დენთის ეპოქის უეცარი ქარიშხალი

d91639c1b4be

„ფრანგების შემოსევა უეცარ ქარიშხალს ჰგავდა, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა“ – ეს სიტყვები ეკუთვნის ფრანჩესკო გვიჩარდინის, მაკიაველის მეგობარს, იტალიელ დიპლომატს და ისტორიკოსს, რომელსაც მოუწია ცხოვრებამ დენთის ეპოქის გარიჟრაჟზე, სწორედ მაშინ როცა ფრანგების შეჭრით იტალიაში პრაქტიკულად დაიწყო დენთის რევოლუცია, რაც თავის მხრივ აღმოჩნდა ომის თამანედროვე ფორმებზე გადასვლის გრძელვადიანი, მრავალსაუკუნოვანი პროცესის საწყისი ეტაპი. ომის წარმოების თანამედროვე ფორმები იმ დიდი ტრანსფორმაციის შედეგია, რომელიც სათავეს რენესანსის ეპოქიდან იღებს.

ომის ტრანსფორმაციის ეს 500 წლიანი პროცესი კი თავის მხრივ შედგება რამდენიმე სამხედრო რევოლუციისგან, რომელთა მნიშვნელობის თაობაზე მეცნიერები და ისტორიკოსები ცალსახად თანხმდებიან, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს განსხვავებული შეხედულებები სხვადასხვა რევოლუციის, ამ შემთხვევაში კი დენთის რევოლუციის როგორც დაწყებისა და დამთავრების, ასევე მისი მიმდინარეობის გეოგრაფიული არეალის თაობაზე.

უშუალოდ კონცეფცია ევროპაში მომხდარი დენთის რევოლუციის თაობაზე პირველად მაიკლ რობერტსმა წამოაყენა 1955 წელს შვედეთის მეფე გუსტავ ადოლფთან დაკავშირებულ სტატიაში. ამ კონცეფციის თანახმად XVI-XVII საუკუნეებში მიმდინარე ურთიერთდაკავშირებულმა პროცესებმა გარდაქმნა როგორც ომის წარმოების ფორმები, ასევე ომის მწარმოებელი სუბიექტი – სახელმწიფო. დენთის მიერ გამოწვეულმა შოკმა სამუდამოდ ჩაანაცვლა ბრძოლის ველზე მანამდე დომინანტი ხის თუ ლითონის მექანიკური ძალა, ამ ფონზე კი ფეოდალური კავალერიის ტაქტიკის ჩანაცვლებამ ქვეითი ჯარის ტაქტიკით გამოიწვია ერთი მხრივ არმიების მასობრივი ზრდა, მეორე მხრივ კი ამ არმიებისთვის საჭირო სახელმწიფოს ადმინისტრაციული და ფინანსური სტრუქტურების გარდაქმნა. რობერტსის თანახმად ზემოთ აღწერილმა პროცესმა კულმინაცია 1560-1660 წლებში შვედურ არმიასა და სახელმწიფოში განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ რობერტსი ითვლება დენთის რევოლუციის კონცეფციის ფუძემდებლად და მისი შეხედულება ფართოდაც არის გაზიარებული, არსებობს საკმაოდ ცნობილი განსხვავებული არგუმენტებიც, მაგალითად ისეთი, რომლის ავტორიც არის ჯოფრი პარკერი, რომლის მტკიცებითაც ჯერ კიდევ რობერტსის მიერ ნახსენებ ეპოქამდე, კერძოდ კი 1560-იან წლებამდე კარგა ხნით ადრე იყო დაწყებული აღნიშნული რევოლუცია და მისი აზრით ეს არა შევედეთში, არამედ ესპანეთში მოხდა. მისი მტკიცებით 1570 წლისთვის ესპანეთს უკვე ჰყავდა მასიური მუდმივი არმია, რომელსაც გააჩნდა დაფინანსების, წვრთნის, ლოჯისტიკის და მართვის ადეკვატური სტრუქტურა. უფრო მეტიც, ამ ორი განსხვავებული შეხედულების გარდა არსებობს პირობითად მესამე შეხედულებაც, რომლის სამაგალითო წარმომადგენლად ჯერემი ბლექი შეიძლება დასახელდეს. ეს უკანასკნელი საერთოდაც მიიჩნევს რომ აღნიშნულ რევოლუციას ადგილი ჰქონდა რობერტსის მიერ აღწერილი ეპოქიდან ერთი საუკუნის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღწერილი განსხვავებები ნამდვილად საინტერესოა, მათ შორის შეუთანხმებლობა სრულებითაც არ არის გაუგებარი, თითოეული მათგანი სწორედ იმ ეპოქაზე სპეციალიზირდება, რომელშიც დაინახა დენთის რევოლუციის მთავარი მახასიათებლები, რობერტსი – ჩრდილოეთ ევროპაზე გუსტავ ადოლფის ეპოქაში, პარკერი – მეთექვსმეტე საუკუნის ესპანეთზე, ბლექი კი XVII-XVIII საუკუნის ევროპაზე. სწორედ ამ თვალსაზრისს ითვალისწინებს მკვლევართა უმრავლესობა. თუმცა სრულებითაც არ არის რთული შეთანხმება იმ ფაქტზე, თუ როდის ჰქონდა ადგილი დენთის ეპოქის პირველ, ტექნოლოგიური თვალსაზრისით ინოვაციურ ომს – ასეთი ომის პირველი მერცხალი იყო 1494 წელს იტალიაში შეჭრილი საფრანგეთის მეფე შარლ VIII. ამ ელვისებურმა ომმა, რომელსაც მაშინ თანამედროვეებმა „უეცარი ქარიშხალი“ უწოდეს მართლაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა და საფუძველი ჩაუყარა პოლიტიკური, სოციალური თუ სამხედრო წესრიგის ფუნდამენტური ცვლილებების შეუქცევად პროცესს. ცალსახად შეიძლება ითქვას რომ 1494 წელი არის ომის ისტორიაში ნიშნული, რომელიც აღნიშნავს შუასაუკუნებრივი ომის ეპოქის დასასრულს და თანამედროვე ომის წარმოების ეპოქის დასაწყისს. ასეთი მიდგომა შესანიშნავად ერწყმის ფრანსის ბეკონის საყოველთაოდ ცნობილ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც თანამედროვეობა სიახლეთა ტრიომ – დენთმა, საოკეანო ნავიგაციამ და საბეჭდმა დაზგამ მოიტანა.

800px-Attributed_to_Jacob_Hoefnagel_-_Gustavus_Adolphus,_King_of_Sweden_1611-1632_-_Google_Art_Project
შვედეთის მეფე გუსტავ ადოლფუსი 1594-632

თანამედროვეობა ომში ნამდვილად დენთმა მოიტანა, თუმცა სამხედრო სფეროში რევოლუციები ერთ დღეში ნამდვილად არ ხდება. არც დენთის რევოლუცია მომხდარა დროის მოკლე პერიოდში, შესაბამისად ომის ტრანსფორმაციის უკანასკნელი 500 წლიანი პროცესი შეიძლება დავყოთ შემდეგ რევოლუციურ ეპოქებად:

  1. დენთის რევოლუცია – 1494-1700 წლები;
  2. პირველი სამრეწველო რევოლუცია 1750-1900 წლები (ამავე რევოლუციაში შედის ომის წარმოების დემოკრატიზაცია);
  3. მეორე სამრეწველო რევოლუცია – 1900-1945 წლები. (აქვე იგულისხმება ატომური იარაღი, ვინაიდან „ატომური რევოლუციის“ ცალკე განხილვა ცალკე საფუძველს მოკლებულია, მიუხედავად საკუთარი დამანგრეველი ძალისა ატომურ იარაღს ნამდვილად არ მოუხდენია ომის ფორმების ისეთი ცვლილება, როგორც მაგალითისთვის ეს დენთმა ან შიდა წვის ძრავამ შეძლეს);
  4. ინფორმაციული რევოლუცია – 1970 წლიდან დღემდე (სხვა რევოლუციისგან განსხვავებით, ამ რევოლუციის საბოლოო შედეგი ჯერაც არ არის ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციულ რევოლუციას მკვლევარები უკვე ყოფენ პირველ ინფორმაციულად 1970-2000 წლებში და მეორე ინფორმაციულად, რომელიც დღეს მიმდინარეობს).

Continue reading “დენთის ეპოქის უეცარი ქარიშხალი”

ნების სიმტკიცე – მეომარის მთავარი იარაღი

ნების სიმტკიცეზე რეალურ ცხოვრებაში ბევრი რამ არის დამოკიდებული, განსაკუთრებით პოლიტიკასა და ომში. ხშირად მოგვყავს ხოლმე მაგალითებად სამხედრო-პოლიტიკური ლიდერების ისტორიები, დაწყებული ანტიკური ეპოქიდან XX საუკუნის ჩათვლით. ამ თვალსაზრისით, დღეისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურებად უდაოდ ითვლებიან დე გოლი, ჩერჩილი ან რეიგანი. სინამდვილეში, არსებობენ გაუტეხელობის და ნების სიმტკიცის სხვა ეტალონებიც. პირადად მე თუ ვინმე მკითხავს პერსონალური, სამხედრო და პოლიტიკური ნების სიმტკიცის ერთდროულად გამოვლინების უნიკალურ მაგალითად არიელ შარონი მიმაჩნია.

ის უპირველეს ყოვლისა საინტერესოა იმით, რომ ჩვენი თანამედროვე იყო. მეორეს მხრივ, შარონი პატარა ერის სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე იყო, რომელსაც საკუთარი ნების სიმტკიცის ფორმირება და გამოვლინება უწევდა ჯერ არ შემდგარი, შენებადი ჰიბრიდული დემოკრატიის სახელმწიფოს პირობებში. ასეთი ვითარება თვისობრივად განსხვავდება ნების სიმტკიცისთვის ისეთი ასპარეზისგან, როგორც შეიძლება არსებობდეს ისეთ დიდ და ძლიერ სახელმწიფოებში, როგორიც ამერიკა, ინგლისი, ან საფრანგეთია, თუნდაც უკიდურესად დაძაბულ პოლიტიკურ-სამხედრო პირობებში.

არიელ შარონის პოლიტიკური ცხოვრების შეფასებისას შეიძლება ძალიან ბევრჯერ სიტყვები – „საკამათო“, „სადაო“ წამოტივტივდეს, მაგრამ სწორედ ერთი შეხედვით ამ არაცალსახა „საკამათო“ ისტორიაში მდგომარეობს მისი ნების სიმტკიცის ნამდვილი შინაარსი.

მოთმინებაც არის სიძლიერის კომპონენტი…

ეს ფრაზა უკვე ხანში შესულ პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს ეკუთვნის, რომელიც მან ტერორისტული აქტის შედეგად დაჭრილების მონახულებისას თქვა საავადმყოფოში. 2001 წელს ძალიან ბევრს გაუკვირდა „მოთმინების პოლიტიკის“ დეკლარირება ადამიანისგან, რომელიც მთელი ცხოვრება სრულიად საპირისპირო – მოუთმენლის, მაქსიმალისტის და „სისხლისმღვრელის“ რეპუტაციით სარგებლობდა. სინამდვილეში საქმე იმაში იყო, რომ როგორც ამ პოზიციის განცხადებისა 2001-ში, ასევე მთელი ცხოვრების მანძილზე დაწყებული უბრალო ჯარისკაცობიდან პრემიერ-მინისტრობამდე, შარონის ქცევებს და ხედვებს განსაზღვრავდა მისი თვალით დანახული ისრაელის ინტერესები და უსაფრთხოება, ის უკიდურესობაც კი, რომელიც წლების განმავლობაში მის ქცევებს ახასიათებდა, ისევ და ისევ ისრაელის ინტერესებით  და უსაფრთხოებით იყო გამოწვეული. სწორედ ამ კომპონენტებით ხელმძღვანელობდა როცა როგორც პრემიერ-მინისტრი სამშვიდობო შეთანხმებისკენ „ექაჩებოდა“ ისრაელს და ათეულობით წლების წინ კი, როგორც დაბალი რანგის სამხედრო ისეთ „სისხლისმღვრელ სამხედრო ოპერაციებს“ ატარებდა ებრაელების დასაცავად, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯსაც კი დარტყმის ქვეშ აყენებდა.

Ariel Sharon
იერუსალიმი 2001 წ. იუდეველების წმინდა ადგილას – დასავლეთის კედელთან იურუსალიმის “ძველ ქალაქში”

ნების სიმტკიცე თავისთავად იგრძნობა ფრაზაში, რომ „მოთმინებაც სიძლიერეა“, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როგორ მივიდა ასეთ ხედვამდე შარონი პერსონალურად, რა გზა გაიარა მისმა პოლიტიკის ფორმირებამ.

შარონის პერსონალური ისტორია, მისი მთელი ცხოვრება ისრაელის ახალგაზრდა სახელმწიფოსთან სრულად იყო დაკავშირებული, რამდენიმე წლით თვით ოფიციალურ სახელმწიფოზე უფროსს, შარონის უშუალო მონაწილეობის გარეშე არცერთ მოვლენას არ ჩაუვლია ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ომიდან XXI საუკუნემდე. მისი მონაწილეობა ხშირად ტრიუმფალური შედეგის, ხშირად კი კატასტროფული პოლიტიკური კატაკლიზმების მთავარი განმაპირობებელი იყო. უმრავლეს შემთხვევაში კი ასეთი გადაჯაჭვულობა ქვეყნის ისტორიასთან, მისი განვითარების ეტაპთან პირადად შარონის არჩევანი იყო და არა ისრაელის. მისი ოპონენტები მის ასეთ არჩევანს ძალიან ადვილად არქმევდნენ ამბიციურობას, „ძალაუფლების სურვილს“, „ძალაუფლების წყურვილს“, მაგრამ თუ დეტალურად დავაკვირდებით ცხოვრების ახალგაზრდობიდანვე კარგად ჩანს, რომ ეს ადამიანი ნამდვილად საკუთარ სამსახურს სთავაზობდა საკუთარ სახელმწიფოს და ხალხს. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ხშირად „ძალით სთავაზობდა“ საკუთარ სამსახურს ისრაელს. ვინაიდან ძნელად თუ მოიძებნება არიელ შარონის ანალოგი იმ თვალსაზრისით, რომ საკუთარი ცხოვრების მანძილზე ის ქვეყნის სამსახურიდან არა ერთხელ იყო „გაძევებული“, გარიყული, იგნორირებული და დაგმობილი, ხან სამხედრო ხელმძღვანელობის, ხან პოლიტიკური ისტაბლიშმენტის და ხანაც თვით ხალხის მიერ. მთელი ამ პერიოდის მანძილზე პირადად მას ბევრჯერ ჰქონდა საკუთარი მხრიდან მორალური უფლება საჯარო საქმიანობისგან კარის მიჯახუნების და კიდევ უფრო მეტად გამოუვალი ვითარების გამო ყველაფერზე ხელის ჩაქნევის შესაძლებლობა.

მისი ნების სიმტკიცის მთავარი შტრიხი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უამრავი მიზეზის, ცალსახა მოცემულობების მიუხედავად არ დაანება ისრაელის ინტერესების და უსაფრთხოების სამსახურს თავი, მთელი ცხოვრების მანძილზე არასდროს აღმართა პერსონალური მარცხის, დანებების თეთრი დროშა, მაშინაც კი როცა გარესამყაროს აბსოლუტური უმრავლესობა მას წარსულის ადამიანად მიიჩნევდა. პირიქით, ყველა სირთულის ფონზე შარონი დამარცხებაში ახალ ძალებს პოულობდა, შეცდომებიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილები გამოჰქონდა და შედეგად მხოლოდ წინ მიიწევდა ყველა მიმართულებით.

ეროვნული ინტერესისათვის უპირობო ერთგულება იყო იმის მიზეზი, რამაც შარონი ყველაზე უერთიერთგამომრიცხავი ქცევების პოლიტიკოსად აქცია  ისრაელის ისტორიაში. ადამიანი რომელიც ზოგჯერ ეროვნული გმირი, ზოგჯერაც ერის მიერ შერისხული, დროის სხვადასხვა მონაკვეთში ურთიერთსაპირისპირო პოზიციებს აფიქსირებდა უმნიშვნელოვანეს თემასთან დაკავშირებით. ის იყო პალესტინალური სახელმწიფოს შექმნის მთავარი მოწინააღმდეგეც და მოგვიანებით პროპაგანდისტი, უსაფრთხოების კედლის მომხრე და მოწინააღმდეგე, სპარსეთის ყურის პირველი ომის დროს ისრაელის აქტიური ჩართულობის მომხრე, რიგ შემთხვევაში რამე სახის ჩარევის სასტიკი მოწინააღმდეგე, ოკუპირებული ტერიტორიების დატოვების წინააღმდეგი და მოგვიანებით ამ პოლიტიკის გამტარებელი. მისი ხედვები და პოზიციონირება ყოველთვის პოზიციის რადიკალური ფორმით ფიქსირებაში გამოიხატებოდა, რაც ოპონენტებს მასზე მუდმივი დარტყმების განხორციელების საშუალებას აძლევდა, მაგრამ შარონი პირადი კომფორტის გამო არ ერიდებოდა ზუსტად იმ პოლიტიკის გატარებას, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში ისრაელისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნდა.

140102141741-30-ariel-sharon-horizontal-gallery
1998 წ. შარონი აშშ-ს სახელმწიფო მდივან მადლენ ოლბრაიტთან ერთად

მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში, როდესაც ისედაც დამძიმებული იყო მოკავშირეებთან წარსულში დაძაბული ურთიერთობები, კოსოვოში კოალიციური ძალების შეჭრის საკითხში ამერიკისთვის ისრაელის მხარდაჭერის არ დაფიქსირებაში ლომის წვლილი შეიტანა, შეიძლება ითქვას, რომ ნეთანიაჰუს ორჭოფობის პირობებში ეს სწორედ შარონის საჯარო განცხადებებმა გახადა ცნობილი, რომ კოსოვოში შეჭრას ისრაელი მხარს არ უჭერდა.  შარონს ამ პოზიციისთვის მყარი არგუმენტები ჰქონდა ისევ ისრაელის ინტერესებიდან გამომდინარე, ის თვლიდა რომ კოსოვოს „რეგიონალურ ომში“ გარე ჩარევის პრეცენდენტი შეიძლებოდა მომავალში საშიში აღმოჩენილიყო ისრაელის რომელიმე რეგიონალური ომისთვის. მისი უკომპრომისო პოზიციების რადიკალური გამოხატვის ფორმა იყო მიზეზი, რომ შარონი დროის სხვადასხვა მონაკვეთში, ისრაელის თითქმის ყველა პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერთან კონფლიქტში იყო. ისრაელის პოზიციების უკომპრომისო დაცვის გამო ისრაელის მთავარ მოკავშირესთან ამერიკასთან ურთიერთობებში, პრეზიდენტების კარტერის, რეიგანის და ბუში უფროსის დროს პერიოდულად პერსონა ნონ გრატად იყო ქცეული ამერიკული ადმინისტრაციისთვის. ბევრი ასეთ ვითარებას  მის უტაქტობას აბრალებდა, დიპლომატიური უნარების არ ქონად აფასებდნენ, მაგრამ მოგვიანებით როგორც პრემიერ-მინისტრმა ასეთი უნარების არათუ ფლობა, მათი ბრწყინვალედ გამოყენებაც აჩვენა, როცა სამხედრო პროცესი დაძრა, პროცესი, რომელიც უკვე ამ სახით შედიოდა ისრაელის ინტერესებში. მაგრამ იმ წლებში, როცა დემონსტრაციულ უარს მიიღებს, როგორც მინისტრი პერსონალურ აუდიენციებზე ოლბრაიტისგან, ბეიკერისგან, ჟაკ შირაკისგან და გერჰარდ შროდერისგან, ბუნებრივია ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ფიასკოები შარონის მხრიდან ისრაელის ინტერესების უკომპრომისო დაცვა იყო და როგორც ყოველთვის, საერთაშორისო არენაზეც ამ საქმეს ისე წირავდა პირად რეპუტაციას, როგორც თავის დროზე ბრძოლის ველზე მყოფი სამხედრო საკუთარ სიცოცხლეს. რათქმაუნდა ეს უკვე ამ ადამიანის ხასიათის თვისებაა, მტკიცე ნებისყოფის მაჩვენებელია. ეს მისი მარცხების და გამარჯვებების მთავარი კომპონენტი, ახალგაზრდა შარონის სულში ადრეულ წლებში დამოუკიდებლობისთვის ომიდან მოყოლებული ფორმირდებოდა.

Continue reading “ნების სიმტკიცე – მეომარის მთავარი იარაღი”

%d bloggers like this: