულო დისციპლინების შესწავლას, რომელთა შორისაა მათემატიკა, გეომეტრია, უკვე გეოგრაფია – „რუკის კითხვა“, სამხედრო ისტორია და რაც მთავარია შარნჰორსთისეული მიდგომა  ესწავლებინა საკუთარი კურსანტებისთვის „ომი ისე როგორც ის არის სინამდვილეში“ განმანათლებლობის ეპოქისთვის დამახასიათებელი მოდური ტენდენციის ნაცვლად, ანუ ნაცვლად იმისა, რომ ესწავლებინა „როგორი უნდა იყოს ომი“.

კლაუზევიცის აზროვნებაზე თანაბარ გავლენას ახდენდა აკადემიაში ომების, კამპანიების და ბრძოლების ისტორიის შესწავლა და რეალურ ცხოვრებაზე დაკვირვება. ერთის მხრივ, რევოლუციური საფრანგეთის ომის, სახელმწიფო და პოლიტიკური თვისობრივად ახალი სტილით და მეორეს მხრივ, განმანათლებლობის რომანტიზმში გარდამავალი ეპოქა, თავის მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ბიძგს აძლევდა კლაუზევიცის ხედვებს ომის წესების, კანონების სისტემატიზაციის და პრინციპების მკაცრად განსაზღვრის შეუძლებლობის თაობაზე.

სავარაუდოდ აკადემიის წლებში მიმდინარე საგნების გარდა უნდა გაცნობოდა ფიზიკასაც, ნიუტონის და ეილერის ნააზრევი. მოგვიანებით იგი ორივე ავტორის მიდგომებს და ხედვებს იყენებს  საკუთარ ნაშრომში, განსხვავებით იმ ეპოქის პოლიტიკური იდეოლოგებისგან, რომელთა თითქმის არანაირ გამოყენებას არ აქვს ადგილი მის ძირითად ნაშრომში, მიუხედავად იმისა, რომ ის იცნობდა  პოლიტიკური იდეებსა და კონცეპტებს.

აკადემიის შემდეგ კლაუზევიცი ხდება პრუსიის პრინც ავგუსტუსის თანაშემწე და 1804 წლიდან პრუსიის გენერალური შტაბის წევრი.

მის კრიტიკულ აზროვნებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა 1806 წლის პრუსიის გამანადგურებელი მარცხი საფრანგეთთან. ბრძოლისას კლაუზევიცი თან ახლდა პრინცს, რომელმაც გამოუვალი ვითარების, აშკარა მარცხის მიუხედავად დანებებაზე უარი განაცხადა და შედეგად კლაუზევიცთან ერთად ფრანგების ტყვეობაში აღმოჩნდა.

ტყვეობიდან ერთი წლის შემდეგ დაბრუნებული კლაუზევიცი შარნჰორსთთან და გნეიზენაუსთან ერთად იწყებს პრუსიის არმიის აღდგენაზე და რეორგანიზაციაზე მუშაობას, პარალელურად ხდება ტახტის მემკვიდრის ფრიდრიხ უილიამის პირადი სამხედრო მასწავლებელი.

Continue reading “კლაუზევიცი – პრუსიელი სამხედრო, რომელმაც შეცვალა წარმოდგენა ომზე”

%d bloggers like this: