იტალიის ინფრასტრუქტურის მინისტრის ეს სიტყვები აღიარებაა იმ ფაქტის, რომ ხელისუფლების, პოლიტიკური წრეების და ორგანიზებული დანაშაულის თანაცხოვრება ჩვეულებრივი ყოფითი მოვლენა და მათი „წარმატებული“ საქმიანობის ერთ-ერთი წინაპირობაა. ნიშანდობლივია ეს სიტყვები იმ სამინისტროს ხელმძღვანელისგან, რომლის თანხების კორუფციული განკარგვა წარმოადგენდა კრიმინალის მთავარ შემოსავლის წყაროს. ამ ჯგუფების სიმბიოზი ურთიერთსარგებლიანობას ეფუძნება – ერთის მხრივ, ორგანიზებული დანაშაულისათვის ხელმისაწვდომი ხდება საბიუჯეტო სახსრები, ხოლო მეორეს მხრივ, პოლიტიკური ჯგუფები სარგებლობენ საარჩევნო მხარდაჭერით.

კამორა ნეაპოლის რეგიონალური დანაშაულებრივი უძველესი ქსელია. მასზე პოლიციური ჩანაწერი მაფიამდე წლებით ადრე – 1820 წელს გაჩნდა. მაფიისგან განსხვავებით, რომლის თავდაპირველი ძირითადი საშემოსავლო და საორგანიზაციო საყრდენი აგრარული სექტორი იყო, კამორასთვის საუკუნეების განმავლობაში მთავარი საყრდენი, მოქმედების არეალი და შემოსავლის წყარო სასჯელაღსრულების სისტემები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ურბანულ დასახლებებში აქტიურად ვითარდებოდა, კამორა ყოველთვის იმართებოდა ციხიდან.
კამორა განსაკუთრებით საყურადღებო ფენომენია საქართველოსთვის, რადგან ძალიან გავს ქართულ ორგანიზებულ დანაშაულებრივ სისტემას, თანაც სხვადასხვა ასპექტში.
ციხე – ორგანიზებული დანაშაულის შტაბ ბინა და მართვის ცენტრი
კამორამ პირველმა გააფორმა ციხის ადმინისტრაციებთან სისტემატიზირებული შეთანხმება. ამ შეთანხმების თანახმად კამორა უზრუნველყოფდა ციხეში სიმშვიდეს, მოუხსნიდა რა ადმინისტრაციას და შესაბამისად სახელმწიფოს დამატებით საზრუნავს და წუხილებს. სანაცვლოდ კამორა იღებდა უფლებას – უკიდურესი ზეწოლა მოეხდინა დანარჩენ პატიმრებზე და, მეორეს მხრივ, ესარგებლა კომფორტული, პრივილეგირებული პირობებით საპატიმრო დაწესებულებებში.

ამ ვითარების ერთ-ერთ უძველეს წყაროს წარმოადგენს მეცხრამეტე საუკუნეში ნეაპოლში მცხოვრები შვეიცარიელი მკვლევარის დაკვირვება. მარკ მონიერის “Le Camorra” დეტალურად აღწერს კომორისტებისა და ჩვეულებრივი პატიმრების ურთიერთობას ციხის შიგნით. მისი კვლევის მიხედვით, კამორისტების ნებართვის გარეშე პატიმრებს არ ჰქონდათ ჭამის, სმის, სიგარეტის მოწევის ან თამაშის უფლება, პატიმარს კომორისტისთვის უნდა მიეცა 10% ყველაფრისგან რასაც ოჯახი უგზავნიდა. უნდა გადაეხადა ციხეში ვაჭრობისთვის, ასევე სხვა ნებისმიერი მნიშვნელოვანი თუ წვრილმანი საქმინობის ნებართვისთვის. პატიმარს ასევე კამორისტებისთვის უნდა გადაეხადა ადვოკატის ყოლის უფლებისთვის. ნებისმიერი იხდიდა, თვით უქონელიც, სრულიად ღატაკსაც ეკისრებოდა კამორისტისთვის გადახდის ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერს ცემაში სიკვდილი ემუქრებოდა.
ეს სურათი ძალიან გავს იმას, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირის ეპოქაში, განსაკუთრებულად კი თითქმის ზედმიწევნით აღწერაა უკვე პოსტსაბჭოთა პერიოდის დროს ქურდული სამყაროს მიერ ციხეების მართვის სტილისა. მიუხედავად ეპოქალური სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებებისა, იტალიურ კამორას ეს ნიშა არ დაუკარგავს, რათქმა უნდა ფორმებმა განიცადეს დროის მიერ მოტანილი ტექნიკური ცვლილებები, მაგრამ კამორა დღემდე რჩება იტალიაში, განსაკუთრებით ნეაპოლური ციხეების სრულ ბატონ-პატრონად.
1991 წელს ნეაპოლის პოლიციის უფროსმა რეგიონში დრამატულად გაზრდილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა პრაქტიკულად საჯაროდ მოიხსნა, განაცხადა რა რომ „ყველაფერი რაც ხდება გარეთ იგეგმება შიგნით [ციხეში]“.
კამორა მინიმუმ სამჯერ მაინც გამოცხადდა ოფიციალურად დამარცხებულად, სამივეჯერ XX საუკუნეში და სამივეჯერ დიდი შეცდომა აღმოჩნდა. XX საუკუნის შუა ხანებში, ერთგვარი დასუსტების ფონზე რაფაელე კუტოლომ, რომელიც წლების განმავლობაში არ გამოსულა მკაცრი რეჟიმის ციხიდან, ასევე ციხიდან გამოუსვლელად შექმნა კამორას ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ახალი ტალღა “Nuova Camorra Organizzata“ (NCO) – ახალი კამორას ორგანიზაცია, ციხიდან გამართა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, სასტიკი და შემოსავლიანი ქსელი მთელი კამორას ისტორიაში.

კამორას გენეტიკური კოდი უცვლელია, მისი სიცოცხლის წყარო ციხეებიდან მოდის, ციხეებში კონტროლის მეშვეობით ინარჩუნებს ორგანიზებულ სახეს. სანამ მისი საჭიროება ციხეში არ გაქრება, არსებული სისტემა მხოლოდ გაძლიერდება. ამიტომაც კამორისტი მით უფრო დაფასებულია, თუ საპყრობილეში იხდიდა სასჯელს. ნებისმიერი კამორისტი გმირია თუ კამორას მტერი ფიზიკურად ან მორალურად ჰყავს განადგურებული. კამორა დღემდე აგროვებს ე.წ. „საერთოს“, რომელიც იხარჯება ციხეებში მყოფი კამორისტების და მათი ოჯახების შესანახად და რათქმა უნდა ადმინისტრაციის მოსასყიდად.
კამორისტები და კანონიერი ქურდები – ერთი მედლის ორი მხარე
სიტყვა კამორისტი შინაარსობრივად „კანონიერ ქურდს“ აღნიშნავს. თვითონ კი იტალიური სისტემის მიმდევრებს საკუთარი თავი „ღირსეულ კაცად“ მიაჩნდათ, დაახლოებით ისე, როგორც ჩვენთან „კაი ბიჭების“ შემთხვევაშია.
ამასთანავე ყველაფერი რაც განასხვავებს კამორას მაფიისგან ძალიან ამსგავსებს ქართულ ქურდულ სამყაროს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით თვალში საცემია მართვის და კონტროლის ჰორიზონტალური სტილი. მაფიის მსგავსი ოჯახურ-კლანური ვერტიკალური მართვა სრულიად უცხოა კამორასთვის. მისი მმართველობითი ფორმირება და ფუნქციონირება ისე არის გაშლილი და მიმობნეული, როგორც ქურდული სამყაროსი. ამ მხრივ ნამდვილად უფრო „დემოკრატიულია“. შედეგად კი, მაფიისგან განსხვავებით, რომლის ძირითადი ლიდერების იდენტიფიცირება და მასზე ორიენტირება ყოველთვის შეუძლია სახელმწიფოს, კამორას შემთხვევაში, ისევე როგორც ქურდული სამყაროს შემთხვევაში ეს შეუძლებელია. აქ გველეშაპს უამრავი თავი აქვს და ერთის წაცლა მეორის ამოსვლას იწვევს. კამორას და ქურდულ სამყაროს უბრალოდ არ გააჩნია ლიდერთა წრე, რომელთა იდენტიფიცირებით და შემდეგ სამართლებრივი რეაგირებით გარკვეული დროით მაინც იქნეს შესაძლებელი მისი თუნდაც დროებითი პარალიზება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როგორც კამორას, ასვე ქურდულ სამყაროს გააჩნია გადაწყვეტილების მიმღები ლიდერთა უწყვეტი ქსელი, რომლის თანახმადაც სრულიად ახალ-ახალ ადამიანებს ადვილად შეუძლიათ ახალი დანაშაულებრივი სისტემურ-ქსელური დავალებების გაცემა. ორგანიზაცია ამ თვალსაზრისით სრულიად უწყვეტად ფუნქციონირებს.

კამორას და ქურდული სამყაროს საერთო დამახასიათებელი ნიშანია ისიც, რომ ორივენი ბევრად უფრო სახალხო, მასიური დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, ელიტარული მაფიისგან განსხვავებით. ისინი უფრო დიდი დოზით სარგებლობენ ქუჩის მხარდაჭერით, რომანტიკულ-იდეალისტური თვალსაზრისით მათი მხარდამჭერები უფრო ახალგაზრდები არიან. ისინი მაფიისგან განსხვავებით საკუთარ რიგებს მასიურად ავსებენ საზოგადოების შედარებით დაბალი ინტელექტუალური და ღარიბი ფენებიდან.
კამორას და ქურდულ სამყაროს მაფიისგან განსხვავებით დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ საერთაშორისო ცნობადობა. თუ კამორას შემთხვევაში რობერტო სავიანომ ის მსოფლიოს გააცნო, მსოფლიოში მის მიმოფანტულ წევრებს საერთაშორისო გავლენები მაინც არ გააჩნიათ ზუსტად ისე როგორც ქურდულ სამყაროს. კი არის მიმობნეული ევროპის მასშტაბით, მაგრამ საკუთარი ძალადობრივ მექანიზმებს მაინც ძირითადად ეთნიკურად ქართული ჯგუფების, ან პოსტ საბჭოთა სივრციდან წამოსული დიასპორების ფარგლებში იყენებს.
კამორამ ზუსტად ისეთი ქუჩური ბანდიტიზმის გზა გამოიარა, რაც ჩვენ გვახსოვს 1990-2000 წლების მიჯნაზე, ქართული ბანდიტური პერიოდიდან მისთვის დღემდე დამახასიათებელია ჩვეულებრივი რეკეტი, ყაჩაღობა, კონტრაბანდა, მაგრამ წარსულისგან განსხვავებით ამას აღარ აკეთებს დემონსტრაციულად, ყოველ შემთხვევაში ცდილობს ყველგან და ყოველთვის ნაკლებად იხმაუროს.

მან დროთა განმავლობაში შეცვალა ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი მეთოდები, ქუჩიდან ნელ-ნელა ბიზნეს კაბინეტებში გადაბარგდა, ასევე შეცვალა სახელმწიფოს სახელით მათთან დაპირისპირებულ ვიწრო ჯგუფებთან ურთიერთობის მეთოდი. ვიწრო ჯგუფებს იმიტომ ვამბობ, რომ რეალურად სახელმწიფოს და ორგანიზებულ დანაშაულს შორის წარმოქმნილი ყოველი დაპირისპირებისას ერთ მხარეს სახელმწიფოს სახელით არის ენთუზიასტ ადამიანთა მცირე ჯგუფი, მეორე მხარეს ორგანიზებული დანაშაულებრივი სამყარო სრულად და მასთან ერთად იმავე სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგალითად როგორც ეს იყო ფალკონეს შემთხვევაში.